„როცა უფალი გვაძლევს მძიმე ჯვარს, - ასევე გვაძლევს სულიერ ძალას, რომ ესჯვარი ბოლომდე მივიტანოთ“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ორ დიდ ღღესასწაულს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხსენებას წმიდისა დედისა ჩვენისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა.
ამაღლება უფლისა იმაზე მიგვითითებს, რომ ჩვენც სულიერად უნდა ავმაღლღეთ, უნდა მოხდეს სულიერ კიბეზე ჩვენი ზეაღსვლა. სახარებაში ნათქვამია, რომ უფალმა აღიპყრნა ხელნი თვისნი, აკურთხა მოციქულები და ამაღლდა ზეცად. მოციქულუბმა თაყვანი სცეს მას და მობრუნდნენ იერუსალიმში, აღვსილნი სიხარულითა დიდითა.
არადა, რომ დავფიქრდეთ, ასე არ უნდა ყოფილიყო, ხდება განშორება უფალთან და ეს სამწუხარო მოვლენა უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმდენად დიდი იყო მოციქულთა რწმენა, მათი სიყვარული უფლისადმი, რომ მუდამ ახსოვდათ იესო ქრისტეს სიტყვები: „მე თქვენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“. მოციქულებს სწამდათ რომ უფალი მათ შორისაა უხილავად და ჩვენც გვწამს რომ უფალი ჩვენთან არს. ეს გვანიჭებს სულიერ ძალას, რათა დავთრგუნოთ ჩვენი მანკიერი თვისებები და წინ აღვუდგეთ იმ უარყოფით მოვლენებს, რომელიც გვხვდება ცხოვრების გზაზე. ეს რწმენა რომ არ იყოს, თითქმის, შეუძლებელი იქნებოდა გაძლება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანის ჯვარი მძიმეა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთმანეთს ჯვარი კი არ დავუმძიმოთ, არამედ შევეწიოთ მის ტვირთვაში და, შეძლებისდაგვარად, შევუმსუბუქოთ. პავლე მოციქული ამბობს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. ღმერთმა მოგანიჭოთ ის ძალა, ის სულიერი სიმაღლე, ის მადლი, რომლის შეწევნით ჩვენ გავუადვილებთ ცხოვრებას მოყვასსა ჩვენსა.
დიდია უფალი და როცა იგი გვაძლევს მძიმე ჯვარს, ასევე გვანიჭებს სულიერ ძალას, რომ ეს ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ.
დღეს ასევე არის ხსენება წმიდისა დედისა ჩვენისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა. წმიდა ნინო დღეს ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. და ამიტომ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა მისი დიდი წყალობისა, ღვთიური მადლისა, რომელიც არის „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“.
ბოდბის ეპარქია უძველესი ეპარქიაა საქართველოში. აქ იღვწოდნენ დიდი მღვდელმთავრები, დიდი მოღვაწეები და ჩვენ შევთხოვთ მათ, რომ ლოცვა აღავლინონ ჩვენთვის, საქართველოსთვის, საქართველოს მშვიღობისა და კეთილდღეობისათვის, საქართველოს გამთლიანებისა და ქართველი ხალხის ერთსულოვნებისათვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ამთლიანებს და ბოროტი ძალა განჰყოფს. როცა ჩვენ გვესმის რაიმე განხეთქილების შესახებ, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს, არის იარაღი ბოროტი ძალისა. ხოლო ვინც ამთლიანებს და ერთობას აღადგენს - ის არის მონა და მსახური ღვთისა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მინდა განსაკუთრებით მივულოცო მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, რომელიც აქ მოღვაწეობს და რომელიც არის პირველი სულიერი შვილი წმიდა ნინოსი. ვითვალისწინებთ რა მის დამსახურებას, იგი აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და დიდხანს იშრომოს ამ ეპარქიაში მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა.
თქვენ იცით, რომ აქ ასევე მოღვაწეობენ ჩვენი დიდებიც. ის ვინც სულიერად შრომობს, უპირველეს ყოვლისა, მოღვაწეობს თავისი სულისათვის. ჯერ ადამიანმა საკუთარ სულს უნდა არგოს, ჯერ სულიერად უნდა განიწმიდოს და მერე მიიღოს მადლი სულისა წმიდისა.
მახსენდება ის მძიმე წლები, როცა დახურული იყო ეს წმიდა მონასტერი და აქ ინახებოდა სასუქი. ამიტომაა რომ ახლა ეს ფრესკები ცვივა, შხამ-ქიმიკატებისგანაა დაზიანებული.
მახსოვს, ერთხელ, მამასთან ერთად ბოდბის მოსალოცად ჩამოვედი, გვინდოდა თაყვანისცემა წმინდა ნინოს საფლავისათვის. მონაზვნებმა ღამე ფარულად გაგვიღეს ტაძრის კარი, შემოვედით აქ და ვნახეთ, როგორ იყო დაყრილი მრავალი ტონა ქიმიური სასუქი. ჩვენ ვემთხვიეთ კედლებს. მაშინ აქ რუსი დიდები მოღვაწეობდნენ, არცერთი ქართველი არ იყო.
და აი, დადგა ბედნიერი ჟამი და უფალმა აღადგინა ეს ეპარქია და ეს წმიდა მონასტერი. ძალიან ბევრს აკეთებს ამ მონასტრის იღუმენია, დედა თეოდორა, რომელიც აქ ბრძანდება. თქვენს წინ ხდება ფერისცვალება ამ მონასტრისა და მე იმედი მაქვს, რომ ასევე მათი სულების ფერისცვალებაც ხდება, რადგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს სულის ფერისცვალება. ჩვენ ვითვალისწინებთ დედა თეოდორას მოღვაწეობას და ვაჯილდოებთ მას მეორე ჯვრის ტარების უფლებით. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და უფრო დიდი ძალა მისცეს მას მომავალი მოღვაწეობისათვის.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა წმიდა ნინოს ლოცვით.
მრავალს დაესწარით ამ ორივე დღესასწაულს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №22, 2006 წ.