სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენ უკვე მოგვენატრა სიონი. სიონი - ჩვენი დედაეკლესიაა. შეიძლება ითქვას, რომ იგი თბილისის თანატოლია. მოხარული ვართ, რომ დღეს წირვა ამ წმიდა ტაძარში შევასრულეთ.
ახლა მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს დრო ჩვენს ცხოვრებაში.
უფლისათვის არ არსებობს არც წარსული, არც მომავალი - ყველაფერი დღევანდელი დღეა, ყველაფერი აწმყოა. კაცთათვის კი დრო ცვალებადია. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: „ტემპორე მუტანტურ ეტნოს მუტამურ ინ იმის“ - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო.
ბრძენი სოლომონი ამბობს: „ჟამი არს შენებისა და ჟამი არს ნგრევისა“. მაგრამ ნგრევა მხოლოდ მტრის ხელით არ ხდება. ჩვენი წინაპრები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ საქართველოში ისეთი დრო დადგებოდა, როცა თვით ქართველი კაცი დაიწყებდა რბევას, ტაძრების ნგრევას და თავისივე ძმების ხოცვას. დავით აღმაშენებლისთვის, თამარისთვის რომ ეთქვა ვინმეს, ოდესმე ასე მოხდებაო - ვერ დაიჯერებდნენ.
ეს შეიძლება იმიტომაც მოხდა, რომ ბუნებით, ქართველი კაცი ძალიან დამჯერია. ხშირად როცა რამეს გვეუბნებიან, ყველაფერს ბავშვებივით ვიჯერებთ. და მას აღარ ვაანალიზებთ, აღარ ვამოწმებთ, სინამდვილეში რა არის თეთრი და რა - შავი.
არაერთხელ შემიხსენებია თქვენთვის, შესანიშნავი ლექსი ერთ-ერთი იაპონელი პოეტისა: „მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და ვეღარ ვარჩევ, სად არის თოვლი და სად არის ალუბლის ყვავილი“. ეს ადამიანებზეა ნათქვამი, იმაზე, რომ გვიჭირს გარჩევა - სად არის კეთილი და სად - ბოროტი. ამიტომაა, რომ გარეშე მტერი ჩვენივე წიაღში პოულობდა და პოულობს მოღალატეს და ჩვენი ხელით ახორციელებს თავის მზაკვრულ ჩანაფიქრს.
მაგრამ უფალი ყველაფერს ხედავს! უფალი ხედავს გულსა კაცისასა. ბიბლიაში წერია, ერთ წინასწარმეტყველს უფალი ეუბნება: შენ ჯერ ჩასახულიც არ იყავი დედის მუცელში, როცა მე უკვე გიცნობდიო. წარმოიდგინეთ, როგორი საოცრებაა! და ასე უფალი ყველას გვიცნობს. ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა და ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ამიტომაა, რომ დავით წინასწარმეტყველს ძალიან ხშირად აქვს ნახსენები გული, გულის კულტურა: „გული წმიდა დაჰბადა ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“.
დიდი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, ადამიანს აქვს ორი გონება: მცირე და დიდი. მცირე გონება - არის ჩვენი აზროვნება, ხოლო დიდი გონება - ეს არის გული. მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს მხოლოდ ერთით. აუცილებლად ორივე უნდა აკონტროლებდეს ერთმანეთს: გონება - გულსა და გული - გონებას. თუმცა გული მაინც პირველია და უმთავარესი.
ბოლო დროს ფილოსოფიაში გაჩნდა ასეთი ტერმინი: სწრაფი რეაგირების კულტურა. (ალბათ, ყურადღება მიაქციეთ ჩვენს დიქტორებსაც, სწრაფად ლაპარაკობენ, შეიძლება აზრიც ვეღარ გამოიტანოს ადამიანმა; ეს თანამედროვე დასავლური სტილია).
რა შეიძლება ითქვას ამაზე? ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ სწრაფად გააკეთო რეაგირება იმ მოვლენებზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება. მაგრამ ამას აქვს სერიოზული ნაკლიც - აკლია სიღრმე. რადგან ხშირ შემთხვევაში სწრაფი რეაგირება ხდება მოვლენის სიღრმისეული გაანალიზების გარეშე.
საერთოდ, ბოლო წლებში ადამიანმა შეიძინა ბევრი ცოდნა. ხაზს ვუსვამ - ბევრი ცოდნა და არა ღრმა ცოდნა; და მასთან ერთად, შედარებით, ზერელე აზროვნება. იგი ზედაპირულად აფასებს ყველაფერს: მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, ჩვეულებრივ ყოფაშიც; ზრუნავს დღევანდელ დღეზე და მომავალზე თითქოს არ ფიქრობს. მაგალითად, საშუალო სკოლის მოსწავლეს, რომ ჰკითხო რაიმე, ის ჩამოგითვლის მხატვრებსაც, კომპოზიტორებსაც, განსაკუთრებით, თანამედროვე ესტრადის მომღერლებს, - ძალიან გატაცებულია ჩვენი ახალგაზრდობა თანამედროვე მუსიკით. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი პასუხები ზედაპირული იქნება. სიღრმე გვაკლია. ჩვენი წინაპრები სხვანაირები იყვნენ. მათ თუმცა ნაკლები იცოდნენ, მაგრამ ღრმად ჰქონდათ ნაფიქრი და მათი განსჯა სიღრმისეული იყო. და ეს ძალიან ეხმარებოდათ.
მოგვწონს თუ არა დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენ ვერ შევცვლით მას. ეს არის ისეთი დინება, რომელსაც ადამიანი ვეღარ დაუპირისპირდება.
იგი შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა. თითქოს ისე გამოდის, რომ მეცნიერება და ტექნიკა წინ მიდის და მას ადამიანი ვერ ეწევა. უკვე არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სულიერად და ზნეობრივად ადამიანი ჩამორჩა მეცნიერების განვითარებას. სამწუხაროდ, არამარტო ჩამორჩა. (მარტო რომ ჩამორჩენილიყო და იმ ძველ პოზიციებზე დარჩენილიყო, - კიდევ არაუშავდა;) უარესი მოხდა - სულ უფრო უკან და უკან წავიდა.
ისე, სისწრაფე მაინც საჭიროა ჩვენს ცხოვრებაში, რადგან არ ვიცით, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ: ჩვენს თვალწინ უამრავი ახალგაზრდა წავიდა იმქვეყნად. და რაოდენ სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მოუმზადებელი იყო. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ადამიანი გაჭირვებაშია აქაც და იქაც, თუ არ მოემზადება. თუ სულიერად, ეკლესიურად არ ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ვერ იხარებს ვერც აქ, წუთისოფელში და ვერც იქ, მარადიულ სამყოფელში. აი, აქ კი საჭირო სწრაფი რეაგირება. ადამიანმა უნდა იჩქაროს აკეთოს კეთილი საქმეები.
ეს ნამდვილად საჩქაროა. სამწუხაროდ, ზოგიერთი სხვაგვარად ფიქრობს და ამბობს: „მე იმიტომ მოვედი ამქვეყნად, რომ ვიყო ბედნიერი, დაპურებული და ყველაფერი მქონდეს; სხვამ კი იზრუნოს თავის თავზე“.
ეს არ არის სწორი. პავლე მოციქული გვარიგებს: „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.
ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ ადამიანი როგორიც არის შინაგანად, ისე ფიქრობს სხვაზეც. თუ კეთილია და წმიდა, - მას ყველა წმიდანი ჰგონია. თუ ცოდვილია და ბოროტია - თავის თავს კი ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ სხვის ნაკლს. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა გაგვიხსნას ორივე გონება: მცირეც და დიდიც, რომ სწორად შეფასების უნარი გვქონდეს. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეს ცხოვრება ცვალებადია.
ჩინური ფილოსოფიიდანაა სიტყვები: „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ ცხოვრება შედგება ამაღლებისა და დაცემისაგან. მაგრამ რომ დაეცემი, არ უნდა დარჩე ამ მდგომარეობაში. ისევ უნდა ადგე და სთხოვო უფალს შენდობა და ძალა და კვლავ გააგრძელო ცხოვრების გზა. ისიც ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ძალიან მძიმეა მისი ჯვარი. უფალმა იცის, ვის რომელი ჯვარი მისცეს: ზოგს დიდ ჯვარს აძლევს, ზოგს - მცირეს; ზოგს აძლევს ერის ჯვარს (ერის სიმძიმეს), ზოგს - ოჯახის ჯვარს, ზოგს - ბერობის ჯვარს და ა. შ. და როცა უჭირს ადამიანს ჯვრის ტარება, ამ დროს უფალი თვითონ ეხმარება, იქვე არის უფალი და შეეწევა ამ ჯვრის ბოლომდე მიტანაში. მთავარია, მუდამ გვქონდეს სამი უმთავრესი სათნოება: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. იმედით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და აი, ამ იმედით უნდა იტვირთოს თავისი ჯვარიც და სხვათაც, შესაძლებლობისამებრ, დაეხმაროს კეთილი საქმეებით.
კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით. თუ შენ სიკეთეს იმისათვის აკეთებ, რომ სხვამ დაგინახოს და დაგაფასოს - ეს სიკეთე არაფერს ნიშნავს და იგი საერთოდ სიკეთეც აღარ არის. თქვენ იტყვით, ახლა ყველას გვიჭირს და როგორ დავეხმაროთ სხვასო. დავეხმაროთ ტკბილი სიტყვით, ერთი ჭიქა წყლით, სიყვარულით, იმედით.
სტატისტიკური მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებშია სწორედ ყველაზე მეტი
თვითმკვლელობა. ხშირი შემთხვევაა, როცა თავს იკლავს მდიდარი ადამიანი და იკლავს
იმიტომ, რომ ამ სიმდიდრის მეტი არაფერი აქვს და მისი სული ცარიელია; არ აქვს
რწმენა, სასოება და სიყვარული. ერთ-ერთ ეპისტოლეში ნათქვამი მაქვს: ერთი ძალიან
მდიდარი ქალბატონი უკანასკნელ დღეში იყო და მოითხოვა თვალმარგალიტებით შემკობილი
თავისი უძვირფასესი კაბა, რომელიც მრავალი ათასი დოლარი ღირდა, ჩაიკრა გულში და
სინანულით თქვა: - ყველაფერი აქ მრჩებაო და ისე მაგრად მოავლო კაბას ხელი, რომ
გარდაცვლილსაც კი ვერ გამოართვეს. ახლობლებმა კაბა ამოაჭრეს და დაუტოვეს ის ნაწილი,
რაც ხელში ეკავა. აი, ის წაიღო საიქიოს. საიქიოს კი არა, საფლავში, სადაც ისიც
მასთან ერთად გაიხრწნება. ასეა, სიმდიდრე აცილებს ადამიანს საფლავის კარამდე და
მერე ტოვებს.
ღმერთმა მოგცეთ ძალა, მშვიდობა და სიმშვიდე!
ხშირად იმეორეთ დავით წინასწარმეტყველის ლოცვა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი!“
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1(308), 2005 წ.