10 ოქტომბერს სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ახალი შენობის საძირკველი აკურთხა. შენობის არქიტექტორები არიან ბატონები არჩილ მინდიაშვილი, ნიკოლოზ შავიშვილი და გიორგი მირიანაშვილი. სამშენებლო სამუშაოებს სხვადასხვა კომპანიები ახორციელებენ, მათ შორის „ცენტრ-პოინტი“ და საქგვირაბმშენი. გადაწყდა, რომ მისი აგების შემდეგ, სასწავლებელს წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელი ეწოდება. კურთხევის დროს მისმა უწმიდესობამ ბრძანა:
„ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, ვისთანაც სუფევს ნათელი ქრისტესი. ნათქვამია, რომ „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“, მაგრამ სამწუხაროა, რომ ყოველი ადამიანი ვერ ღებულობს ქრისტეს ნათელს. საქართველომ პირველი საუკუნიდან, მოციქულების ქადაგების შედეგად მიიღო ქრისტეს ნათელი და დღემდე იცავს და მუდამ დაიცავს, სანამ დედამიწა იარსებებს.
დღეს არის ისტორიული დღე: ჩვენ უნდა დავლოცოთ და ვაკურთხოთ ადგილი, სადაც აშენდება სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ახალი შენობა. ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია არა მარტო ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ საქართველოს ისტორიაშიც. საქმე ისაა, რომ უძველესი დროიდან ქართველი ადამიანი ცდილობდა, ქრისტიანული ღვთისმეტყველება და განათლება შემოეტანა საქართველოში. როცა წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი გელათის აკადემიის მშენებლობასა და დაარსებას გეგმავდა, მან მიზნად დაისახა, რომ გელათის აკადემია უნდა ყოფილიყო ახალი იერუსალიმი და მეორე ათინა; იერუსალიმი თავისი ღვთისმეტყველების მაღალი დონითა და სულიერებით, ხოლო ათინა თავისი დიდი განათლებითა და ფილოსოფიური აზროვნებით. ყოველი სასწავლებლის და განსაკუთრებით სასულიერო სასწავლებლის მიზანია, რომ მასში იყოს მაღალი სულიერება და ინტელექტი. მოგეხსენებათ, საქართველოში განათლების დიდი ტრადიცია არსებობდა, იყო გელათის, იყალთოს, გრემის აკადემიები, სასწავლებლები; ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ამას და, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციას. დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა შეგვაძლებინოს სასულიერო აკადემიის და სემინარიის ახალი შენობის აშენება ამ წმიდა ადგილზე, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ ვისი სახელობის უნდა იყოს ეს უმაღლესი სასწავლებელი და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ეს იქნება წმიდისა მაქსიმე აღმსარებელის სახელობის სასულიერო სემინარია და აკადემია. თქვენ კარგად იცით, რომ წმიდა მაქსიმე აღმსარებელი მსოფლიოში ცნობილი უდიდესი ღვთისმეტყველია, ადამიანი, რომელიც სიმართლისათვის, ჭეშმარიტებისათვის ეწამა, იგი ის სასულიერო პირია, რომელიც გადმოსახლებული იყო ჩვენს ქვეყანაში და დაკრძალულია საქართველოში. წმიდა მაქსიმე აღმსარებლის შრომებს სწავლობს მთელი მსოფლიო, მთელი მსოფლიო დაინტერესებულია იმით, რომ იცოდეს ისინი და ყოველი ერი ცდილობს, მათ ენაზე ითარგმნოს ამ უდიდესი წმიდანის შრომები.
ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის იქნება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ღვთის მადლითა და წყალობით წინ მიდის, საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხი მთლიანია და აი, ამ მთლიანობაში გამოვლინდება სწორედ ეს წინსვლის ნაბიჯები.
დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო მიიღებს მონაწილეობას ამ სულიერი ტაძრის - სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მშენებლობაში. აქ ვასწავლით ჩვენს ახალგაზრდებს იმ მაღალ აზროვნებას, იმ ღვთისმეტყველებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო ინტელექტუალური და სულიერი განვითარების გარეშე წარმოუდგენელია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ კეთილ მიზანს მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, ყველა, ჩვენი ხელისუფლება, უპირველსე ყოვლისა ჩვენი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მეცნიერები, მორწმუნე ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის დასრულებაში.
ღმერთმა დალოცოს ის ადამიანები, რომელნიც მიიღებენ მონაწილეობას ამ საქმეში, ღმერთმა დალოცოს მშენებლები და ყოველი ადამიანი, რომელიც ერთ აგურს, ერთ თეთრს მაინც შემოსწირავს ამ დიდებული მიზნის განხორციელებისათვის. როცა დიდი მეფე სოლომონი სამეფო ტახტზე ავიდა, ის ლოცულობდა, რომ უფალს მისთვის სიბრძნე და გული გონიერი მიენიჭებინა. ჩვენ, მთელი ერი შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სიბრძნე და გული გონიერი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ საწყისი სიბრძნისა არის შიში ღვთისა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სარწმუნოება, სიყვარული და იმედი! ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ეს დიდი საქმე და ყოველი ადამიანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის შენობის მშენებლობაში.“
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №35(342), 2005 წ.