ყველას მოგესალმებით. მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის გამო.
მინდა ვთქვა, რომ პროექტი „ეტალონი“ შესანიშნავია და ძალიან პერსპექტიული. ვფიქრობ, მომავალში იგი უფრო დაიხვეწება. აქ ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული: ცოდნა, მწიგნობრობა, მაგრამ ამასთან არ უნდა გამოგვრჩეს ის, რაც აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის - ზნეობა. ცოდნა უზნეო ადამიანის ხელში საშიშია, - ეს უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ამ პროექტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ზნეობის საკითხები.
თქვენ გახსოვთ, პლატონს აქვს შესანიშნავი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ არის უბედური - ის, ვინც ბოროტებს აკეთებს თუ ის, ვისაც ბოტორებას უკეთებენ? ბოლოს იგი ასკვნის - უბედურია ის, ვინც ბოროტებას აკეთებს. ესეც უნდა ვასწავლოთ ჩვენს ბავშვებს.
მრავალი წელია ვფიქრობ, თუ როგორ შევაყვარო წიგნი ჩვენს ახალგაზრდებს. 1963 წელს მცხეთის სასულიერო სემინარია გაიხსნა. მაშინ 30 წლის, ახლადნაკურთხი ეპისკოპოსი ვიყავი. მე დამნიშნეს ამ სემინარიის პირველ რექტორად. მოგეხსენაბათ, რა დრო იყო. ეს იყო ხრუშჩოვის მმართველობის ხანა, როცა რუსეთში დაიხურა 5 სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი. მაშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II ბრძანდებოდა. იგი მთავრობაში გამოიძახეს და უთხრეს, საქართველოშიც უნდა დახუროთ რომელიმე ეკლესიაო. „რომელი?“ - იკითხა უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემმა. „მთაწმინდა“ - იყო პასუხი. უწმიდესმა ეფრემმა მათ უპასუხა: „სანამ მე ცოცხალი ვარ თქვენ ამას ვერ იზამთ!“ აი, ასეთი უმძიმესი დრო იყო.
სემინარიაში სულ რამდენიმე მოწაფე გვყავდა - დაახლოებით ათამდე. მწიგნობრობაზე ზედმეტი იყო საუბარი - ისინი სოფლებიდან ჩამოსული ახალგაზრდები იყვნენ. ვფიქრობდი, რა მომემოქმედებინა, რომ მათ წიგნები ეკითხათ. ბოლოს გადავწყვიტე მათთვის თავად ამერჩია ლიტერატურა. რა თქმა უნდა, ინტერესი მათაც უნდა გამოეჩინათ. ვურჩევდი ამ ადამიანებს წიგნებს და თითო კვირით ვატანდი. ერთი კვირის განმავლობაში კითხულობდნენ, რის შემდეგაც გვქონდა საერთო შეკრება, და იქ ამ წიგნის გარშემო ვმსჯელობდით. წიგნი აუცილებლად უნდა წაეკითხათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვებს ვერ უპასუხებდნენ და თან, რაც მთავარია, მათ წაკითხულის შინაარსიც უნდა მოეთხროთ. აი, ასე დავიწყეთ მაშინ სემინარიაში ლიტერატურის კითხვა.
ხშირად ვფიქრობ, როგორ შევაყვაროთ წიგნები ბავშვებს. მიმაჩნია, რომ ზღაპრებით უნდა დავიწყოთ. ჩვენი სემინარიის მასწავლებლებს, სასულიერო პირებს და მრევლს დავავალე, რომ ჩემთვის საჩუქრად ზღაპრები დაეწერათ ისე, თითქოს ბავშვებს უწერდნენ, თითქოს მე ბავშვი ვიყავი. სამწუხაროდ, მათ ვერ შესძლეს.
ჩემი აზრით, ბავშვებს წიგნები ზღაპრებით უნდა შევაყვაროთ. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო პერიოდში ადამიანები ნაკლებად კითხულობენ. ამის ერთ-ერი მიზეზია ტელევიზია, რომელიც წიგნს თითქოს რაღაცნაირად ჩაენაცვლა. მახსენდება ჩემი სტუდენტობა მოსკოვის აკადემიაში. იქ მეტროში თუ სხვა რომელიმე ტრანსპორტში ყველა კითხულობს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ამას ვერ ნახავთ. უნდა ვიფიქროთ ამ პრობლემაზე, - რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს წიგნი შევაყვაროთ.
ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ბრწყინვალეა და მომავალში, ალბათ, უფრო მეტად დაიხვეწება. მე, უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა მოვახსენო, პროექტის მონაწილეებს, მის მფარველებს, დამფინანსებლებს და მხარდამჭერთ. განსაკუთრებით, პროექტის ხელმძღვანელს, ბატონ გოჩას და მას საჩუქრად გადავცე სახარების ახალი გამოცემა.
და ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. როცა ვამბობთ სიტყვას „ეტალონი“, ვგულისხმობთ მისაბაძს - ეტალონი ხომ სამაგალითოს ნიშნავს. ანუ ეს არის ის, რასაც უნდა მივბაძოთ, რაც უნდა გავიმეოროთ. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში შეიმჩნევა ავტორიტეტების დამხობის ტენდენცია, თითქოს თავადვე ვცდილობთ, რომ ავტორიტეტები არ ჰყავდეს საქართველოს. ეს არაა სწორი. ქვეყანას ავტორიტეტები უნდა ჰყავდეს. ძალიან გამეხარდა, როცა ერთ-ერთმა ბავშვმა თავის ავტორიტეტად ბატონი გიორგი თარგამაძე დაასახელა - „ის ჩემი ეტალონიაო“. ავტორიტეტები ქვეყანაში მრავალი უნდა იყოს და ჩვენ მათ უნდა მივბაძოთ.
მსგავსი პროექტები მომავალში კიდევ იქნება და ამის მცდელობა დღესაც არის. ერთი ქალბატონია, თამარ ცაგარეიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთ პროექტზე იმუშაოს, პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია. პროექტის არსი ამგვარია: სამი უფროსი, საშუალო და უმცროსი თაობის წარმომადგენელი ხვდება ერთმანეთს და მსჯელობს პოლიტიკასა და სხვადასხვა საკითხებზე. მთავარი მიზანი აქ ის კი არა არის, რომ თაობები ერთმანეთს დაუპირისპირდეს, - პირიქით, მოხდეს მათი ერთმანეთთან დაახლოება, აზრების გაზიარება.
მოგეხსენებათ, საეკლესიო დროშაზე წმიდა ნინოს ჯვარია გამოსახული, რომელსაც გარს ერტყმის სხვადასხვა ზომის ლურჯი ზოლები. თუ მიაქციეთ ყურადღება, ამ ჯვრის გარშემო ჯერ მიდის სქელი ზოლი, მერე წვრილი, მერე ისევ სქელი, და ასე მონაცვლეობით. ეს სწორედ თაობების გაერთიანების სიმბოლოა - დროშის შექმნისას ჩვენ მასში სწორედ ეს აზრი ჩავდეთ. დღეს ჩვენ თაობების გაერთიანებაზე უნდა ვიფიქროთ.
ახლა კი ვულოცავ პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებულებს ამ დიდ წარმატებას.
დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ცოდნა აუცილებელია, მაგრამ ზნეობა და აღზრდა არანაკლებ საჭიროა. ჩვენ ყველას ერთად გვმართებს ამაზე ფიქრი!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34(341), 2005 წ.