სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
„სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაი ეკლესიისაი დღეს მიუდრეკელად, უზესთაეს ბუნებათა, სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ“.
ო, ღმერთო ერთო - სამებაო წმიდაო ერთარსო და განუყოფელო, - დიდება და მადლობა შენდა.
ღვთივკურთხეულო მამულო ჩვენო, - უდაბნოსა შინა აღმომორჩებულო ყვავილო უჭკნობელო, ტაძარო სამებისაო, კლიტეო დავითისაო, მახვილო მესიისაო, ადიდე ღმერთი და იხარე მარად.
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ჩვენო ძვირფასო სტუმრებო, ძმანო და დანო. წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. ჩვენ ვართ მომსწრენი ღვთის ერთ-ერთი საოცრებისა, - შეჭირვების ჟამს, ქართველმა ხალხმა შეძლო აღეშენებინა დიდებული ტაძარი ესე წმიდისა სამებისა, სადიდებელად ღვთისა და მოსაქცევად ერისა ჩვენისა, მაგრამ მოწყალე ღმერთო, ჩვენ ვიყავით ოდენ მდაბალნი მუშაკნი შენნი. ეს შენ მოგვეც გულისხმისყოფა და ძალა, რათა შენს სადიდებლად და ჩვენდა ნუგეშად მოგვერთმია ეს შესაწირი.
აქ დაიღვრება მრავალი ცრემლი სინანულისა და განედლდებიან გულნი ჩვენნი ცოდვათაგან მომყმარნი, განიწმინდება სული ჩვენი და აღდგება საქართველოც მკვდრეთით, ვითარცა ლაზარე.
ივერიელნო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა, ისმინეთ სიტყვანი უფლისანი: „აჰა, ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს“ (გამ. 3,8) მაშ, შევიდეთ კარითა ამით, რათა ღირს ვიქმნეთ სასუფეველისა. ჰსცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი“.
წმიდანო მეფენო, დედოფალნო, მამათმთავარნო და კათოლიკოს - პატრიარქნო საქართველოისანო, მღვდელმთავარნო, მოწამენო, ღირსნო მამანო და დედანო, იხარეთ სავანესა მართალთასა და თქვენი ლოცვით მეოხ გვეყავით წინაშე ღვთისა, რათა განმტკიცდეს ჩვენში მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება, რათა უფალმა მოგვანიჭოს მშვიდობა, ერთობა, სულთა ჩვენთა ცხოვნება და დიდი წყალობა.
სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მაცხოვრის შობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილ და ოცსაუკუნოვანი ჩვენი ქრისტიანული ისტორიის სიმბოლურად გამომხატველი წმინდა ტაძრის კურთხევა შედგა, საქართველოს განსაკუთრებული მფარველის, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, შედგა იმ წელს, როცა შესრულდა 1700 წელი მისი წამებიდან. შევთხოვთ ღმერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დიდმოწამე გიორგის, დალოცონ ყოველი ადამიანი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ წმინდა ტაძრის მშენებლობაში. წმიდა სამებამ დალოცოს, გააძლიეროს ისინი და მათი ოჯახები.
ღვთივკურთხეულნო ივერნო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს; ღმერთს ებარებოდეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №44(302), 2004 წ.