„...გვექნება შეხვედრა საინგილოში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
მინდა თქვენც იცოდეთ, - დღეს იწყება ჩვენი ვიზიტი აზერბაიჯანში. ბაქოში გვექნება შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მთავრობის სხვა წევრებთან ამიერკავკასიის მუსულმანთა მეთაურთან.
ასევე გვექნება შეხვედრა საინგილოში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან და იქ შევასრულებთ წირვა-ლოცვას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორ არიან მონატრებული ისინი ყოველივე ქართულს. მართალია, იქ მსახურობს ქართველი მოძღვარი, მაგრამ მაინც უჭირთ და ჩვენი ჩასვლა სულიერად გაამხნევებს მათ.
მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ ჩვენი კეთილად მგზავრობისათვის. იმედი გვაქვს, რომ ის მეგობრული ურთიერთობა, რომლის შესახებაც ძალიან ხშირად საუბრობენ ჩვენი ქვეყნების მეთაურები, უფრო მეტად განმტკიცდება და კავკასია იქნება მშვიდობიანი; ღვთის შეწევნით, მშვიდობა დაისადგურებს ამ რეგიონში. ღმერთმა დაგლოცოთ!
აი, სწორედ ბაქოში გამგზავრებასთან დაკავშირებით, ცოტა ადრე დავიწყეთ დღეს ღვთისმსახურება, - დილის 8 საათზე.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №22(329), 2005 წ.