„როცა რაიმე განსაცდელი მოდის, გონებით ზეცას ავმაღლდები
და იმ გადასახედიდან
ყველა ეს პრობლემა საგრძნობლად მცირდება!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს არის ხსენება საშინელისა სამსჯავროსი. ეს არის დღე, როცა ეკლესიაში იკითხება სახარებიდან ადგილი მეორედ მოსვლის შესახებ და ნათქვამია, რომ მთელი კაცობრიობა დადგება მარჯვენით და მარცხენით უფლისა. შევთხოვთ შემოქმედს, ღვთის დიდი წყალობით, სიყვარულითა და მოწყალებით მთელი საქართველო დადგეს მარჯვენით უფლისა და შეიქმნას ღირსი ღვთის სასუფეველისა!
„სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არის გული შენი“, - ბრძანებს მაცხოვარი. ეს უნდა გვახსოვდეს, რათა ვიცოდეთ, რომელი საუნჯე შევკრიბოთ. ქართველი ადამიანი არასდროს ყოფილა ხარბი. დღესაც არ უნდა ავირჩიოთ ამასოფლიური სიმდიდრე, ჩვენ უნდა დავიუნჯოთ სულიერი საუნჯე კეთილი საქმეებით, უნდა გვახსოვდეს, რომ დღე, როდესაც სიკეთეს არ გავაკეთებთ, როდესაც უძლურს, გაჭირვებულს არ დავეხმარებით, როდესაც დავხუჭავთ თვალს ადამიანის გასაჭირზე, - ის დღე ჩვენთვის დაკარგულია.
ხშირად ამბობენ, ახლა თითქმის ყველა გაჭირვებულია, სხვებს როგორ დავეხმაროთო. მართალია, ყველას გვიჭირს, მაგრამ ამის გამო ჩვენში სიყვარული არ უნდა დაიშრიტოს! ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე დაფუძნებული სიყვარული უნდა იყოს ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა. წმიდა იაკობ მოციქული ამბობს: „სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია.“ ამიტომ ყოველდღე, ყოველ წამს, სიკეთე უნდა ვაკეთოთ. და თუ არ გვაქვს საშუალება, მატერიალური დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულ ადამიანს, - შეგვიძლია, თბილი სიტყვა ვუთხრათ, იმედი მივცეთ, ვანუგეშოთ.
საერთოდ უნდა გვახსოვდეს, რომ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ადამიანის ცხოვრებაში ჩიხი და კედელი არ არსებობს! კედლის მიღმა ადამიანმა მაინც სიცოცხლე უნდა დაინახოს და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მოძებნოს. ამისთვის საჭიროა შრომა და ფიქრი. ჩვენ უფრო მეტს ვსაუბრობთ, ვიდრე ვფიქრობთ. უნდა შეგვეძლოს ჩვენი ფიქრით, ჩვენი გულით ზეცად აღსვლა. იმ გადასახედიდან პრობლემები ძალიან უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება და სიმძიმეც გაქრება.
მინდა გითხრათ, რომ ამ უმძიმეს წლებში, რაც მე საპატრიარქო ტახტზე ვიმყოფები, ნუგეშს ამით ვპოულობ; როცა რაიმე განსაცდელი მოდის, - გონებით ზეცაში ავმაღლდები. იმ გადასახედიდან კი ყველა ეს პრობლემა საგრძნობლად მცირდება. ამასთან, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენთანაა! და იგი, რომელიც გვაძლევს ჯვარს, გვეხმარება კიდეც მის ტვირთვაში.
ამ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს რადიოში მოვისმინე ერთი გადაცემა წმიდანთა ცხოვრებიდან. ორი ადამიანის ცხოვრება მძიმე იყო. ერთი მათგანი კმაყოფილი იყო თავისი ხვედრით და სიყვარულითა და სასოებით ტვირთულობდა თავის ჯვარს. მეორე კი მუდამ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ევედრებოდა უფალს, ჯვარი შემიმსუბუქეო. უფალმა შეუსრულა თხოვნა, მაგრამ იგი მაინც წუწუნებდა და კვლავ ითხოვდა დახმარებას, ჯვრის შემსუბუქებას. უფალმა კვლავ შეიწყნარა მისი ვედრება და მას სულ პატარა ჯვარი მისცა. ასე მიდიოდნენ ცხოვრების გზაზე ეს ორნი და მივიდნენ ერთ ადგილზე, სადაც დიდი უფსკრული უნდა გადაელახათ. ვისაც დიდი ჯვარი ჰქონდა, მან ამ უფსკრულზე ჯვარი ხიდად გადო და მეორე მხარეს გადავიდა. ხოლო ის, ვისაც პატარა ჯვარი ჰქონდა, უფსკრულზე ვერ გადავიდა იმავე, მხარეს დარჩა. ეს რა თქმა უნდა, სულიერ პლანშია გასააზრებელი. აქედან ჩანს, რომ როცა უფალი ჩვენ დიდ ჯვარს გვაძლევს, ნიშნავს, რომ ეს საჭიროა, ეს აუცილებელია. უფალი ჯვართან ერთად გვანიჭებს მადლს და ძალას, რომ ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი.
ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა ინებოს და ბოლომდე მიგვატანინოს ჩვენი ჯვარი, რომელიც ჩვენ სასუფეველში უნდა მივიტანოთ! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!
შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას არის შენდობის დღე. ღმერთმა ინებოს, რომ შეგვინდოს ყოველი ცოდვანი ნებსითნი და უნებლიეთნი. და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობიანი და ბედნიერი აღდგომა გაუთენდეს საქართველოს!
დღეს მინდა დავაჯილდოვო ერთი მოძღვარი, მღვდელი თეოდორე გიგნაძე, რომელიც თავდადებით ემსახურება ეკლესიას და ზრუნავს მრევლის სულიერ ცხოვრებაზე. იგი, ღვთის მადლით, არის კარგი მქადაგებელი, თანამშრომლობს საპატრიარქოს რადიოში. დღეს მამა თეოდორე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში.
ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ღმერთმა ინებოს, რომ მალე გვენახოს მთლიანი საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10(317), 2005 წ.