„მეუფე ეფთვიმემ (შარვაშიძე) აღასრულა თავისი ვალი
ღვთის წინაშე და თავისი ჯვარი
ბოლომდე მიიტანა“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს“. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს ჯვარს, რომელიც უნდა ვიტვირთოთ და ჩვენი ცხოვრების ბოლო დღემდე მივიტანოთ.
რა არის ეს ჯვარი? ეს არის ის განსაცდელი, ის სიმძიმე, რომელიც ყოველ ადამიანს თავისი ცხოვრების გზაზე ხვდება. მაგრამ, გარდა სიმძიმისა, ჯვარი არის ჩვენი მფარველი, იგი არის ჩვენი შემწე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც გვაძლევს ჯვარს, ასევე გვაძლევს ძალას, რომ ბოლომდე მივიტანოთ იგი. ჯვარი არის საიდუმლოებით მოცული უდიდესი ძალა!
თქვენ იცით, რომ ჯვარი იყო ის საშუალება, რაზეც აწამებდნენ ადამიანებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა, მან სულ სხვა, ღვათებრივი და სულიერი დატვირთვა შეიძინა.
ხშირია, როცა ადამიანი სთხოვს უფალს, შეუმსუბუქოს ჯვარი. ასევე ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი ითხოვს უფრო მძიმე ჯვარს, ვიდრე მას შეუძლია ტვირთვა.
წმიდა მამები ამბობენ, რომ მძიმეა ჯვარი, რომელსაც უფალი აძლევს ადამიანს; მაგრამ აუტანელია და უმძიმესი ჯვარი, რომელსაც ადამიანი თვითონ იღებს თავის თავზე.
ჩვენი ცხოვრებით სულიერი ჯვარი უნდა შევქმნათ. უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა და სიყვარული ღვთისა - ეს არის ვერტიკალური ძელი - ჩვენი სწრაფვა ღვთისაკენ. და მეორე, ჰორიზონტალური ძელი - ეს არის სწრაფვა ადამიანებისაკენ. ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი: ბედნიერია ის, ვინც ამას შეძლებს.
თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი დამოკიდებულია თვითონ ადამიანზე. ადამიანი ღვთის მადლითა და ძალით შექმნილია თავისუფალი ნების მქონე. უფალმა მისცა მას არჩევანი და ადამიანმა უნდა აირჩიოს და განასხვავოს კეთილი და ბოროტი; შევნიშნავთ იმასაც, რომ არიან ადამიანები, რომელთაც ეძლევათ ძალიან მცირე ჯვარი იმიტომ, რომ მათ მეტის ტვირთვა არ შეუძლიათ. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ეძლევათ არა მარტო პირადი ჯვარი, არამედ ერის ჯვარი, ჯვარი ქვეყნისა.
დღეს ჩვენს წინაშე დასვენებული ბრძანდება მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, გელათის მიტროპოლიტი ეფთვიმე, გვარად შერვაშიძე, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა, იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ეკლესიას ძალიან უჭირდა. ეს არის პერიოდი, როცა საქართველო კარგავს დამოუკიდებლობას და საქართველოს ეკლესიას უუქმებენ ავტოკეფალიას.
რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, საქართველოს ეკლესიის მმართველად გამოაგზავნეს
რუსი ეროვნების ეგზარქოსი, მიტროპოლიტი თეოფილაქტე. სწორედ მან მიწერა რუსეთის
ეკლესიის წმიდა სინოდს, რომ საქართველოდან რუსეთში გაეწვიათ ქართველი იერარქები -
დოსითეოზი და ეფთვიმე. მართლაც ასეც მოხდა. ცნობილია, რომ ქუთათელი მიტროპოლიტი
დოსითეოზი იმდენად გაწამებული და მწუხარე ტოვებდა ქვეყანას, რომ გზაშივე
გარდაიცვალა. მეუფე ეფთვიმე ჩავიდა რუსეთში, სადაც იგი ერთ-ერთ მონასტერში
განაწესეს. აქ მან ორიოდე წელი დაჰყო და მალე გარდაიცვალა.
და აი, შესრულდა მეუფე ეფთვიმეს დიდი სურვილი; მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს და პეტერბურგის ქართული სამრევლოს დიდი შრომითა და ღვაწლით მეუფე ეფთვიმეს ნეშტი ჩამოსვენებულია საქართველოში და გელათის მონასტერში დაიკრძალება. ასეთი იყო მეუფე ეფთვიმეს ნება და ასეთია ნება სრულიად საქართველოსი.
დღეს ჩვენ ვხარობთ მასთან ერთად. ბედნიერნი ვართ, რომ მეუფე ეფთვიმე აკურთხებს წმიდა სამების ახალ ტაძარს და ჩვენთან ერთად ზეიმობს, რადგან დარწმუნებულნი ვართ, მოისვენა მისმა სულმა, სამშობლოს რომ დაუბრუნდა.
მან აღასრულა თავისი ვალი ღვთის წინაშე და თავისი ჯვარი და ერის ჯვარი ბოლომდე მიიტანა. ახლა შევასრულებთ პანაშვიდს მიტროპოლიტ ეფთვიმეს სულის საოხად; დღესვე მის ნეშტს წააბრძანებენ ქუთაისში. შეგეწიოთ მეუფე ეფთვიმეს ლოცვა-კურთხევა!
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №14(321), 2005 წ.