„თუმცა პატარა ვიყავი, კარგად
მახსოვს, რომ როდესაც სასულიერო პირების შესამოსელს
შევეხებოდი, საოცრად ბედნიერი ვიყავი და სახლში დიდი მადლი მიმქონდა!“
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის ორი დიდი წმინდანის - წმინდა წინასწარმეტყველის ელია თეზბიტელისა და ჩვენი ეროვნული წმინდანის - ილია მართლის ხსენების დღე. განსაკუთრებულია მათი ღვაწლი კაცობრიობისა და ჩვენი ერის წინაშე. შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევითი არ არის, რომ ამ მთას, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, წმინდა ელიას მთა ეწოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მთაზე წმინდა ელია წრასწარმეტყველის მიერ აღსრულებული დიდი სასწაულები უნახავს ქართველ ერს. არც ის არის შემთხვევითი, რომ ყოვლადწმინდა სამების წმინდა ტაძარი სწორედ წმინდა ელიას მთაზე აშენდა.
რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო თავის პოეზიაში ეხება ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - შემთხვევითობასა და ბედს. ის ამბობს, რომ შემთხვევითობას აქვს კიდევ მეორე სახელი - ბედი. შემთხვევითი ნამდვილად არაფერია. ყველაფერი ღვთის ლოცვა-კურთხევითა და ღვთის უზენაესი განგებით ხდება. ბედი ადამიანისა, ბედი ერისა შედგება ორი ძალის - ღვთისა და ადამიანის ნების შეერთებისაგან. მათი შეერთების შედეგს უწოდებენ სინერგიას. ბედნიერია ის ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც ხდება შეერთება ღვთისა და ადამიანის ნებისა და ძალისხმევისა, ანუ სინერგია.
ჩემმა ბავშვობამ წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში განვლო. მახსენდება, როცა დედ-მამას ბავშვები ეკლესიაში მივყავდით, - ვცდილობდი, რომ ამბიონთან ახლოს დავმდგარიყავი, იმისათვის რომ, როდესაც დიაკონი კვერექსის სათქმელად გამოდიოდა, ხელით ან თავით შევხებოდი მის სამოსელს. რა იყო ეს? ბავშვური სურვილი თუ ღვთის მადლის გარდამოსვლის განცდა, - ეს თავადაც არ მესმოდა. თუმცა პატარა ვიყავი, კარგად მახსოვს, რომ როდესაც სასულიერო პირების შესამოსელს შევეხებოდი, საოცრად ბედნიერი ვიყავი და სახლში დიდი მადლი მიმქონდა.
მახსენდება ის დღე, როცა მიროპოლიტმა (მაშინ ჯერ კიდევ ეპისკოპოსმა) ზინობმა უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღმკვეცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში. მაშინ ქართველ ხალხს სულიერად ეძინა. აღკვეცა ლოცვის შემდეგ აღსრულდა და არცერთი ქართველი მას არ დასწებია. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათილიკოსპატრიარქ მელქისედეკ III-ის ღვთსმსახურებას ქართულ ტაძარში სულ 20-30-40 ადამიანი ესწრებოდა. ვინც ხანდაზმულია და ვინც იმ დროს შესწრებია, ალბათ კარგად ახსოვს ეს პერიოდი. მიუხედავად ამისა, მადლი ღვთისა იყო საქართველოსა და ქართველ ხალხზე. არ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ, ეკლესიაში ჩემი ქადაგებთ ან ჩემი მოღვაწეობთ ხართ მოსული. თქვნ ყველანი ტაძარში ღვთის მადლმა, ღვთის ძალამ მოგიყვანათ. თითქოს დიდი ძილის შემდეგ გაიღვიძა ქართველმა ერმა!
ერთხელ მკითხეს, როგორ დაახასიათებდით საბჭოტა პერიოდსა და შემდეგ, პოსტსაბჭოურ ხანაში ეკლესიის მდგომარეობასო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ეკლესია მაინც რთულ მდგომარეობაში იყო და ეს მდგომარეობა მაშინ შემდეგნაირად დავახასიათე. მე ვთქვი: ეს იყო მზიანი ღამე, მაგრამ მზე მაინც ანათებდა, უფალი არ გვტოვებდა. საოცარია, მაგრამ ხშირად, როდესაც შეხვედრები მქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან, როცა ისინი ჩემთან რაღაც საქმეებზე, ოფიციალურ საკითხებზე სასაუბროდ მოდიოდნენ, წასვლისას ჩუმად მეტყოდნენ ხოლმე: გულში მეც მწამსო. მათ ეს ღიად არ შეეძლოთ განეცხადებინათ და ჩუმად მეუბნებოდნენ. და აი, მადლობა ღმერთს, რომ ღვთის ძალითა და ლოცვა-კურთხევით ქართველმა იწამა არა მარტო გულში, არამედ ღიად. ლოცვაში ნათქვამია: „მრწამს უფალო და აღვიარებ“. ადამიანმა უნდა იწამოს; ეს, რა თქმა უნდა, შინაგანი პროცესია, მაგრამ საკუთარი აღმსარებლობა უნდა აღიაროს კიდეც ხალხის წინაშე. მხოლოდ მაშინ ხარ ნამდვილი ქრისტიანი. გავიხსენოთ ქრისტიანობის პირველი სამი საუკუნე, როცა ქრისტიანები მოედნებზე გამოდიოდნენ და საჯაროდ აცხადებდნენ: „მე ვარ ქრისტიანი!“, თუმცა კი იცოდნენ, რომ ამის შემდეგ მათ აუცილებლად აწამებდნენ. მაგრამ მათ სწამდათ და აღიარებდნენ კიდეც თავის სარწმუნოებას!
დღეს არის ასევე უდიდესი ეროვნული დღესასწაული - ხსენება ილია მართლისა. ილია მართალი (ჭავჭავაძე) ცხოვრობდა იმ დროს, როცა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა ჰქონდა დაკარგული, ეკლესიას კი - ავტოკეფალია. წმინდა ილია მართალმა უდიდესი ღვაწლი იტვირთა, იგი წარმოსთქვამდა ქადაგებებს, ე.ი. აღასრულებდა იმ მოვალეოაბს, რასაც უნდა ასრულებდეს პატრიარქი, მღვდელმთავარი, სასულიერო პირი! დიდია მისი დამსახურება ღვთისა და ჩვენი ერის წინაშე! ამიტომაც ჩვენმა ეკლესიამ ის წმინდანად აღიარა. ამასთან ერთად იგი მოწამეც არის.
წმინდა ელია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის და უწმინდესისა და უნეტარესისი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია I-ის მადლი და ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!
მინდა შეგახსენოთ, რომ სახელი ილია (ძველად ამბობდნენ - ელია) მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან და ნიშნავს ძალას ღვთისა.
ძალა ღვთისა არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველოს!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა!
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №30, 2006 წ.