„სიყვარული არის ჩვენს სიღრმეში, მას ვერაფერი გამოლევს“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა განსაკუთრებული დღესასწაულია. წმინდა მამები და ჩვენი წინაპრები ამბობენ, რომ იმდენად დიდია ეს დღე, რომ ამ დღეს ფრინველიც კი არ იკეთებს ბუდეს და მხოლოდ ღმერთს ადიდებს. ჩვენ შევიკრიბეთ ამ წმინდა და საოცარ ტაძარში, სადაც ყოვლადწმინდა სამებამ დაიდგა თავისი ტახტი, ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მუხლი მოვიყაროთ და თაყვანი ვცეთ ყოვლადწმიდა სამებას მისი დიდი და უხვი წყალობისა და სიყვარულისათვის.
ღვთის განგებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ასეთი სიტყვებით მიმართა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა!“ რა საოცარი და სანუკვარი სიტყვებია: „გიხაროდენ, მიმადლებულო“, ე.ი. გიხაროდენ მადლმოსილო, უფალი შენთანა. ეს არის სანატრელი სიტყვები, რომელიც შინაგანად აღძრავს ჩვენს სურვილს, რომ ჩვენც მადლმოსილნი გავხდეთ და თუ ადამიანი მადლმოსილია, თუ იგი გაუღებს გულის კარს მადლს, ის მუდამ გახარებული და მუდამ უფალთან იქნება.
ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულსა და აწმყოს და თუ გვინდა, დავინახოთ ჩვენი მომავალი, მივხვდებით, რომ ერთადერთი ძალა, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და ქართველი ერი, ეს არის სიყვარული, რომლითაც უფალმა დააჯილდოვა ქართველი ადამიანი. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული და აი, უფალმა თავის ნაწილი, თავისი თვისება მოგვმადლა ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ამ მადლის მიღების სიმაღლეზე; მაგრამ უფალი ხედავს გულსა კაცისასა, ხოლო ადამიანი ხედავს სახესა კაცისასა. ვმადლობთ უფალს, რომ ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულით და არა სიძულვილით, ქართველ ადამიანს არ შეუძლია გულით ატაროს სიძულვილი, ქართველი ადამიანი არის სულიერი სავანე სიყვარულისა და ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა, ყოველ შემთხვევაში მრავალი ჩვენგანი, იმდენად დაჯილდოებულია ამ გრძნობით, რომ მთელი მსოფლიო ეტევა მის გულში.
მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა გულში ვერ ეტევა არათუ მსოფლიო, არამედ თავისი ოჯახის წევრებიც კი, ასეთი კაცი ჩაკეტილია თავის „მეში“, თავის ეგოისტურ სურვილებში.
ამავე დროს ამქვეყნად არიან სხვების კეთილდღეობისათვის დაბადებული ადამიანები. აბა, ავიღოთ ჩვენი წინაპრები, ჩვენი მეფეები, დედოფლები, როგორი უხვნი, მართალნი, სიყვარულით აღსავსენი იყვნენ ისინი. მახსენდება ჩემი მშობლების სახლი დიდმარხვის წინ. მთელი გვარი იკრიბებოდა, ასე ამბობდნენ: პირი უნდა დავიჭიროთ, ერთობა უნდა დავიჭიროთ, რომ მშვიდობით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომასო. აი, ასეთი სიყვარული და ერთსულოვნება იყო მათში. დღეს თითქოს ილევა სიყვარული, თითქოს ნაკლებია ძველ დროსთან შედარებით, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სიყვარული არის ჩვენს სიღრმეში, მას ვერაფერი გამოლევს, ვერავითარი მოვლენები, ვერავითარი დღევანდელი პრობლემები ვერ განაქარვებს მას. ის, რაც უფალმა ჩადო ჩვენში, არის ჩვენი მასაზრდოებელი მადლი, ძალა, რომელმაც გადაარჩინა და მომავალშიც გადაარჩენს საქართველოს.
მახსენდება ის დალოცვილი დღეები, როცა ჩვენ ამ წმინდა ტაძრის საძირკველს ვიღებდით და მეკითხებოდნენ, სადამდე ვთხაროთ, რამდენი მეტრი ამოვიღოთო? მე ვუთხარი, იქამდე უნდა ამოვიღოთ, სანამ კლდე არ გამოჩნდება, რადგან უფალი ბრძანებს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“. რატომღაც მჯეროდა, რომ ეს კლდე აუცილებლად იქნებოდა. ამოიღეს 25 მეტრი სიღრმე და გამოჩნდა საოცარი კლდე, ამ ტაძრისთვის თითქოს საგანგებოდ მომზადებული. და მასზე დაფუძნდა ეს წმინდა ტაძარი. გადავწყვიტეთ, რომ პირველ სართულზე ყოფილიყო ხარების ეკლესია, რადგან ხარების დღესასწაული არის საფუძველი ქრისტიანობისა, საფუძველი ჩვენი სულიერი გადარჩენის, ჩვენი სიწმინდისა.
ნამდვილად ღვთის განგებითა და დიდი წყალობით აშენდა ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამებამ დაიდგა თავის ტახტი ამ წმინდა ადგილზე. არ მეგულება არცერთი ტაძარი მსოფლიოში, რომლის საძირკველშიც ამდენი სიწმინდეა ჩადებული. აქ საგანგებოდ იყო ჩამოტანილი სიწმინდეები იერუსალიმიდან, სინას მთიდან, გელათიდან, სვეტიცხოვლიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან, აქ იყო ჩადებული მრავალი თქვენგანის სახელი და სურვილი, რომელიც თქვენ ქვებზე დააწერეთ. ეს ტაძარი არ არის ჩვენი დამსახურება, არამედ ღვთის დიდი სიყვარულისა და დიდი წყალობის გამოვლენაა. არ ვიცი, რით ვიმსახურებთ ამას, მაგრამ მჯერა, რომ უფალი ჩვენთანაა, უფალი მეფობს და დაე, იმეფოს ჩვენში, ჩვენს გარშემო და ჩვენს ქვეყანაში.
ღმერთმა დაგლოცთ, გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ ეს საოცარი სიტყვები _ „გიხაროდენ, მიმადლებულთ“, _ შინაგანად მოისმინოს ყოველმა ჩვენგანმა, ყოველი ჩვენთაგანი აივსოს ღვთის მადლითა და სიხარულით; სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. რაც უფრო მეტს გავცემთ სიყვარულს, უფალი მით უფრო მეტს მოგვცემს სიყვარულსაც და სიხარულსაც.
ერთხელ ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგეცით, რომ მიგეწერათ თქვენი ახლობლებისთვის,
ნაცნობებისთვის და დაგელოცათ თქვენი სიტყვებით. ახლა კიდევ გახსენებთ ამას, და
თქვენ დაწერილი უნდა გაუგზავნოთ ან გადასცეთ, თვით უცნობსაც კი. თქვენი გულწრფელი
დალოცვა აუცილებლად აუსრულდება იმ ოჯახს და იმ ადამიანს, ეს კი ათმაგად დიდ
სიხარულსა და სიყვარულს მოგიტანთ თქვენ. ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს
ლოცვა-კურთხევა და ყოველ დღე უნდა დალოცოთ ადამიანები. არ დაგავიწყდეთ ჩემი თავიც,
მეც ველოდები თქვენგან დალოცვას.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.
ჩვენთან არს ღმერთი.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №15(368), 2006 წ.