სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
უპირველეს ყოვლისა, ადამიანის წინაშე დგას ერთი საკითხი, - სად მივდივართ, საით მიდის ჩვენი გზა?
ჭეშმარიტი გზა ერთადერთია - ცათა სასუფეველში მიმყვანი. სასუფეველი ცათა, ამბობს უფალი, „იიძულების“, ანუ ძალით, შრომით მოიპოვება და მხოლოდ ის დაიმკვიდრებს მას, ვინც სულიერად დაუღალავად იღვაწებს.
მე ამ სიტყვას კვლავ გავაგრძელებ. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ ამ წუთში პირდაპირ, ტელეფონით მივმართავ ქართველებს საბერძნეთში, კერძოდ ათენში, სადაც დღეს ქართული წირვა-ლოცვა აღესრულა - მოგესალმებით ყველა მანდ მყოფ ქართველს, მაგრამ მინდა გითხრათ, რმო თქვენ საბერძნეთში დროებით ბრძანდებით. ჩვენ თქვენ გესაუბრებით წმინდა სამების ტაძრიდან და შევთხოვთ უფალს, რომ მადლი, წყალობა და სიყვარული სუფევდეს თქვენში, რომ შემოქმედმა მოიღოს წყალობა თქვენზე და მთელ საქართველოზე. ღმერთმა დალოცოს მამა თეიმურაზ კალანდაძე, მოძღვარი თქვენი და მრევლი მისი, ჩვენ თქვენ ყველას საქართველოში გელოდებით. საბერძნეთი კარგი ქვეყანაა, მაგრამ საქართველო ყველაფერს სჯობია.
ღმერთმა დაგლოცოთ!
ახლა კი, მინდა გავაგრძელო - სასუფეველი არის ნეტარება, სასუფეველი იწყება აქ, დედამიწაზე, ადამიანის გონებაში, ადამიანის გულში. თუ აქ არ დაიწყო სასუფეველი ცათა, იქ ვერ გაგრძელდება.
დღევანდელ სახარებაში წერია, რმო ერთმა მდიდარმა ჭაბუკმა ჰკითხა მაცხოვარს - რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რათა დავიმკვიდრო სასუფეველი ცათა? უფლმა უპასუხა, რომ არსებობს მცნებები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. მაშინ ახალგაზრდამ მიუგო, რომ იგი ყოველივეს აღასრულებდა. შემდეგ უფალმა ასე მიმართა - წადი, გაყიდე შენი მონაგები, ქონება, დაურიგე გაჭირვებულ ხალხს და შემომდექ მე. სახარებაში ნათქვამია, რომ ჭაბუკი უფალს მწუხარე გაშორდა, რადგან მდიდარი იყო და ენანებოდა სიმდიდრის დაკარგვა. ნათქვამია, სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი და ბედნიერია ის ხალხი, რმოლებიც იუნჯებენ სულიერ საუნჯეს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენში მრავალია ასეთი ადამიანი.
ძალიან ხშირად ადამიანი არის იარაღი ღვთისა. საუნჯეს აძლევს მას არა იმიტომ, რომ შეინახოს, არამედ გასცეს და რაც უფრო მეტს გასცემს, უფრო მეტს მიიღებს უფლისაგან. მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ საპატრიარქოს ცხოვრებიდან. ერთხელ, დაახლოებით 10 წლის წინ, ერთი მორჩილი შემოვიდა და მეუბნება, რმო ვიღაც არის მოსული და სურს შესაწირავი გააკეთოსო. მე ვუთხარი, აეღო შესაწირი და თან სახელი ეკითხა, რათა გველოცა მისთვის. მოსულმა ჩვენს მორჩილს შესაწირი მისცა, მაგრამ სახელი არ უთხრა, ღმერთმა ხომ იცის, სახელის თქმა საჭირო არ არისო. ეს შესაწირი 50 000 დოლარი აღმოჩნდა. თანხა ბუღალტერიას გადავეცით და გაჭირვებულებს დავეხმარეთ.
ძალიან ხშირად ხდება, რომ არაფერი გვაქვს, და ამ დროს ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდნენ. ამ ადამიანებს არ ჰქონდათ შეწევნა. ჩვენ ვახერხებდით ხანდახან დახმარებას.
მაშინ ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ვმსახურობდი. ერთ-ერთი მორწმუნე მიყვებოდა, რომ ერთხელ ეკლესიაში დგომისას, თითქოს რაღაც ხმა ეუბნებოდა - ტურგენევა დგას სვეტთან და რაც ფული გაქვს, იმას მიეციო. ტურგენევები ისეთები იყვნენ, თუ ვინმე მისცემდა რაიმეს - აიღებდნენ, თავად არ თხოულობდნენ. ამ ადამიანმა, რომელსაც თითქოს ხმა ჩაესმა, მართლაც მისცა ფული ქალს. ტურგენევას პირჯვარი გადაუწერია და უთქვამს, რომ ვლოცულობდი და ვამბობდიო - უფალო, პურის ფული აღარ მაქვს და შემეწიეო. და უფალმა მას იქვე აუსრულა თხოვნა.
ასე რომ, ითხოვეთ და მოგეცეს თქვენ, უფალი არასოდეს ტოვებს გაჭირვებულ ადამიანს.
იაკობ მოციქული ამბობს - რწმენა საქმის გარეშე მკვდარიაო. მინდა, რომ რწმენასთან ერთად ვიშრომოთ და ჩვენი შრომით ვჭამოთ პური. აი, დღეს, ჩვენს ტაძარში, მეორე სართულზე, შესანიშნავი გამოფენაა, იქ არის ოქრომკედი, სხვადასხვა სახის ნაქარგობა, თექები, მინანქარი. მინდა გითხრათ, რმო ეს არ არის მხოლოდ სახილველად გამოფენილი, ვისაც გექნებათ სურვილი, რომ ისწავლოთ, შეიქმნება პატარა ჯგუფები და მასწავლებლებს დაევალებთა, რომ შეგასწავლონ ის საქმე, რაც გსურთ. ვფიქრობ, რომ ეს გამოფენა ძალიან მოგეწონებათ.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი.
დაბოლოს, უნდა გითხრათ, რომ ქონება, თავისთავად, ცოდვა არ არის. ჩვენი დიდი მეფეები, წმინდა ვახტანგ დიდი გორგასალი, წმინდა დავით აღმაშენებელი, წმინდა თამარ მეფე და სხვები, მდიდრები იყვნენ, მაგრამ ისინი გასცემდნენ და რაც უფრო მეტს შეეწეოდნენ სხვებს, მით მეტი ეძლეოდათ. თქვენ გახსოვთ, წმინდა თამარ მეფესთან მივიდა ერთი გაჭირვებული დახმარების სათხოვნად. ეს იყო ის დრო, როდესაც თამარი მეფე მონასტერში წასასვლელად ემზადებოდა და სამკაულებს ჰკიდებდნენ, რამაც იგი შეაყოვნა. როდესაც მეფე მოწყალების გასაღებად გამოვიდა, მთხოვნელი უკვე წასული დახვდა. შეწუხდა იგი და როცა მონასტერში მივიდა, მიეახლა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, მოიხსნა თავისი სამკაულები და თქვა - „მე ღირსი არ ვარ ვატარო ეს სამკაულები, რადგან გაჭირვებულ ადამიანს უარი ვუთხარი დახმარებაზეო“.
ჩვენთან არს ღმერთი!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ თქვენ და სრულიად საქართველო!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32, 2006 წ.