„აუცილებლად, ხელისუფლებასაც და ეკლესიასაც ისეთი იდეა უნდა გვქონდეს,
რომელსაც
გაჰყვება ჩვენი ერი... ვფიქრობ, ეს იდეა არის, უპირველეს ყოვლისა,
ჩვენი ქართველი
ხალხის დაბრუნება სამშობლოში და
გამთლიანება მთელი საქართველოსი ქართული კულტურის
გარშემო!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და მთელს საქართველოს ამ დიდებული ტაძრის აშენებას და კურთხევას!
ქართველი კაცი გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული ხასიათით. ძალიან ხშირად ჩვენ უკიდურესობაში ვვარდებით: ან რაღაც საოცრება უნდა გავაკეთოთ ან ძალიან ცუდი საქმე უნდა ჩავიდინოთ. ასეთი დიდი ამპლიტუდა აქვს ქართველ ადამიანს მოქმედებისა და აზროვნების.
ეს წმიდა ტაძარი - არის ქართველი ადამიანის, ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი. საერთოდ, ყოველი ადამიანი და ყოველი ერი, რასაც აკეთებს, ქმნის თავის ავტოპორტრეტს. თუ მოწესრიგებულია მისი გონება, მისი შინაგანი სულიერი სამყარო, ის ქმნის დახვეწილ ქმნილებას. ავიღოთ თუნდაც დურგალი; ის აუცილებლად გამოავლენს თავის შინაგან თვისებებს იმ ნამუშევარში, რომელსაც იგი ქმნის. ასევე ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი თავისი საქმით ქმნის ავტოპორტრეტს. თუკი ადამიანს თავისი საქმე ცუდად გამოსდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მის სულიერ სამყაროში ყველაფერი მოწესრიგებული არ არის.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მან ღირსი გაგვხადა ასეთი დიდებული ტაძრის აშენებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ჩვენს სულიერ სფეროში არსებული სერიოზული პრობლემებისა, - სრულყოფისაკენ მიდის საქართველო, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს შეუძლია დიდებული ქმნილების შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ მრავალი ძალაა მომართული.
თქვენ გახსოვთ, თუ როგორ ავირჩიეთ ჩვენ ეს წმიდა ადგილი წმიდა ელიას მთაზე. მანამდე მრავალი სხვა ტერიტორია დავათვალიერეთ. ჩვენი არქიტექტორები, მეცნიერები გვთავაზობდნენ ტაძრის აშენებას ვაკეში, კიდევ სხვაგან. მაგრამ უფალმა ეს ადგილი გამოირჩია და პირველი ლოცვა-კურთხევა, რომელიც მიეცათ მშენებლებს იყო ის, რომ ამოეღოთ ქვაბული, ვიდრე არ გამოჩნდებოდა კლდე. იმიტომ რომ ეკლესია უნდა იყოს კლდეზე დაფუძნებული. უფალი ბრძანებს: „კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. და აი, თითქმის 20 თუ 30 მ სიღრმეზე გამოჩნდა კლდის პლატო, ამ კლდეზე დავიწყეთ სწორედ ტაძრის მშენებლობა.
თქვენ გახსოვთ, ჩამოტანილი იყო სიწმიდეები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეკლესიებიდან; იერუსალიმიდან, სინას მთიდან, სვეტიცხოვლიდან, გელათიდან, ჯვრიდან, ტაო-კლარჯეთიდან და ისინი ჩვენ ჩავდეთ საძირკველში. საძირკველში ჩაიდო თქვენს მიერ დაწერილი სახელები და ლოცვები. მრავალმა ადამიანმა თავისი ძვირფასი ნივთებიც ჩააყოლა; ჩვენ ჩავყარეთ ოქროს მონეტები; ბაგრატიონთა წარმომადგენლებმა - საგვარეულო ბეჭედი. და აი, ასე დავიწყეთ მშენებლობა.
მაშინ ზოგიერთი ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი. ასე ამბობდნენ: რა დროს მშენებლობაა, როცა ხალხს ასე უჭირს, როცა საჭმელი არ გვაქვსო. მაგრამ მე იმედი მქონდა, რომ უფალი შეგვეწეოდა. ჩვენ გავიხსენეთ ბიბლიიდან ანგია წინასწარმეტყველის ქადაგება, როცა იგი უქადაგებდა ბაბილონიდან დაბრუნებულ გაღატაკებულ ერს, რომ უპირველეს ყოვლისა, ღვთის სახლი, ღვთის ტაძარი უნდა აეშენებინათ. მასაც ასევე ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ხალხი მაინც აშენებდა. სწორედ ამის მსგავსი ვითარება იყო ჩვენთან და ამიტომ ჩვენ მოვიტანეთ და დავაბრძანეთ ამ ადგილზე ანგია წინასწარმეტყველის ხატი. და მე ვგრძნობდი, თუ როგორ გვეხმარებოდა წმიდა ანგია წინასწარმეტყველი ამ მშენებლობაში.
რას ნიშნავს ეს ტაძარი ჩვენთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის საბრძანებელი ღვთისა; ეს არის ტახტი ყოვლადწმიდისა სამებისა. მაღალდასაჯდომელზე ტახტი წმიდისა სამებისა, სადაც დასვენებულია ხატი წმიდა სამებისა. ეს არის მადლით სავსე, სალოცავი ადგილი. ჯერ კიდევ კურთხევამდე, უკვე მადლი უფლისა მკვეთრად იგრძნობოდა ამ ტაძარში. მითუმეტეს კურთხევის შემდეგ. მორწმუნეთაგან მსმენია, ბევრს უთქვამს: როცა შევდივარ წმიდა სამების ტაძარში, ასე მგონია ჩემს სახლში ვარ და აღარ მინდა აქედან წასვლაო. მე თვითონაც ასე ვარ. რაღაც უხილავი მადლი, მადლი სულისა წმიდისა არის ამ ტაძარში, რომელიც ათბობს ადამიანის გულს, რომელიც კურნავს მის სულიერ და ფიზიკურ სამყაროს.
ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, საოცარია. მარმარილოთი მოპირკეთებული ეს სვეტები თითქოს შანდლებია, რომლებზეც თითქოს ანთებულია სანთლები. დიდებულია ტრაპეზი, კანკელი, საკურთხეველი. ყველაფერი საოცარია.
და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა შევწირო უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ე.ი. უფალმა გარდამოავლინა მადლი სულისა წმიდისა საქართველოზე და საქართველომ ღვთის მადლითა და ძალით ააშენა ეს წმიდა ტაძარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან არს ღმერთი! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქართველი ხალხი დგას ჭეშმარიტების გზაზე. ამ წმიდა ტაძარმა მომავალში უნდა გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
რაიონებიდან, ეპარქიებიდან ჩამოვლენ მღვდელმთავრები, მღვდლები თავისი მრევლით, თავისი მგალობლებით. ამ წმიდა ადგილზე არის 12 ტრაპეზი, 12 ეკლესია. და სხვადასხვა ეკლესიებში ისინი შეასრულებენ წირვა-ლოცვას და ამით კიდევ უფრო დიდი ძალა მოგვეცემა ჩვენ ყველას. ასე რომ, ამის იმედი გვაქვს ჩვენ დღეს, რომ აი, ეს გახდება ის სულიერი სავანე, სადაც თავს მოიყრის არა მარტო სრულიად საქართველო, არამედ უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც. ტაძრის მშენებლობაში და მის საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმაც. ალბათ, გახსოვთ ის წითელი ფიანდაზი, რომელიც კარიბჭიდან კიბეებამდე იყო დაფენილი, - ეს თურქეთში მცხოვრები ქართველების მიერ იყო შემოწირული. ასევე ღებულობდნენ მონაწილეობას ფერეიდნელი ქართველებიც.
თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა მითხრეს, ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია საქართველოს, თბილისის და ამ ტაძრის გარეშე და საახალწლოდ მთელი ავტობუსით ჩამოვალთ და აქ უნდა შევხვდეთ ახალ წელსო.
იღვიძებს ქართული სული, ქრისტიანული სული იღვიძებს მათში და ღმერთმა ინებოს, რომ იყოს ერთი სამწყსო და უფალი ღმერთი იყოს მწყემსი ჩვენი!
როცა მომავალზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, მომავალში ამით ხომ არ უნდა დამთავრდეს ჩვენი მოღვაწეობა. აუცილებლად, რაღაც ისეთი იდეა უნდა გვქონდეს ერს, ხელისუფლებას, ეკლესიას, რომელსაც გაჰყვება ჩვენი ერი, რომელსაც ხელში აიტაცებს, როგორც ძვირფას საუნჯეს და იმით შეაბიჯებს მომავალში და მე ვფიქრობ, რომ ეს იდეა არის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქართველი ხალხის დაბრუნება სამშობლოში და გამთლიანება მთელი საქართველოსი. ძალიან დიდი ყურადღება ჩვენ უნდა მივაქციოთ აგრეთვე ქართულ ხელოვნებას და ქართულ კულტურას. ქართული კულტურა ასევე ამთლიანებს, ქართული კულტურა - ეს ჩვენი ენაცაა, ჩვენი მამულიც, საგალობლებიც, არქიტექტურაც, მხატვრობაც, ხატწერაც, - ანუ ყველაფერი, რაც შექმნა ქართველმა ადამიანმა. საოცარია, ამ პატარა ერმა შექმნა უდიდესი კულტურული საუნჯე და შეიტანა მსოფლიო საგანძურში. მაშინ, როცა ზოგიერთმა ჩვენზე დიდმა ქვეყანამ, ჩვენზე ბევრად მრავალრიცხოვანმა ერმა ეს ვერ შეძლო. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ უფალი გვაძლევს ამ ძალას, ამ უნარს.
ძალიან ძლიერი იყო საქართველო და ამიტომ ძლიერია ქართული გენი, ქართული ნიჭი. ქართველმა ადამიანმა უნდა გამოავლინოს ეს ნიჭი და ადამიანმა უნდა იცოდეს, რისი ნიჭი მისცა მას უფალმა, მან უნდა იპოვოს თავისი ადგილი.
ვფიქრობ რომ, უნდა შეიქმნას კულტურის თუ ხელოვნების ცენტრი, სადაც აღიზრდება მომავალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდობა. მე საქართველოს პატრიარქი ვარ და მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რისი პატრონი ვართ. ახლა ექსპონატები ზოგი უცხოეთშია, ზოგი ხელოვნების მუზეუმის საცავებში. ხელოვნების მუზეუმში გამოფენილია არსებულ ექსპონატთა თითქმის მესამედი, დანარჩენი საუნჯე კი ათეული წლების მანძილზე არის დადებული საწყობებში და ვერავინ ხედავს ამას. ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს საშუალება იცოდეს, რისი პატრონები ვართ. და ის ახალგაზრდა, რომელიც აღიზრდება ამ ხელოვნებაზე და ამ რწმენით, - უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებელი რწმენით, სიყვარულითა და სასოებით, აი, ამ კულტურით, - ვერ გახდება ვერც ნარკომანი, ვერც ქურდი, ვერც ავაზაკი და სხვა რაიმე ცუდის გამკეთებელი.
ამბობენ, რომ თურქეთში 5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ისინი მუსულმანები არიან და იმდენად შეზღუდა ამ რელიგიამ, რომ მათ ვერაფერი შექმნეს ამ საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი ჟამი არ დაგვდგომია, სულ ომებში და წინააღმდეგობაში ვიყავით, - ქართველი მართლმადიდებელი ადამიანი მუდამ ქმნიდა და დღესაც ქმნის საოცრებებს და ვიმედოვნებ, ერთ-ერთი ასეთი საოცრება ეს წმიდა ტაძარია. აქ, იატაკზე დაგებულია ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოტანილი გრანიტი. ღია ფერის ქვა ჩინეთიდანაა, მოყვითალო ფერის - ინდოეთიდან. ეს ყვითელი სვეტები ეგვიპტური მარმარილოსია; კანკელი - საბერძნეთიდან ჩამოტანილი მარმარილოსი. მახსოვს, როცა აქ ოსტატები კანკელს კვეთდნენ, მოვიდა დელეგაცია, მათ შორის იყო ცნობილი მშენებელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მე ვკითხე, ხომ არ გაქვთ შენიშვნა-მეთქი. მან მითხრა: გაოცებული ვარ, ამ ახალგაზრდებს რომ ვხედავ, რომლებიც ხელით აკეთებენ ჩუქურთმებს. მსგავსს ვერაფერს ნახავთ მთელს მსოფლიოში. იქ მანქანა აკეთებს ჩუქურთმებსო. მას უკვირდა, თუ როგორ გულმოდგინედ, როგორი სიყვარულითა და სასოებით მუშაობდნენ ქართველი ახალგაზრდები ჩუქურთმებზე.
ამჟამად ექსტერიერის მოპირკეთება მიმდინარეობს და მე ვუთხარი ამ ოსტატებს, რომ ქვებს უკანა მხრიდან თავიანთი გვარი და სახელი დააწერონ და ასე ჩადონ კედელში, რომ მომავალმა თაობამ ოდესმე ამოიკითხოს ისინი.
მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს მოვლენა და აღვნიშნო, რომ თითქმის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მიიღეს მონაწილეობა ამ ჩვენს ზეიმში.
ღმერთმა დაგლოცოთ, წმიდა სამებამ დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო! ამინ.
შეგახსენებთ, რომ შაბათს არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული.
ჩვენ სიონიც არ უნდა დავივიწყოთ, სიონი - ჩვენი დედა-ეკლესიაა; და ამიტომ პარასკევს, საღამოს იქნება ლოცვა სიონის საპატრიარქო ტაძარში და შაბათს იქ შესრულდება საზეიმო წირვა, რომელსაც მე თვითონ შევასრულებ სამღვდელოებასთან ერთად. შაბათს საღამოს და კვირას საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდება ასევე სამების ტაძარშიც.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №45(303), 2004 წ.