„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი
ახალგაზრდობა მეცნიერებით
დაინტერესდეს“
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ნამდვილად ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით; მადლობელი ვარ იმ პატივისათვის, რომელიც მე მომაგეთ. მეცნიერებათა ერონული აკადემიის საპატიო წევრად არჩევა ჩემთვის დიდი დაფასებაა და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმას, რომ ჩვენი ეკლესია და მეცნიერება თანდათან უახლოვდება ერთმანეთს.
კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მეცნიერების პირველი კერები იყო მონასტრები, სადაც სულიერადაც მოღვაწეობდნენ ჩვენი მამები რომლებიც, ამავე დროს, დიდ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდნენ. შემთხვევითი არაა, რომ მეცნიერებათა აკადემია ითვლება გელათის აკადემიის მემკვიდრედ, რომელიც წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ დაარსდა. თუ რას უნდა ემსახურებოდეს აკადემია, გამოხატულია მის სიტყვებში, რომ იგი უნდა ყოფილიყო ახალი იერუსალიმი და მეორე ათინა, იერუსალიმი _ თავისი სულიერებით, ხოლო ათინა თავისი დიდი მეცნიერებით.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დღეს მძლავრი მეცნიერული ცენტრია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ამასთან უნდა ვიზრუნოთ მის გაძლიერებაზე. აღმასვლის პროცესი უნდა იყოს უწყვეტი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ახალგაზრდობაში ერთი სამწუხარო ტენდენცია მკვიდრდება _ მეცნიერება აღარ არის მათი ინტერესის სფერო. ჩვენი ახალგაზრდები სხვათა შორის, ნიჭიერი ახალგაზრდები, გატაცებულნი არიან პოლიტიკით, ეკონომიკით, ფინანსებით და სხვა ამგვარი საკითხებით. რა თქმა უნდა, ქვეყნისათვის ესეც საჭიროა, მაგრამ საქართველო მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია, მე ვიტყოდი, უპერსპექტივოა. აი, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მეცნიერებით დაინტერესდეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის მისი დაფინანსება ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს.
მიმაჩნია, რომ მეცნიერებათა აკადემიამ უნდა იზრუნოს, რომ ამ მეცნიერული ცენტრით დაინტერსდეს არა მარტო საზოგადოება, არამედ ხელისუფლებაც. ამ მიზნით, ჩემი აზრით, უნდა შემუშავდეს ისეთი პროგრამები, ისეთი წინადადებები, რომელიც ხელს შეუწყობს, დღევანდელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარებას. მაგალითად, აქ უნდა განიხილებოდეს ისეთი საკითხები, როგორიც არის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია, ეკონომიკური გაჯანსაღება, განათლების სისტემა, სოფლის მეურნეობა და ა.შ. ანუ მრავალი ის პრობლემა, რომლებიც დღეს ასე გვაწუხებს. არ შეიძლება, რომ მეცნიერებათა აკადემია იყოს ჩაკეტილი. უნდა შეიქმნას ჯგუფები, სადაც გაერთიანდებიან ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ეკლესიის წარმომადგენლები, პოლიტოლოგები... და შეიმუშავებენ გარკვეულ რეკომენდაციებს. ასევე უნდა შეიქმნას მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებს და ამა თუ იმ თემას საერთო კრებისათვის მოამზადებს.
ვფიქრობ, მეცნიერებათა აკადემიამ უნდა უხელმძღვანელოს ქართველოლოგებისა და კავკასიოლოგების მუშაობასაც. კარგად მოგეხსენებათ, რომ წარსულში იყო უფრო მეტი ქართველოლოგი, მაგრამ იმის გამო რომ, ჩვენი მხრიდან მათ შესაბამისი ყურადღება არ ექცეოდა, და არც სათანადო დაფინანსება იყო, უცხოელი ქართველოლოგები ძირითადად გახდნენ ან არმენოლოგები, ან საერთოდ წავიდნენ ამ დარგიდან. რაც მეტად სამწუხაროა. და ეს ხარვეზი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
რაც შეეხება იმ საკითხებს, ბატონო პრეზიდენტო, რომელიც თქვენ დააყენეთ, ფაქტი ერთია, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ის სამეცნიერო ინსტიტუტები, რომლებიც მეცნიერებათა აკადემიასთან არსებობს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაშოროთ ინსტიტუტები და მეცნიერებათა აკადემია ერთმანეთს. ამ დაშორებით ერთიცა და მეორეც დაიშლება, ამიტომ სრულიად ვუჭერ მხარს თქვენს წინადადებას, რომ ინსტიტუტების ურთიერთობა მეცნიერებათა აკადემიასთან, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ასე ინტენსიურად და ნაყოფიერად ხორციელდებოდა, ისევ უნდა გაგრძელდეს.
მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ეკლესია მუდამ ამოგიდგებათ მხარში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეცნიერებათა აკადემიამ თავისი ნაყოფი მომავალშიც გამოიღოს.
იმედი მაქვს, რომ ის შესანიშნავი ტრადიცია, ხუთშაბათობით მეცნიერებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრებისა და საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისა, კვლავაც გაგრძელდება და ურთიერთსასარგებლო იქნება.
კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას ყურადღებისა და დიდი პატივისათვის, რომელიც მომაგეთ მე და ჩვენს ეკლესიას.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.
ამინ!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №16(323), 2005 წ.