„უბედური ის კი არ არის, ვისაც უკეთებენ ბოროტებას,
არამედ ის, ვინც აკეთებს ბოროტებას“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, - თავის კვეთას წმინდისა იოანე ნათლისმცემლისა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რას აკეთებს სიკეთე და რას აკეთებს ბოროტება. სიკეთე არის ღვთისაგან გამომავალი, საწყისი სიკეთისა არის სიყვარული, ბოროტება კი ბოროტი სულისაგან გამომავალია, ეს არის ის უარყოფითი ძალა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ანადგურებს იმას, ვინც სთესავს ბოროტებას და შემდეგ ტანჯავს იმას, ვისაც უკეთებენ ბოროტებას. უძველესი საკითხია, თუ რა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან ბოროტის მოქმედი და ბოროტების მსხვერპლი. ამაზე ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ფილოსოფოსები მსჯელობდნენ. პლატონი ამბობს, რომ უბედური ის კი არ არის, ვისაც უკეთებენ ბოროტებას, არამედ ის, ვინც აკეთებს ბოროტებას.
ძალიან ხშირად ბოროტება ცდილობს, სიკეთის ნიღაბი გაიკეთოს, ხშირია, როცა ბოროტი ადამიანი ცდილობს თავისი ბოროტება ისე წარმოაჩინოს, თითქოს სიკეთეს აკეთებს, მაგრამ ბოროტება და სიკეთე თავისთავად გამოვლინდება. აი, დღეს არის უდიდესი ბოროტების გამოვლინების დღე, როცა ჩვენ ვიხსენებთ იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას.
წმინდა იოანე ნათლისმცემელს წინასწარმეტყველად აღიარებდა მთელი ისრაელი, მას ჰყავდა მრავალი მიმდევარი, იგი ნათლავდა ხალხს, სწორედ მისგან მიიღო ნათლისღება უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ამ დროსაც გაცხადდა წმინდა სამება: მამა, ძე და სულიწმინდა. მამა ამბობდა: ესე არს ძე ჩემი საყვარელი! ძე ინათლებოდა იორდანეში და სულიწმიდა სახითა ტრედისათა გარდამოვიდა მაცხოვარსა ზედა. და აი, ეს წინასწარმეტყველი, რომელიც მაცხოვრის სიტყვებით, თავისი სიწმინდით აღემატებოდა ყოველ ადამიანს, მეფე ჰეროდემ საპყრობილეში ჩასვა, რადგან იგი ამხელდა მეფეს. ჰეროდეს ცოლად ჰყავდა ცოცხალი ძმის ცოლი. საოცარი თვისება აქვს ბოროტებას, ის არ ჩერდება ერთ ადგილზე, ის ცდილობს, ბოროტებას ბოროტება მიუმატოს...
ჰეროდეს დაბადების დღეს დიდი ზეიმი გაიმართა, რომელზეც მისმა ძმისშვილმა იცეკვა და ამ ცეკვამ იმდენად დაიპყრო მეფის გონება, იმდენად მიწიერი გახადა, რომ უთხრა, რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ, თუნდაც ნახევარი სამეფო მთხოვოო. ეს გოგონა წავიდა დედასთან და ჰკითხა, რა ეთხოვა მეფისთვის. ბორტებით სავსე დედა ეუბნება შვილს, წადი და სთხოვე თავი იოანე ნათლისმცემლისა. იმას კი არ ეუბნება, წადი და სთხოვე, გაათავისუფლოს იოანე ნათლისმცემელი ციხიდან, არამედ ამ საშინელ რამეს არიგებს. შვილი მიდის ჰეროდე მეფესთან და ეუბნება, მე მინდა, რომ ლანგრით მომართვა თავი იოანე ნათლისმცემლისა. აი, წარმოიდგინეთ, სულიერი სამყარო ან დედის ან შვილის, დედა აკეთებს ამ ბოროტებას იმიტომ, რომ უნდა შური იძიოს იოანე ნათლისმცემელზე, მაგრამ შვილს რა ამოძრავებს? დედის ბოროტება გადავიდა შვილზე და ისიც იმეორებს მის სიტყვებს. ასეთია ადამიანი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ყველა ასეთი არ არის, მადლობა ღმერთს, რომ იშვიათია ასეთი ადამიანები ქვეყანაზე.
დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელის ლოცვით, მისი ვედრებითა და შუამდგომლობით ღმერთმა დათრგუნოს ადამიანის სულის დამღუპველი ბოროტება.
დღეს მთელ მსოფლიოში ზეიმობს ბოროტება, მაგრამ ეს ზეიმი ძალიან ხანმოკლეა, საბოლოოდ მაინც სიკეთე გაიმარჯვებს. სიკეთე უნდა თესოს, აკეთოს ადამიანმა. სიკეთეს თუ არ აკეთებს, იგი თვითონ იღუპება, ბოროტის მოქმედი თვითონ ნადგურდება!
ღმერთმა დაგლოცოთ! წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა იხსნას ყოველი ადამიანი ბოროტებისა და განსაცდელისაგან.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №33(386), 2006 წ.