ყოვლადსამღვედელონო მღვდელმთავარნო,
ქალბატონებო და ბატონებო,
გულითადად მოგესალმებით ყველას! მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენთან ბრძანდებით და გვექნება საუბარი ისეთ დიდმნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის კულტურა და ეროვნული ცნობიერება.
მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ თბილისში ჩატარდა ფორუმი, რომელსაც ერქვა „კულტურათა დიალოგი“. თავდაპირველად სურდათ, რომ იგი „რელიგიათა დიალოგი“- ს სახელწოდებით ჩატარებულიყო. მაგრამ ვუთხარი, რომ ეს რელიგიათა შორის პრობლემებს უფრო გაართულებდა. ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ჩვენი რჩევა და ბოლოს შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა.
ეროვნული კულტურა მართლაც უდიდესი ძალაა.
როცა ჩვენს ეროვნულ კულტურაზე ვლაპარაკობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით სხვა კულტურას უარვყოფთ. პირიქით, ჩვენ გვინდა ვისწავლოთ და მივიღოთ სხვისგან კარგი. მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ სხვისი შევითვისოთ და ჩვენი კი დავივიწყოთ.
ამავე დროს, ხშირად, გვთავაზობენ ისეთ კულტურას, რაც სინამდვილეში ფსევდოკულტურაა. სამწუხაროდ, რთულ დროში ვცხოვრობთ. ამიტომაც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დამოუკიდებლად ისწავლოს გარჩევა იმისა, თუ სად არის კულტურა და სად - ფსევდოკულტურა. უნდა შეგვეძლოს იმისა განსაზღვრაც, თუ როგორ მოქმედებს ყალბი კულტურა ჩვენს ეროვნულ სიმტკიცესა და ცნობიერებაზე; და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ განმტკიცდეს ჩვენი ეროვნული თვითშეგნება.
ძალიან მაფიქრებს ის, ფაქტი რომ ზოგიერთი ქართველი, ძირითადად პოლიტიკური პრობლემების მოგვარების მიზნით, უარყოფს თავისას და სხვა ეროვნებად ეწერება უცხოეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათში ეროვნული თვითშეგნება ძალიან დაბალია, რაც ალბათ ოჯახში არასათანადო აღზრდის ბრალია.
სამი წლის წინ ირანში ყოფნისას შევხვდით ფერეიდნელ ქართველებს. არც საქართველოში და არც უცხოეთში არ მინახავს სამშობლოს ისეთი სიყვარული, როგორიც ვნახე მათში. საოცარი გრძნობა აქვთ! როცა პატარები ეკითხებიან უფროსებს: „სად არის ჩვენი სამშობლო?“ ისინი პასუხობენ: „ცისარტყელა რომ გამოჩნდება, მის ქვეშ უნდა გაიარო და იქ არის საქართველო!“ ასეთი მიუწვდომელია მათთვის სამშობლო, მაგრამ მათი გულიდან სრულიად განუყოფელი.
ფერეიდანში ორი საათი ვიყავით მხოლოდ. ორი საათის განმავლობაში ფერეიდნელებიც ტიროდნენ სიხარულისაგან და ჩვენც. მათ ჩვენი წინაპრების დავიწყებული დალოცვა გაგვახსენეს რომ გვაცილებდნენ გვეძახდნენ: „ღმერთს ებარებოდეთ! დაგვიკოცნეთ საქართველოს მიწა!“
მინდა ისევ გავიმეორო, რომ საქართველოს დიდი კულტურა აქვს. და ჩვენი ახალგაზრდა თაობა ამ კულტურაზე უნდა აღვზარდოთ.
მე პატრიარქი ვარ, ამდენი წელია ვმსახურობ საქართველოს ეკლესიაში და არც კი ვიცი, რისი მფლობელები ვართ. თუნდაც, ავიღოთ ხელოვნების მუზეუმი... ბევრი რამ საწყობებშია დაცული და ვერავინ ხედავს ამ სიმდიდრეს; ბევრი რამის არსებობის შესახებაც კი არ ვიცით. არადა ეს ყველაფერი ძირითადად ეკლესიის წიაღში შეიქმნა.
ჩვენ არც ის ვიცით, რამდენი რამაა გატანილი საქართველოდან და დაკარგული. მინდა, რომ დღეს თავისუფლად ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გამთლიანდეს ერი. არა მარტო ქართველმა ერმა, არამედ საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ერებმაც უნდა იცოდნენ, სად ცხოვრობენ, როგორი ისტორია აქვს ამ ქვეყანას, და თვითონაც იამაყონ მით. სწორედ კულტურას შეუძლია გაამთლიანოს ერი ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე.
მცირე ხნის წინ მოვისმინე მიტროპოლიტი ანანიას მოხსენება ერთ-ერთ კონფერენციაზე, სადაც სწორედ გამოთქმული იყო აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ამთლიანებს კულტურა ხალხებს და როგორ უნდა იყოს გამოყენებული იგი ჩვენს ცხოვრებაში.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41(299), 2004 წ.