„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უმნიშვნელოვანესი პრობლემები დგას დღეს ჩვენს
წინაშე,
არა მარტო ეკლესიის, არამედ ერის, ჩვენი მეცნიერებისა და კულტურის წინაშე,
რომელთა გადაჭრასაც დროულად უნდა შევუდგეთ“
ქალბატონებო და ბატონებო!
გულითადად მოგესალმებით ყველას. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. მინდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მოგესალმოთ ყველას. ჩვენ თავს ვიხრით თქვენს წინაშე იმ დიდი ღვაწლისათვის, იმ დიდი წვლილისათვის, რაც თქვენ შეიტანეთ და დღესაც შეგაქვთ მეცნიერების საგანძურში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ თამაზს არჩევა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე. მინდა, ასევე მადლობა მოგახსენოთ თქვენი გადაწყვეტილებისათვის, ჩემს არჩევასთან დაკავშირებით.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ ხელს უწყობდა მეცნიერების განვითარების პროცესს. ჩვენთან იყო და დღესაც არის საოცარი ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს პატრიარქობის დროს დამკვიდრდა. მეცნიერები, ჩვენი კულტურის მუშაკები იკრიბებოდნენ პატრიარქთან ხუთშაბათობით და მიდიოდა მსჯელობა ამა თუ იმ საკითხებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. და მოხარული ვართ, რომ გვაქვს ხშირი შეხვედრები როგორც მეცნიერებთან, ისე საზოგადო მოღვაწეებთან. ერთი დიდი მეცნიერი ამბობს: ჩვენს წინაშე ორი დიდი წიგნია - ბიბლია და მეცნიერება ბუნების შესახებ. და თუ ზოგიერთი ამბობს, რომ ეს ორი წიგნი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავად ვერ გებულობს ან ერთს, ან მეორეს.
ურთიერთობა რწმენასა და ცოდნას შორის - ეს არის უძველესი პრობლემა. ჯერ კიდევ I-II საუკუნეებში განიხილებოდა ეს საკითხი. ამის დამადასტურებელი არის შრომა წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელისა, რომელსაც ეწოდება „სტრომატა“ ანუ „ხალიჩები“, სადაც ნათქვამია, რომ ორივე, ცოდნაცა და რწმენაც, აუცილებელია ადამიანისათვის. ეს უდიდესი მეცნიერი და ფილოსოფოსი მსჯელობს იმის შესახებაც, თუ რომელია პირველადი და ამბობს, რომ პირველადი არის რწმენა და მასზე არის დაშენებული ცოდნა. ბოლოს იგი საოცარ დასკვნას აკეთებს და ამბობს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა და რომ საფუძველი ამისა არის თვითონ სახარებაში, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიმართავს თავის მოციქულებს და ეუბნება: „მეგობარნო ჩემნო; მე არ გიწოდებთ თქვენ მონას, არამედ მეგობარს, რადგან თქვენ უკვე ყველაფერი იცით, რაც გადმოგეცით“.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ თითქმის ყოველი მონასტერი საქართველოში იყო არა მარტო სულიერი მოღვაწეობის ადგილი, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრიც, მაგალითად, ივერთა მონასტერი ათონის მთაზე, პეტრიწონი და მრავალი სხვა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ტრადიცია აღდგეს. ეს არ არის ადვილი, იცით, როგორი მძიმე გზა განვლო ეკლესიამ ამ 200 წლის მანძილზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტრადიცია, რომელიც ახასიათებდა ქართულ ეკლესიას, კვლავ გაცოცხლდეს და ჩვენი ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ავიდეს. სწორედ ამ მიზნით დავაარსეთ ჩვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, რომელიც მოემსახურება ჩვენი სულიერების, მეცნიერებისა და კულტური აღორძინებასა და განვითარებას. ზოგიერთი თქვენგანი უკვე არჩეულია საბჭოში, რომელიც იქნება ამ ფონდის განმგებელი.
მინდა, მეცნიერებათა აკადემიას საჩუქრად გადავცე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს
ვერცხლის ხატი.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყურადღებისათვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ არჩევისათვის.
მინდა ასევე ვთქვა, რომ სრულიად ვეთანხმები ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს იმაში, რომ შემთხვევითი არ არის, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი ახლა დაარსდა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პროცესი გარდაუვალია. და იმისდა მიუხედავად, გვინდა ჩვენ ეს თუ არა, იგი აუცილებლად გაგრძელდება. ამ დროს ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სულიერი და ეროვნული ფასეულობანი.
ჩვენ გვაქვს დიდი სწრაფვა დასავლეთისკენ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთიდან შემოდის კულტურაც და შემოდის ფსევდოკულტურაც. ჩვენ უნდა გავარჩიოთ, რა არის მისაღები და რა არა.
სრულიად გეთანხმებით იმაში, რომ ამ ფონდს ექნება ძალინ დიდი მნიშვენელობა. თქვენ ჩვენი საამაყო მეცნიერები ბრძანდებით და მინდა, რომ უბრალოდ მაყურებლის როლში კი არ იყოთ, არამედ ამ ფონდის მუშაობაში ქმედითი მონაწილეობა მიიღოთ. თქვენგან ველოდებით ძალიან საქმიან რჩევებს. მე ასე წარმომიდგენია: ფონდმა უპირველეს ყოვლისა საქმე უნდა გაკეთოს. არის ასეთი თანამედროვე გამოთქმა: „მე გეხმარები შენ იმისათვის, რომ შენ დაეხმარო საკუთარ თავს.“ ჩვენი მუშაობა ეტაპობრივი უნდა იყოს.
ორიოდე დღის წინ ვუსმენდი ჩვენს რადიოში ბატონი შოთა ნადირაშვილის ძალიან საინტერესო ლექციას, სადაც ბატონი შოთა საუბრობდა იმაზე, რომ წინა მთავრობებმა ვერ შემოგვთავაზეს ისეთი იდეა, რომელსაც გაჰყვებოდა ხალხი და მხარს დაუჭერდა. ჩვენ ამ ფონდით ისეთი იდეა უნდა შევქმნათ, რომ მთელი ერი ამოგვიდგეს მხარში და ამაში თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება.
საერთოდ მე მქონდა ერთხელ თუ ორჯერ შეხვედრა ჩვენს ფსიქოლოგებთან და ვუსაყვედურე კიდეც მათ, რომ სათანადოდ არ მუშაობენ. ფსიქოლოგები უნდა იყვნენ ყველა დაწესებულებაში და რჩევებს უნდა გვაძლევდნენ - ჩვენც, პარლამენტსაც, მთავრობასაც, პატრიარქსაც, სკოლებსაც და ყველას. და ჯერ-ჯერობით ეს არ კეთდება. მომავალში, ალბათ, ასეც იქნება. მაშინ ფსიქოლოგებმა ხუმრობით მითხრეს, რომ ზოგიერთს ეშლება ფსიქოლოგი და ფსიქიატრი და ამიტომ უარს ამბობენ ჩვენს დახმარებაზეო. მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს უკვე აღარავის ეშლება და ფსიქოლოგები უნდა გააქტიურდნენ.
მინდა, მოგახსენოთ კიდევ ერთი რამ. რამდენიმე წლის წინ მე გამოვთქვი ასეთი აზრი, რომ სასკოლო პროგრამაში ჩვენ უნდა შევიტანოთ ღრმა აზროვნების, განყენებული თუ ფილოსოფიური აზროვნების კურსი. ეს უნდა იყოს პირველი კლასიდან ბოლო კლასამდე. აქ რა თქმა უნდა, ლოგიკაც იქნება გამოყენებული, ანთროპოლოგიაც, ფილოსოფიაც. ეს შეიძლება გაკეთდეს დიალოგების სახით. დიალოგები, მაგალითად, აქვს პლატონსაც, ნიკოლოზ კუზანელსაც და სხვებსაც. ეს ძალიან განავითარებს ჩვენს გონებას. რადგან როგორც ჩვენს ფიზიკურ კუნთებს სჭირდება ვარჯიში, ასეთივე სჭირდება ვარჯიში ჩვენს გონებას.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და გულის კულტურა და
გრძნობების კულტურა ჭარბობს ჩვენში. ჩვენ ჯერ რაიმეს ვაკეთებთ და მხოლოდ შემდეგ
აკონტროლებს მას გონება. იმ დროს, როდესაც ჯერ გონება უნდა განსჯიდეს და იაზრებდეს,
ვიდრე რაიმეს მოვიმოქმედებდეთ, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამდეთ. ეს ძალიან
სერიოზული საკითხია. და თუ ჩვენ შევიტანთ საშუალო სკოლაში ასეთ საგანს, მაშინ
საშუალო სკოლის დამთავრებისას ჩვენ გვეყოლება მოაზროვნე ადამიანი და იმ შეცდომებს,
რომლებსაც დღეს უშვებს ახალგაზრდა, მომავალში აღარ დაუშვებს. მე ვფიქრობ, ასეთი
კურსის შექმნა ამ ფონდის ერთ-ერთი მიზანიც იქნება. ვფიქრობ და განათლების მინისტრიც
დაგვთანხმდება. ბევრია ისეთი საკითხი, რომელიც არ ითმენს. მაგალითად, თქვენ კარგად
მოგეხსენებათ, რომ მილიონზე მეტი ახალგაზრდა გასულია უცხოეთში, ზოგი მათგანი
დაბრუნდება, ზოგი კი ვერა.
როგორ დავეხმაროთ, რომ მათ არ დაივიწყონ მშობლიური ენა და არ მოწყდენ თავის
ფესვებს? ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზეც.
ასე რომ, ეს ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №9(316), 2005 წ.