„საქართველოს ეკლესიას ბრწყინვალე მომავალი აქვს!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“ - ბრძანებს უფალი. ყოველი ადამიანი ამქვეყნად მოდის გარკვეული მისიით და თავისი მოვალეობა ადამიანმა პირნათლად უნდა შეასრულოს.
დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ ეროვნულ მოძრაობაზე. თითქოს, ადრე ეროვნული მოძრაობა არ ყოფილიყოს და გასული საუკუნის 70-იან წლებში დაწყებულიყოს. უნდა ითქვას, რომ ეროვნულა მოძრაობა, ქართული იდეა საერთოდ, მუდამ იყო, რაც კი არსებობს ქართველი ერი, მაგრამ ამ ეროვნულმა მოძრაობამ განსაკუთრებული ხასიათი მიიღო. მახსენდება ჩემი ინტრონიზაციის დღე - 1977 წელი, როცა სვეტიცხოვლის ტაძარი, ეზო და მცხეთს ქუჩები ახალგაზრდებთ აივსო. თითქოს რაღაცის მოლოდინში იყო ჩვენი ახალგაზრდობა. და თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად დამძიმებული იყო ეკლესიის მდგომარეობა საქართველოში, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქართველი სტიქაროსნებიც არ ჰყავდა და ღვთისმსახურებაზე მამა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრიდან საგანგებოდ ამისთვის მოსული, რუსი სტიქაროსნები მოსავდნენ. ქართველები თითქოს განდგომილნი იყვნენ ეკლესიისაგან. მაგრამ დრო შეიცვალა და ჩვენი ტაძრები აივსო ახალგაზრდებით.
მცირე ხნის წინ ჩემთან ერთი რუსი ეროვნების ადამიანი მოვიდა და გულისტკივილით შემომჩივლა: ძალიან მტკივა გული, რომ რუსულ ტაძრებში სულ მოხუცებია და ქართულში კი სულ ახალგაზრდებიო. ჩვენი მოხუცები რომ დაიხოცებიან, მერე ვინღა ივლისო. მე ვუთხარი: შენ ამას ნუ დარდობ,- ეკლესიები ცარიელი არ დარჩება.
მახსენდება ის პირველი ნაკადი, რომელიც მოვიდა ეკლესიაში. ეს ნამდვილი სასწაული იყო: სიონის ტაძარი სულ ახალგაზრდებით აივსო, მას შემდეგ სულ ასეა, - ახლაც აქ ყველანი ახალგაზრდები ბრძანდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას ბრწყინვალე მომავალი აქვს! და აი, იმ პირველ ახალგაზრდებს შორის იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, სოსო წერეთელი (რომელიც მერე დახვრიტეს, თვითმფრინავის გატაცების ორგანიზების ბრალდებით), ზურაბ ჭავჭავაძე და სხვ.
ზურაბ ჭავჭავაძე განსაკუთრებული პიროვნება იყო და მე მინდა იგი დღეს ვახსენო, რადგან მისი დაბადების დღე არის.
ყველას გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენოთ ზურაბი. ზურაბ ჭავჭავაძე მაშინ სხვა ქართველი ახალგაზრდების მსგავსად დადიოდა სიონში. შემდეგ მან შეიმოსა სტიქარი. იმ დროს, მისი მამა ნიკო ჭავჭავაძე ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ზურაბისთვის ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი, რადგან ამის გამო მამამისს ემუქრებოდნენ სამსახურიდან გაგათავისუფლებთო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ზურაბი მაინც განაგრძობდა ეკლესიაში სიარულს და უფრო მეტიც, მალე იგი საქართველოს საპატრიარქოში რეფერენტად მივიღეთ.
მახსენდება ერთი შემთხვევა, საპატრიარქოში ახალგაზრდების ჯგუფი მოვიდა, მერე შევიტყვე, რომ კომკავშირლები ყოფილან. მათ ზურაბი საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოიძახეს, თავად შენობაში არ შემოვიდნენ. ზურაბი სიონის ეზოში გავიდა. კომკავშირლებმა მას უთხრეს: თუ თავს არ დაანებებ საეკლესიო საქმიანობას, იცოდე, კომკავშირიდან გაგრიცხავთო. ზურაბი ძალიან ხუმარა იყო და ასე უთხრა: შეგიძლიათ, ამ წუთშივე გამათავისუფლოთო. მერე მართლაც გარიცხეს კომკავშირიდან.
როცა ზურაბმა სხვა ახლგაზრდებთან ერთად სიონში სტიქაროსნობა დაიწყო, მაშინ მათ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ - არც პატრიარქის შემოსვის, არც საკურთხეველში მსახურების წესი, - წირვაც არ ესმოდათ. ერთხელ, საღამოს, ლოცვის შემდეგ დავტოვე ისინი და ავუხსენი, რა ევალებოდათ სტიქაროსნებს ღვთისმსახურებაზე. დილით წირვისთვის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრიდან რუსი სტიქაროსნები რომ მოვიდნენ, ვუთხარი მათ: აბა, ვცადოთ, დღეს ქართველი ახალგაზრდები დავაყენოთ, როგორ იმსახურებენ, თქვენ კი თვალყური ადევნეთ-მეთქი. ქართველმა ბიჭებმა თავი ისახელეს; მართლაც, ყველაფერი ბრწყინვალედ შეასრულეს. წირვის შემდე რუსმა სტიქაროსნებმა მითხრეს: „გამოდის, რომ ჩვენ უკვე საჭირო აღარ ვართო“. „ასე გამოდის-მეთქი“ - ვუთხარი - „თქვენ თქვენს ეკლესიაში იყავით და იქ ილოცეთ“.
აი, ასე დგამდნენ პირველ ნაბიჯებს ქართველი სტიქაროსნები. ახლა, ღვთის მადლით, საპატრიარქო ტაძარში იმდენი სტიქაროსანი გვყავს, რომ, მგონი, ასზე მეტი იქნება და ყველაფერი იციან და ყველაფერს კარგად ასრულებენ.
ძველი სტიქაროსნებიდან, სამწუხაროდ, ბევრი დღეს ცოცხალი აღარ არის. ზვიადი უკვე იმქვეყნადაა წასული, მერაბიც. თქვენ გახსოვთ, მერაბი და ზურაბი საავტომობილო კატასტროფაში მოყვნენ. შევთხოვთ უფალს, რომ ნათელში დააწესოს მათი სულები. მე მწამს, რომ ისინი იმქვეყნად ლოცულობენ ჩვენთვის.
მინდა ვთქვა რომ უფალი მეფობს, უფალი აღამაღლებს და უფალი დაამდაბლებს კაცს. როცა ადამიანს ან სიმდიდრე, ან მაღალი თანამდებობა ეძლევა, იგი არ უნდა გაამაყდეს, არ ენდა გაამპარტავნდეს. თქვენ გახსოვთ, ნაპოლეონმა თქვა: დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო!
მინდა კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ, რომ ჩვენი გადარჩენა, ქართული იდეა - ეს არის დაცვა სულიერებისა, დაცვა რწმენისა. როგორც ამბობს ჩვენი დიდი ილია მართალი: „ენა, მამული, სარწმუნოება“. უნდა შევინარჩუნოთ და გავუფრიხილდეთ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს, ჩვენს ტრადიციებს. და ეს ორი ძალა: სულიერება, ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება და ჩვენი ეროვნული ფასეულობა გადაარჩენს საქართველოს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამას. მითუმეტეს, ახლა, გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პერიოდში, როცა უცხო კულტურა და ფსევდოკულტურა ძალიან აქტიურად შემოდის ჩვენს ქვეყანაში, კარგად უნდა ვიცოდეთ, რა არის ჭეშმარიტი და რა არა და უნდა გვქონდეს სწორი ხედვა.
დღეს შეუსრულდა 40 წელი ჩვენს არქიდიაკონს მამა დემეტრეს. უკვე დაგვიბერდა მამა დემეტრე; 40 წელი - უკვე დასავლეთისკენ გადასული მზეა. ასე რომ, ახლა მან უფრო მეტად უნდა იფიქროს სულიერებაზე. მინდა დავლოცო იგი და ვუსურვო მას მრავალჟამიერი სიცოცხლე. მამა დემეტრე ძალიან კარგად ასრულებს თავის საეკლესიო და სასულიერო მოვალეობებს, იგი ძალიან კარგი ხმის პატრონია და მე მინდა, გადავცე მას საჩუქრად წმიდა ილია წინასწარმეტყველის ხატი.
მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი ავტოკეფალგრი ეკლესიის მეთაური, მისი უნეტარესობა ნიკოლოზი - მიტროპოლიტი ჩეხეთისა და სლოვაკიისა. ღმერთმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს მისი სული.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №7, 2006 წ.