ქრისტე აღსდგა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და თქვენთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს.
დღეს არის ხსენება წმიდისა კეთილმორწმუნისა მეფისა თამარისა. ძნელია, ადამიანმა სრულიად შეაფასოს თამარის ღვაწლი. თამარი - მეფე, თამარი - დიდი მოღვაწე, წმიდა მეფე თამარი - თავმდაბალი პიროვნება...
საოცარია ადამიანის ცხოვრება! ყველაფერი ღვთის ხელშია: ამაღლება, დამდაბლება, ისევ ამაღლება, ისევ დაცემა და ისევ ამაღლება... ამისგან შედგება მთელი ჩვენი ცხოვრება. აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ განსაცდელისა, მწუხარებისა; ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა“. ეს ფილოსოფიური სიტყვები ჩინეთში გამოითქვა. ერთხელ ჩემთან მოვიდა დელეგაცია ჩინეთიდან, მე ვკითხე მათ: ჩინელებს გაქვთ დიდი სიბრძნე, არსებობს ძველი ჩინური ფილოსოფია და როგორ შეეძლო ასეთ ბრძენ ხალხს, მიეღო კომუნისტური და სოციალისტური იდეები. ერთ-ერთმა მათგანმა ისევ ჩინური ფილოსოფიის მიხედვით მიპასუხა: ადამიანისა და ერის ცხოვრება მსგავსია სპირალის, რომელიც შესდგება ამაღლებისა და დაცემისგან. ეს იდეები რომ მიიღო ჩინეთმა, ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი დაცემის პერიოდში იყოო.
მრავალი ამაღლების ხანა ჰქონია საქართველოს, თქვენ იცით, რომ დავით აღმაშენებელის და თამარის ეპოქა განსაკუთრებულია საქართველოსთვის. ეს არის ის პერიოდი, რომელსაც ჩვენ ოქროს ხანას ვეძახით. რით დაიმსახურა თამარ მეფემ ასეთი დიდება, ასეთი პატივი? უპირველეს ყოვლისა, თავისი დიდი რწმენით, დიდი თავმდაბლობით, გონიერებითა და სიბრძნით. როცა ადამიანს აქვს დიდება, სიმდიდრე, მან არ უნდა დაკარგოს თავმდაბლობა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ამპარტავანს შემუსრავს და თავმდაბალს მიანიჭებს მადლს. როცა ადამიანი ღებულობს რაღაც სიუხვეს, სიმდიდრეს, დიდებას ან თანამდებობას, მას ასევე უნდა მოემატოს თავმდაბლობაც, რომ ამპარტავნებამ არ გადაწონოს, არ დასძლიოს.
საოცარი პიროვნება ბრძანდებოდა თამარ მეფე. თქვენ იცით მისი ცხოვრებიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, მტერი ხშირად იერიშით მოდიოდა, თამარი კი ჯარს ეკლესიაში დაალოცვინებდა და აზიარებინებდა ხოლმე, თვითონ მეფე კი ფეხშიშველა მონასტერში მიდიოდა, სადაც დღესა და ღამეს ასწორებდა ლოცვაში, სანამ ჯარი გამარჯვებული არ დაბრუნდებოდა. აი, ასეთი იყო თამარ მეფე.
თამარ მეფეს ერთხელ ჰქონდა ასეთი ხილვა: იდგა ორი ტახტი - ერთი დიდებული, ძალიან ბრწყინვალე, მეორე კი - მომცრო. თამარ მეფე წასულა იმ დიდი ტახტისაკენ, მაგრამ ანგელოზს უთქვამს, ეს არ არის შენი ტახტი, არამედ მეორეაო. ჩემზე აღმატებული განა ვინ არის ამ ქვეყანაზე, ამ სახელმწიფოშიო? - გაკვირვებია თამარ მეფეს. „არის. ის შენი მსახურია და მას ეკუთვნის ეგ დიდი ტახტიო“, - უპასუხია ანგელოზს, „რით დაიმსახურაო?“ - უკითხავს თამარ მეფეს. „თორმეტი მღვდლისთვის მოქსოვა და შეკერა შესამოსელი და ამ შესამოსლით თორმეტ ტაძარში თორმეტი ტრაპეზის წინ სრულდება წირვა, ამიტომ ღმერთმა დიდად მიიღო ეს შესაწირავიო“, - მიუღია პასუხად. თამარ მეფეს დილით მოუწვევია თავისი მსახური და უკითხავს: მართლა გააკეთე ესა და ესაო. კი გავაკეთეო, - უპასუხია მსახურს, - მაგრამ არ ვიცი, რაში შემეწევაო. მაშინ უბრძანებია თამარ მეფეს მსახურებისთვის, მოეტანათ მისთვისაც ძაფი, თვითონაც დაუწყია ქსოვა და შეუკერია 12 სამღვდელო შესამოსელი და 12 ტაძარში შეუწირავს. აი, ასეთი თავმდაბალი იყო თამარ მეფე. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს განსაკუთრებით ლოცულობს იგი ჩვენთვის და განსაკუთრებით ეწევა საქართველოს.
ჩვენ ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ. ბოროტი ძალიან ხშირად კეთილის ნიღბით ინიღბება და ხალხს აჩვენებს, ვითომ კეთილია, სინამდვილეში კი მაცდურია. ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად - ბოროტი. მე ხშირად მითქვამს და მინდა კვლავ გაგახსენოთ, ერთი ძალიან პატარა იაპონური ლექსი (საერთოდ, იაპონელები ძალიან გონებამახვილი ხალხია, მათ ძალიან უყვართ სილამაზე. ცნობილია X-XI საუკუნის იაპონური ბაღები, სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული ისეთი მოვლილია, ისე დალაგებულია, ისე დაწყობილი, რომ ადამიანს შეუძლია, საათობით დატკბეს ამ სილამაზით. როცა კითხულობენ, აღმოსავლეთში იაპონიაზე დიდი ქვეყნებიც ხომ არსებობს, რატომ განვითარდა იაპონია ასე სწრაფად, მეცნიერები ამ ფაქტს სწორედ სილამაზის ამ აღქმით ხსნიან). „მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ, სად არის თოვლი და სად არის ყვავილი“. ეს სიტყვები ადამიანებზეა ნათქვამი და ნიშნავს, რომ ავტორი ვეღარ არჩევს, სად არის კეთილი და სად - ბოროტი, სად - თოვლი და სად - ყვავილი. მე გული დამწყდა ასეთი დასასრულის გამო, ამიტომ რამდენიმე სიტყვა დავუმატე: „მაგრამ გამოანათებს მზე, თოვლი დადნება და ისევ დავინახავთ ყვავილს“. ჩვენ აუცილებლად დავინახავთ ყვავილს, აუცილებლად დავინახავთ სიკეთეს და ეს სიკეთე გადაგვარჩენს ჩვენ. უმაღლესი სილამაზე და უმაღლესი სიკეთე კი არის უფალი.
თამარ მეფის ლოცვით ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო, ღმერთმა ინებოს, დაგვიბრუნოს თამარ მეფის დიდება, თამარ მეფის დროინდელი რწმენა, მისი თავმდაბლობა, ის სიკეთე, რომელმაც თამარ მეფე ამ დიდების ტახტამდე აღამაღლა. ჩვენთან არს ღმერთი.
დღეს დიდი დღესასწაულია. ამ ტაძარში უკვე რამდენიმე წელია ერთგულად მსახურობს ჩვენი მოძღვარი მამა თეიმურაზ შალვაშვილი. ვითვალისწინებთ რა მის დამსახურებას ეკლესიის წინაშე, იგი დღეს ჯილდოვდება მიტრის ტარების უფლებით. მაგრამ მინდა შევახსენო მას და სხვებსაც, ვისაც უკვე აქვთ მიღებული მსგავსი პატივი, რომ როცა ადამიანი იღებს ჯილდოს, მას თავმდაბლობაც უნდა მოემატოს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღსდგა. წმიდა მეფე თამარის მეოხებით, დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველო.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19(326), 2005 წ.