„ასურელმა მამებმა აიღეს ტვირთი საქართველოსი“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს!
დღეს არის არა მარტო საეკლესიო, არამედ დიდი ეროვნული დღესასწაული - ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა.
სამოციქულოს დღევანდელ საკითხავში თქვენ მოისმინეთ პავლე მოციქულის სიტყვები: „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. სწორლ ეს არის გზა სამოთხისაკენ, გზა უფლისკენ, - როცა ადამიანი საკუთარ მხრებზე ტვირთულობს სხვა ადამიანის სიმძიმეს. ეს არის ის, რაც აცხოვნებს ამა თუ იმ პიროვნებას და აცხოვნებს ერს.
ღირსი მამა იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე სწორედ ამას ემსახურებოდნენ. მათ აიღეს ტვირთი საქართველოსი და მათ დააარსეს წმიდა სავანეები, მონასტრები. ერთ-ერთი თვალსაჩინო და, შეიძლება ითქვას, ყველაზე გამორჩეული მოწაფე იყო შიო მღვიმელი. წმიდა იოანე ზედაზნელმა განიზრახა, მოენახულებინა თავისი მოწაფეები და ეხილა, ვინ როგორ მოღვაწეობს. როცა იგი აქ მოვიდა, შიო მღვიმელი მას ხელზე დანთებული ნაკვერჩხლით შეეგება! ასე საცეცხლურის ნაცვლად, ხელზე დაენთო მას ნაკვერჩხალი და იგი არ სწვავდა წმიდა იოანე ზედაზნელი მოხედა, რომ დიდ სიწმინდეს მიაღწია მისმა მოწაფემ.
საკვირველია და სასწაულებრივი ღირსი მამა შიო მღვიმელის ცხოვრება! ალბათ სწორედ ამით აიხსნება ის, რომ საქართველოს თითქმის ყველა მეფე და მითუმეტეს კათოლიკოს-პატრიარქი საგანგებოდ მოდიოდა, რათა თაყვანი ეცა ჩვენი ქვეყნის ამ წმიდა სავანისთვის და ღირსი მამა შიო მღვიმელისთვის.
თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად, ყველიერის ხუთშაბათს, შიო მღვიმელის ხსენების დღეს, გამოჩნდებოდა ხოლმე ერთ-ერთი რომელიმე წმიდა ნაწილი ღირსი მამისა. ბერები დიდი ყურადღებით ელოდნენ წმიდა ნაწილების გამოჩენას. მათ მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად უკვე იცოდნენ, თუ რომელ ნაწილს რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და რას მოასწავებდა მისი გამოჩენა.
შიომღვიმის მონასტრის ძველი წინამძღვრებისაგან (მათ შორის უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-სგან, რომელიც იღუმენობის პერიოდში შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი ბრძანდებოდა) მსმენია, რომ ერთხელ ყველიერის ხუთშაბათს, როცა ბერები ღირსი მამის წმიდა ნაწილების გამოჩენას ელოდნენ, უეცრად საფლავიდან უჩვეულო კაკუნი მოისმა და გამოჩნდა ღირსი მამა შიო მღვიმვლის თავი. ასეთი შემთხვევა არივის ახსოვდა და ვერავინ ახსნა, რას მოასწავებდა ეს სასწაული. ძალიან მალე მოხდა საშინელი და სისხლიანი რევოლუცია რუსეთში, რომელმაც მოიცვა ჩვენი ქვეყანაც და ნახევარი მსოფლიო.
ღირსი მამა შიო მღვიმელი დღესაც ლოცულობს, დღესაც მოღვაწეობს, დღესაც გვეხმარება ჩვენ. მან იტვირთა ჩვენი სიმძიმე და ამით ასრულებს თავის მოვალეობას - აღასრუღებს სჯულსა ქრისტესა.
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში, როცა მრავალი სიძნელე აქვს გადასალახი ჩვენს ერს. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი გამოცდა. ფილადელფიის ეკლესიას ასე მიმართავს უფალი იოანეს გამოცხადებაში: „ჟამსა განსაცდელისასა მე დაგიფარავ შენ!“ დაიფარავს უფალი საქართველოს და საქართველო გადარჩება! და საქართველო აუცილებლაღ იქნება მაგალითი ჭეშმარტი სარწმუნოებისა. საქართველომ არ მხოლოდ თავისი თავი, თავისი ერი, არამედ სხვებიც უნდა მოიაქციოს და ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს. ეს არის ქართული მისია, ეს არის ჩვენი ერის მოვალეობა. აი, ამ გზას უნდა გავყვეთ და ყველასათვის სიკეთე უნდა ვაკეთოთ. ქრისტიანი სიკეთეს არა მარტო კეთილისმყოფელებს უკეთებს, არამედ - ყველას. ამიტომ განსაკუთრებით, ლოცვები უნდა აღვავლინოთ და სიკეთე უნდა გავუკეთოთ გზააცდენილ ადამიანებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი უფლის გზაზე დადგნენ.
ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №11, 2006 წ.