„უფალი უკვე არჩევს, ვინ უნდა დადგეს მარჯვენით და ვინ - მარცხენით. უფალი ხედავს ამას და ჩვენც ვხედავთ“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
თითოეული თქვენთაგანისთვის კარგადაა ცნობილი მოღვაწეობა დიდი ღირსი მამისა სერაფიმე საროველისა. ნებისმიერ დროს, როცა მასთან ადამიანები მიდიოდნენ, ყველას მუდამ ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „სიხარულო ჩემო, ქრისტე აღსდგა!“ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღე მისთვის აღდგომის დღესასწაული იყო.
ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ დღეს ახალი წლის საერო დღესასწაულია. ზოგი დღესასწაულობს ამას, ზოგი - არა. ჩვენ ვიცით, რომ წარსულში ახალი წლის აღნიშვნის თარიღი მრავალგზის შეცვლილა. იყო დრო, როცა ახალი წელი, მარტიდან იწყებოდა.
საეკლესიო ახალი წელი ძველი სტილით 1 სექტემბრიდან იწყება.
მიუხედავად იმისა ვდღესასწაულობთ დღეს ახალ წელს თუ არა, - ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, - მინდა, დღეს ყველამ ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით.
ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. და ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვიცვლებით, საით მივდივართ - როგორი ცვალებალიბაა ჩვენში - სიკეთისკენაა თუ ბოროტებისკენ.
უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, - ბრძოლა აუცილებელია. როგორც თქვა ერთმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა: „ქვეყანა გაიყო შუაზე და ბზარმა გაიარა ჩემს გულზე“. თვით ადამიანშია ეს წინააღმდეგობა და ბრძოლა კეთილსა და - ბოროტს შორის. მაგრამ ადამიანი არასოდეს არ უნდა შეურიგდეს ცოდვას, არ უნდა დატკბეს ცოდვით. მას უნდა ახსოვდეს, რომ ცოდვა - ბოროტისაგანაა, - იგი ბოროტი სულის მიერ ადამიანის დაცინვაა. შეაცდენს და შემდეგ დასცინის. საერთოდ, დაცინვა ბოროტი სულის თვისებაა. რაც არ უნდა ნაკლი დაინახო სხვა ადამიანში, არავთარ შემთხვევაში არ უნდა დასცინო. თუ ადამიანს რაიმე დადებითი თვისებები გააჩნია - სილამაზე თუ სიკეთე, - უნდა ახსოვდეს რომ ეს მისი დამსახურება არ არის. ეს არის ღვთის ჯილდო, ღვთის მადლი და ჩვენ მუდამ უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
როცა გუშინ ერს ტელევიზიით ახალი წელი მივულოცე, ვთქვი, რომ არსებობს სინერგია, რომელიც ღვთისა და ადამიანის ენერგიის დაახლოებით მიიღწევა. ეს არის ადამიანის მაცხოვნებელი, დიდებული და საოცარი პროცესი. საოცარ შედეგს გამოიღებს ის ადამიანი, რომელშიც სინერგია ხდება. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად პირიქითაც ხორციელდება, როცა ერთმანეთს შორდება ღვთისა და ადამიანის ენერგია. ღმერთი ჩვენსკენ მოდის, ადამიანი კი მას შორდება. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია, შეუერთდეს ერთმანეთს კეთილი და ბოროტი. როცა ადამიანი ბოროტისკენ მიიდრიკება იგი ღმერთს შორდება.
ხშირად ამბობენ, რომ ღმერთი სჯის. ბოროტების მოქმედი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდის. ბოროტმოქმედი ადამიანი ღმერთმა სამოთხეში რომ შეიყვანოს, მისთვის ეს ტანჯვა იქნება. რადგან იგი მთელი ცხოვრება ბოროტებას ჩადიოდა, მთიდან დაქანებულ ქვას ემსგავსა და მას ვეღარაფერი შეაჩერებს.
დღეს ყველას უჭირს. უპირველეს ყოვლისა, ხალხს სულიერად უჭირს. ჩვენც, მორწმუნეებსაც გვიჭირს და მითუმეტეს, ურწმუნო ადამიანს როგორ გაუჭირდება? ერთ მოხუცებულ ქალბატონს ჰკითხეს: დღეს ყველაზე მეტად რა აკლია ქართველ კაცსო. მან ასე უპასუხა: დღეს ყველაზე მეტად ქართველ კაცს ქართველობა აკლიაო. და ეს იმიტომ, რომ სულიერება აკლია და ქართული წეს-ადათი დაივიწყა ქართველმა ადამიანმა. როგორი კრძალვა იყო ძველად ქართულ ოჯახში შვილებსა და მშობლებს შორის! როგორი მორჩილება იყო შვილებისა მშობლების მიმართ! სადღაა დღეს ყოველივე ეს?!
დღეს ყველაფერი შეიცვალა. თანამედროვე საზოგადოებაში წარმოიშვა ტერმინები: „ლიბერალიზმი“, „დემოკრატია“, „თავისუფლება“. მართალია, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თავისუფლება ჩვენი გამოცდაა. ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისი ცხონების პროცესში. ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უფალი უკვე არჩევს, ვინ უნდა დადგეს მარჯვებით და ვინ - მარცხენით. უფალი ხედავს ამას და ჩვენც ვხედავთ.
თუ ადამიანი დაეცა, ამის გამო სასოწარკვეთილაში არ უნდა ჩავარდეს. მთავარი ის კი არ არის, რომ დაეცა; მთავარი ის არის, რმო მას ადგომის სურვილი ჰქონეს. მთავარი ის არის, რომ ადამიანს ცოდვა ცოდვად მიაჩნდეს და არა ჩვეულებრივ მოვლენად, ან ადამიანის ბუნების თვისებად.
წმიდა წერილში წერია: „არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არ სცოდოს“. ე.ი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამქვეყნად და არ სცოდოს. წმიდა ეფრემ ასური ამისთვის შესანიშნავ წამალს გვთავაზობს, იგი უფლისამი ასეთ ლოცვას აღავლენს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. რატომ დაუკავშირა წმიდა ეფრემ ასურმა ეს ორი რამ - „განცდაი თვისთა ცოდვათა“ და „არა განკითხვა“. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს განიკითხავს, - აუცილებლად ვარდება იმავე ცოდვაში, რასაც განიკითხავს. ამიტომ წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა არის საშუალება იმისა, რომ ადამიანი ცოდვებისაგან გათავისუფლდეს. ამას გისურვებთ თქვენ ყველას, ჩემს თავსაც, მთელს საქართველოს და მთელ ქვეყანას, რომ გავთავისუფლდეთ იმ „ძველი კაცისაგან“, ძველი ვნებებისაგან, ძველი ცოდვებისაგან, შუღლისაგან, მტრობისაგან, ორგულობისაგან, უწმუნოებისაგან და ღვთის მადლით მოვიპოვოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სასოება, თავმდაბლობა, მორჩილება და ყოველი სიკეთე, რომელსაც ანიჭებს უფალი მადლითა სულისა წმიდისათა.
უნდა ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე. ის, რასაც ჩვენ აწმყოს ვუწოდებთ, პრინციპში - წარსულია. აწმყო წამია, რომელიც მყისვე გაივლის და უკვე წარსულში გადადის. ამიტომ უფრო სწორი იქნებოდა თუ აწმყოს არ ვახსენებთ და ვიტყვით მხოლოდ - წარსული და მომავალი. და იმედი გვაქვს, რომ მომავალი, ღვთის მადლითა და წყალობით, ღვთის კაცთმოყვარეობით კეთილი და მშვიდობიანი იქნება ჩვენთვის.
მინდა შეგახსენოთ, რომ ათონის მთაზე წმიდა ათანასეს ლავრაში XVII-XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა ერთი ბერი - კირილოს ლავრიოტისი. იგი ლავრაში ცხოვრობდა და იმიტომ მიიღო ასეთი სახელი - „ლავრიოტისი“, - კირილე ლავრელი. ის განმარტავს „იოანეს გამოცხადებას“ და ამბობს: როცა უფალი შვიდ ეკლესიას მიმართავს, VI - ფილადელფიის ეკლესია, არის საქართველოს ეკლესია. ჩვენ თუ წავიკითხავთ მიმართვას 7 ეკლესიისადმი, შევამჩნევთ, რომ ყველაზე კარგი - ფილადელფიის ეკლესიისადმია, უფალი ბრძანებს: შენს წინ კარი ღიაა! ეს არის სასუფევლის კარი. იქ წერია ასევე, რომ „ჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს (აქ იგულისხმება მეორედ მოსვლის წინ ანტიქტრისტეს მეფობის საშინელი ჟამი), მე დაგიფარავ შენ!“ აი, ასე მიმართავს საქართველოს; ასეთია ნება ღვთისა, ასეთია წყალობა ღვთისა. მე არ ვიცი, რით დავიმსახურეთ ჩვენ ეს. საინტერესო ისაა, რომ კირილოს ლავრიოტისი ამას წერს იმ დროს, როცა საქართველომ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, როცა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. და აი, ამ დროს იგი საუბრობს საქართველოს გაბრწყინებაზე. და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის. დიდება და მადლობა უფალს მისი წყალობისა და კაცთმოყვარეობისათვის!
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ქართველნი და მთელი საქართველო ღირსი გახდეს ღვთის დიდი წყალობისა!
ღმერთმა მშვიდობა, სიხარული და სიყვარული მოგანიჭოთ!
ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1, 2006 წ.