„როგორ წარმოიდგენდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელები, რომ დადგებოდა დრო,
როცა მას
მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკელსიები აღიარებდნენ წმიდანად“
დღეს საქართველო აღნიშნავს წმიდა ილია მართლის დაბადების დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ერის ადამიანი, იყო ჭეშმარიტი მამა და სულიერი მოძღვარი ერისა. საოცარი დამთხვევაა, რომ დღესვე არის ხსენება წმიდისა ეპისკოპოსისა ალექსანდრე ოქროპირიძისა, რომელიც იყო მოძღვარი წმიდა ილია მართლისა.
ისინი მოღვაწეობდნენ იმ დროს, როცა საქართველოს დაკარგული ჰქონდა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ეკლესიას კი - ავტოკეფალია. და აი, უფალმა გამოაჩინა ეს დიდებული პიროვნებები, რათა სულიერი ძალა, სულიერი ხელმძღვანელობა გაეწიათ ჩვენი ქვეყნისათვის.
წერია ფსალმუნში: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.“ მართლაც უფალმა აღამაღლა იმ საზოგადოების რჩეული - წმიდა ილია მართალი. მძიმე იყო მისი ცხოვრება, სიხარულთან ერთად მუდამ მწუხარება თან სდევდა, დიდებასთან ერთად - შური. ბოროტი ძალები ვერ იტანდნენ მას და მოხდა ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა წიწამურში. ადამიანები, რომელნიც ებრძოდნენ წმიდა ილია მართალს, სინამდვილეში ებრძოდნენ საქართველოს. და რომ შესძლებოდათ, ისინი თვით საქართველოს დახვრეტდნენ, მაგრამ უფალი მეფობს, უფალი განაგებს ყველაფერს და ირჩევს თავის შესაწირავ ზვარაკებს. როგორ წარმოიდგენდნენ მკვლელები, რომ დადგებოდა დრო, როცა არა მარტო საქართველო და საქართველოს ეკლესია, არამედ მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებდნენ ილია ჭავჭავაძეს წმიდანად.
ჩვენ უნდა გვქონდეს კავშირი ზეციურ საქართველოსთან, ხშირად უნდა მივმართოთ მათ დახმარებისათვის და მჯერა, ისინი უფრო მეტს გააკეთებენ მომავალშიც ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი თავისთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ! გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს!
წმიდა ილია მართლის, წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძისა და წმიდა დიდი მოწამის დიმიტრის ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ამინ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №42(300), 2004 წ.