სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
როცა მტერი საქართველოს შემოესეოდა, უპირველეს ყოვლისა იგი ჩვენი ქვეყნის სულიერ ფასეულობას ანადგურებდა: ენას, ქართულ კულტურას, ტაძრებსა და მონასტრებს, ჟლეტდა სამღვდელოებას. ეს იმიტომ, რომ მტერმა იცოდა, თუ რაშია ჩვენი ძალა. ჩვენმა დიდმა წინაპარმა წმიდა ილია მართალმა შესანიშნავად ბრძანა, რომ მთავარია „ენა, მამული, სარწმუნოება.“ სწორედ ეს უნდა ახსოვდეს ქართველ ერს და ამას უნდა იცავდეს ქართველი კაცი.
ხშირად ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ერი და მომავალშიც რა გადაარჩენს მას. ჩვენი ერი იხსნა სულიერმა სიმტკიცემ, დიდმა სარწმუნოებამ, ეროვნულმა თვითშეგნებამ, მსოფლიოში არავის უთქვამს მსგავსი სიტყვები, რაც თქვა თავის ანდერძში წმიდა ვახტანგ დიდმა გორგასალმა. იგი ასეთ ანდერძს უტოვებს ქართველ ერს: „ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს“. ანუ იმას კი არ ამბობს, რომ უნდა გაუძლოთ, აიტანოთ განსაცდელნი, არამედ - ეძიებდეთ. ადამიანი სულიერების მწვერვალზე უნდა იყოს, რომ ეს სიტყვები თქვას! რაც შეეხება მამულს, სამშობლოს, ეროვნულ ფასეულობას, - ეს ისეთივე ძვირფასი და აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც საჭმელი და როგორც ჰაერი. რაფიელ ერისთავმა გადმოგვცა ხალხური გამოთქმა: როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. აი, ეს ორი ძალა - სულიერი და ეროვნული, გადაარჩენს ქართველ ერს, ეს უნდა შევინარჩუნოთ და ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ასეთი სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები.
დღეს ამაზე იმიტომ გესაუბრებით, რომ ჩვენთან ჩამოსულები არიან ჩვენი მამულიშვილები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები. ვაკის პარკში გაიმართა ფესტივალ - „ჩვენებურების“ საზეიმო გახსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ უცხოეთში არსებული ქართული გუნდები. იქ მცხოვრებ ქართველთა ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა ინახავს. თქვენ თავად ხედავთ თუ როგორ ჭარბად იგრძნობა ქართული სული ქართულ სიმღერაში, ქართულ გალობაში, ქართულ ცეკვაში, - განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს, ბავშვების მიერ შესრულებულ ქართულ ცეკვაში. ქართულ ხასიათში ვლინდება ასევე ქართველი კაცის მებრძოლი სული. აი, ეს მებრ-ძოლი სული უნდა შევინარჩუნოთ.
ქართველები 9 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ საქართველოში. აქ იმყოფებიან ჩვენი თანამემამულენი საფრანგეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან. თურქეთიდან და ფერეიდნიდან ჩამოსლ ქართველებს ჩვენგან ყველაზე მეტი სითბო და სიყვარული სჭირდებათ.
გუშინ, ლოცვის შემდეგ, ჩვენ მიწვეულნი ვიყავით ფესტივალის გახსნაზე და როცა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი ყველანი ერთად კიბეზე ჩამოდიოდნენ, ჩვენ სიხარულის ცრემლებს ვეღარ ვიკავებდით, რადგან ვგრძნობდით ქართველი ერის გამთლიანებას. ქართველი ხალხი ერთობა აუცილებელია! ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უპირველეს ყოვლისა, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს უნდა გავუთბოთ გულები, ვაჩუქოთ სითბო და სიყვარული, მათ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ისინი დავიწყებულნი არ არიან, უნდა ვუთხრათ რომ ისინი უსამშობლონი არ არიან, და რომ მათი სამშობლო - ღვთივკურთხეული საქართველოა, მამული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა!
ჩემს მიმართვაში მე მათ ვუთხარი: უცხოეთიდან ჩამოსულო ქართველებო, ჩვენო თანამემამულენო, თქვენ აქ სტუმრები არ ხართ, თქვენ მასპინძლები ხართ, თქვენ პატრონი ხართ საქართველოსი! თქვენთვის ყოველი ქართველის სახლის კარი ღიაა! და მადლობა ღმერთს, რომ ეს ერთობა აქ ყველამ ერთად ვიხილეთ და განვიცადეთ! როცა ფესტივალის გახსნა დასასრულს მიუახლოვდა, - თურქეთიდან ჩამოსული ქართველები საჩქაროდ მოვიდნენ ჩემთან და მადლობას მიხდიდნენ, მათ ალბათ იფიქრეს, რომ უკვე ვეღარ შემხვდებოდნენ. მაგრამ მე ისინი სამშაბათს საღამოს, წმიდა სამების ტაძარში მოვიწვიე. მათთვის საგანგებოდ მოეწყობა საზეიმო შეხვედრა, რომელიც სამების ლავრის კარიბჭიდან დაიწყება ზარების რეკვით, ეროვნული დროშებით, ვაჟთა გუნდის გალობით და მრევლის შეგებებით. მათ უნდა იგრძნონ ქართველ ერთან თანაზიარება, უნდა დაინახონ, რომ ისინი თავიანთ სამშობლოში არიან! შემდეგ მიღება შედგება საქართველოს საპატრიარქოში. ვისაც გექნებათ დრო და სურვილი, მობრძანდით, შეხვდით და გაეცანით მათ. ყველამ ერთად ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს ჩვენი სითბო და სიყვარული. სწორედ ეს სითბო და სიყვარული გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ერს ღმერთი ცდის და ჩვენ ეს გამოცდა უნდა ჩავაბაროთ - მტკიცედ უნდა ვიდგეთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე და უნდა შევინახოთ ჩვენი ეროვნული ფასეულობანი - ჩვენი ენა, ჩვენი კულტურა, ყველაფერი, რასაც იცავდნენ ჩვენი დიდი სულმნათი წინაპრები.
სამწუხაროა, რომ დღეს თითქმის მილიონზე მეტი ქართველი ახალგაზრდა გასულია უცხოეთში - ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს. მეეჭვება, რომ უკან ყველანი დაბრუნდნენ. უცხოეთმა შეჩვევა იცის. იქ მრავალი ცდუნებაა და თავისუფალი ცხოვრება, რომელიც ადამიანს ითრევს. და როცა ახალგაზრდა კაცი ხედავს ყველაფერ ამას, ფიქრობს, თუკი უცხოეთში ხალხი ასე ცხოვრობს, - მეც ასე უნდა ვიცხოვრო! ეს ძალიან საშიშია. ამიტომ, თუ ახალგაზრდა სულიერად მტკიცე არ არის, მყარად არ დგას ეროვნულ საფუძველზე, ძალიან საშიშია მისი წასვლა სხვა ქვეყანაში. მათ ავიწყდებათ ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ფასეულობანი, ჩვენი ენა და სამწუხარო შედეგებს ვღებულობთ.
ერთად ვილოცოთ საქართველოს მთლიანობისა და მშვიდობისათვის. ვილოცოთ იმისათვის, რომ ღმერთმა შეგვინარჩუნოს მთლიანი სამშობლო. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი.
დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ მღვდელ მიქაელ წულუკიძეს, რომელიც დღეს, ამ წმიდა ტაძარში
ჩვენთან ერთად წირავდა, იგი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და
აყვანილია დეკანოზის ხარისხში.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34(341), 2005 წ.