„აიაზმა არის უდიდეს სასწაული ღვთისა. ნაკურთხი წყალი ყოველდღიურად უნდა მიიღოთ
უზმოზე. ეცადეთ, ხშირად აკურთხოთ თქვენი საცხოვრისი,
რომ მშვიდობამ და სიყვარულმა
დაისადგუროს თქვენს ოჯახში!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს!
დღეს კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ, რამდენად საოცარია საქმენი უფლისანი! და ვრწმუნდებით, თუ რამდენად დიდია მოწყალება ღვთისა ადამიანის მიმართ. დღევანდელ დღეს ეწოდება განცხადება უფლისა, რადგან ამ დღეს წმიდა სამება გამოეცხადა კაცობრიობას; ზეციდან გაისმა ხმა მამისა, ძე ღვთისა შევიდა იორდანეში და სულიწმიდა, სახითა მტრედისა, გარდამოვიდა მას ზედა.
ეს არის უდიდესი საკვირველება - ღმერთი, რომლისაგან ყოველი შეიქმნა, უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, მონისაგან, იოანესაგან ღებულობს ნათლისღებას. ამიტომაც იყო, რომ იოანე ნათლისმცემელი აყენებდა მაცხოვარს და ეუბნებოდა: „ეს მე უნდა მივიღო შენგან ნათლისღებაო.“ მაგრამ აქ გამოჩნდა, მორჩილება ღვთისა, მაგალითი მისი თავმდაბლობისა, - უფალმა ნათელიღო თავისი ქმნილებისაგან.
მაგრამ ყველაზე დიდი საკვირველება მაინც თვითონ ადამიანია. იგია გვირგვინი ქმნილებისა, იგია ღვთის სახება, რომელმაც მასთან მსგავსებას სულიერი მოღვაწეობით უნდა მიაღწიოს.
„იყავით სრულყოფილნი, როგორც მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს!“ - ბრძანებს უფალი. რა თქმა უნდა, ადამიანი ვერასდროს მიაღწევს მამაზეციერის სრულ მსგავსებას; მაგრამ ეს სიტყვები მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი სრულყოფის პროცესი დაუსრულებელია. სულიერ კიბეზე სვლას ადამიანი დაბადებიდან იწყებს ანუ სასუფეველი ღვთისა აქ, დედამიწაზევე იწყება. ასევე აქ იწყება ჯოჯოხეთიც.
ყველაფერი კი დამოკიდებულია ადამიანის ნებისყოფაზე. არის ისეთი პროცესი, რომელშიც მონაწილეობს ღვთის მადლი (უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი) და, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანი! ოღონდ ეს უნდა იყოს თავისუფალი ნებით, ჭეშმარიტი სიყვარულითა და სარწმუნოებით.
მაგრამ ესა თუ ის პიროვნება თუ განშორებულია ღმერთს და არ ისწრაფის მისკენ, მაშინ მადლის ადგილს მასში იკავებს ბოროტება, ვნებები და იგი სულიერ კიბეზე უკვე თავისთავად ქვემოთ მიემართება.
ვიმეორებ, ნებისმიერი ადამიანი არის ხატება ღვთისა და მისი დაცემის მიუხედავად აქვს უნარი განწმენდისა და ამაღლებისა. იგი მსგავსია ძვირფასი თვალმარგალიტისა, რომელიც ტალახში რომ ჩავარდეს, მართალია გაუჩინარდება და თითქოს ტალახად იქცევა, მაგრამ როგორც კი მას აქედან ამოვიღებთ და გავწმენდთ, ხელში იგივე სუფთა თვალმარგალიტი გვექნება. აი, ასევეა ადამიანიც. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ ცოდვათა სიმრავლისა, მთავარია, განწმედის, ჭუჭყისგან გათავისუფლების სურვილი გქონდეთ.
ჩვენი ცხოვრება დაცემისა და აღდგომისაგან შედგება. ამაშია მთელი საიდუმლოება! იმის მიხედვით კი თუ, სად არის ჩვენი ნებისყოფა, სად არის ჩვენი გონება და გული, ვაკეთებთ არჩევანს, სიკეთესა და ბოროტებას, ვიწრო და ფართო გზას შორის. და როგორც წერია სახარებაში, მართალია, ცხონების გზა რთულია, ეკლიანია, მაგრამ ესაა ერთადერთი გზა, რომელიც გადაარჩენს ადამიანს!
დღეს ჩვენ ვაკურთხეთ წყალი. წყალკურთხევას ეწოდება დიდი აიაზმა. „აიაზმა“ - ბერძნული სიტყვაა და „სიწმინდეს“ ნიშნავს. ხომ გახსოვთ „წმიდაო ღმერთო“ როგორაა, ბერძნულად: „აგიოს ო თეოს, აგიოს ისხიროს, აგიოს ათანატოს, ელეისონ იმას“ - („წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!“) სწორედ ამ სიტყვისაგან - „აგიოს“ წარმოსდგება აიაზმა. და ეს არის, მართლაც, უდიდესი სიწმინდე.
მახსენდება დედ-მამასთან გატარებული ჩემი ბავშვობის წლები. ოჯახში შენახული გვქონდა ჩვენს დაბადების წელს აღებული აიაზმა. იგი ისეთივე იყო, როგორც ახალაღებული წყალი. საერთოდ, აიაზმის სასწაულს ვერასდროს მისწვდება და ახსნის ადამიანის გონება. კომუნისტური რეჟიმის დროს ავრცელებდნენ ხმას, რომ სამღვდელოება ვერცხლის ჯვრით აკურთხებს წყალს, ვერცხლს კი აქვს ზემოქმედება წყალზე და ამიტომ არ ფუჭდება იგი. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.
ძველ დროში, უმრავლეს შემთხვევაში, წყალი იკურთხებოდა მდინარეებზე, (მაშინ სუფთა მდინარეები იყო. ახლა ყველაფერი დაბინძურებულია და მდინარეებში იშვიათად მოიპოვება სუფთა წყალი, რომ იკურთხოს). მდინარეში წყალი ხომ მიდის და მოძრაობს, როგორ შეიძლება მასზე ვერცხლით ზემოქმედება? თან, წყალკურთხევის დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვერცხლის ჯვრით იკურთხება იგი, ოქროს, თუ ხის ჯვრით. მთავარია, ნაკურთხი ჯვარი იყოს და სწორედ მას აქვს უდიდესი სასწაულებრივი ძალა!
დღეს თქვენ უნდა წაიღოთ ეს წყალი და მთელი წლის განმავლობაში უნდა იმყოფინოთ. გახსოვდეთ, ყოველ დილით უზმოზე უნდა მიირთვათ იგი; ასევე აიაზმით უნდა ასხუროთ თქვენს შვილებს, თქვენ თვითონაც დაიპკუროთ და თქვენ სახლსაც და კარმიდამოსაც ასხუროთ.
ყოველ საღამოს მამაჩემი ლოცვას რომ წაიკითხავდა, დასასრულ აუცილებლად გვასხურებდა ყველას აიაზმას და მერე მივდიოდით დასაძინებლად. ეს წესი უნდა იყოს ყოველ მართლმადიდებლურ ოჯახში, იგი დიდად შეუწყობს ხელს სიმშვიდისა და სიყვარულის ატმოსფეროს შექმნას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახლის კურთხევა. ყველა ოჯახში მოდის სტუმარი. ზოგიერთი მათგანი კეთილი გულით შემოდის, ზოგიც - ბოროტი განზრახვით. ამიტომ ხშირად უნდა აკურთხოთ სახლი. მაგალითად, წმიდა იოანე ოქროპირის და წმიდა ბასილი დიდის დროს, ყოველ თვე აკურთხებდნენ ხოლმე მორწმუნეები თავიანთ საცხოვრისს. თქვენც შესაძლებლობისამებრ უნდა გააკეთოთ ეს.
შეგახსენებთ, მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა აქვთ მიცემული, რომ ამისთვის არავითარი გასამრჯელო არ აიღონ. ეს ყველაფერი მათ უნდა გააკეთონ და აკეთებენ კიდეც სრულიად უსასყიდლოდ. მთავარია, ჩვენმა მრევლმა სიმშვიდე მოიპოვოს.
მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მშვენიერ დღესასწაულს! მართლაც დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმენი!
იორდანეს მადლმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო, რათა ვიყოთ ჩვენ ყველანი ერთსულოვანნი! ერთსულოვნება აკლია ჩვენს ერს და ღმერთმა მოგვმადლოს იგი, რათა ვიყოთ ერთი სამწყსო უფლის და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს მწყემსი ჩვენი! ამინ.
ჯანმრთელობა, ღვთის წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, თქვენს ოჯახებში, თქვენს შვილებში და მთელს საქართველოში!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №4(311), 2005 წ.