„მართლმადიდებლობა უძლეველია“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
განვლო პირველმა კვირამ დიდი მარხვისა. ამ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. იგი განსაკუთრებული დღეა.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. უპირველეს ყოვლისა უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა რის ეკლესია. ეკლესია არის ერთი - ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია. და მისი ნაწილებია - ზეციური ანუ მოზეიმე ეკლესია და მებრძოლი ეკლესია, - ეს ჩვენ ვართ, მიწიერი ეკლესია. მოზეიმე და მებრძოლი ეკლესია, ორივე ერთად, ეს არის ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია, რომელიც კლდესა ზედა აღაშენა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.
ისტორიიდან, ვიცით, რომ სამი საუკუნის განმავლობაში ეკლესიას განსაკუთრებით მძიმე პერიოდი ჰქონდა. ეს იყო დრო, როცა ათასობით და ასიათასობით ადამიანი ეწამებოდა, როცა იმდენად დიდი იყო მადლი, იმდენად გრძნობდა მორწმუნე ადამიანი ღვთის ძალას, რომ გამოდიოდნენ ქუჩებში დაყვიროდნენ: „მე ქრისტიანი ვარ!“ ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი ნებაყოფლობით მიდიოდნენ მოწამეობაზე. ეკლესიის ისტორიაში ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. ამ მოწამეებს შეარქვეს „მნათობნი ქვეყანისანი“. ეს სახელწოდება მარტო მხატვრული ეპითეტი არ არის. ნერონის ბატონობის დროს ღამე სვეტებზე ქრისტიანებს აკრავდნენ, ცეცხლს მოუკიდებდნენ და ასე ცოცხლად წვავდნენ. და ნერონი კი სეირნობდა ხოლმე ანთებულ ადამიანებს შორის.
ეკლესიის ისტორიაში ქრისტირთა სასტიკი წამების სხვა მრავალი მაგალითი არსებობს. არის ერთი პატარა პოემა ქრისტიან ქალზე, რომელიც თავისი აღმსარებლობის გამო შეიპყრეს და რომის კანონმდებლობით სასამართლომ მას კოლიზეუმში წამება მიუსაჯეს. მშიერი მხეცები უნდა მიეშვათ მასზე. ებრაელი ავტორი, საიმონ ნატსონი, აღწერს ამ ამბავს. ეს ლიტერატურული ნაწარმოები ნამდვილ ფაქტებს ეყრდნობა. მასში აღწერილია, რომ სძინავს რომს, მაგრამ არ სძინავს იმ ახალგაზრდა მოსამართლეს, რომელმაც გამოუტანა ამ ქრისტიან ქალს საშინელი განაჩენი - წამება კოლიზეუმში. მეორე დღეს კოლიზეუმში წამებას უნდა დაესწრონ იმპერატორი, რომის მოქალაქეები და თვითონ ეს მოსამართლე. მათ უნდა უყურონ, როგორ მიუშვებენ ამ საბრალო ქალზე გაშმაგებულ და მშიერ ვეფხვსა თუ ლომს და როგორ დაგლეჯს იგი თავის მსხვერპლს.
და აი, დადგა წამების დღე. შეკრებილ ბრბოს სისხლი სწყურია. ყველა ელის, რა მოხდება. და აი, ამ დროს მოსამართლე ფიქრობს: რომ მართალია, მისი განაჩენი რომის იმპერიაში არსებულ კანონებს ეყრდნობა, მაგრამ იგი, შინაგანად, არ ეთანხმება მას და სულიერად იმ ქრისტიანი ქალის მხარეზეა. და აი, ეს ქალი გამოუშვეს კოლიზეუმის არენაზე. იგი არენის შუაში შემოგლეჯილი ტანსაცმლითა და ჯვრით ხელში დადგა და რომაელებს მიმართა: „ჩემი უკანასკნელი ლოცვა თქვენთვის არის, რომაელებო! მე მინდა რომ თქვენც იწამოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე!“ ამ დროს გამოუშვეს საშინელი მხეცი. მხეცმა მსხვერპლს შემოუარა. ათასობით ადამიანი ზის და ელის, როდის იხილავს სისხლს, როდის დაგლეჯს ქალს მხეცი. ამ დროს მოსამართლე ადგილიდან წამოხტა, იმ ქალთან გადახტა და შესძახა: „ქალო, მეც შენთან ერთად მოვკვდები! რომაელებო, მეც ქრისტიანი ვარ!“ იმ დღეს კოლიზეუმში ერთის ნაცვლად ორი ადამიანი ეწამა. აი, ასე, მოინათლა თავისი სისხლით მოსამართლე და ასე მიიღეს მოწამეების გვირგვინები მოსამართლემ და ქრისტიანმა ქალმა.
ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი იყო მთელი ჩვენი ეკლესიისა და ერის ისტორიის განმავლობაში. თქვენ გახსოვთ, რამდენად დიდი იყო სარწმუნოება ვახტანგ გორგასლისა. მან ანდერძად დაგვიტოვა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!“ ასეთი სულისკვეთებით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. მათ თავისი სისხლით შეინარჩუნეს მართლმადიდებლობა, რომლის ზეიმს ყოველ წელიწადს ამ დღეს, დიდმარხვის პირველ კვირას აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია.
ეს ზეიმი მრავალი ბრძოლისა და მრავალი წინააღმდეგობის შემდეგ დადგინდა, რათა მთელ მსოფლიოს სცოდნოდა, რომ მართლმადიდებლობა უძლეველია! მართლმადიდებლობა არის ის სულიერი ძალა, რომელიც აცხოვნებს მრევლს მართლმადიდებელი ეკლესიისა.
სრწუხარო ის არის რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ ესმის, რა არის მარილშადიდებლობა. მრავალს ჰგონია, რომ ეს არის ქრისტიანების ერთი ნაწილი, რომლებიც ჩაკეტიელბი არიან საკუთარ თავში. სინამდვილეში ქართველი მართლმადიდებელი ადამიანი და საერთიდ მართლმადიდებელი - ყველასათვის ღიაა, რომ სხვათაც გაუზიაროს ეს სიხარული და გადასცეს ეს უდიდესი სიმდიდრე. ამაზე მეტი სიმდიდრე არ არსებობს დედამიწაზე, რაც არის მართლმადიდებელი ეკლესია! მართლმადიდებელი ეკლესია რომ არ არსებობდეს და ქართველი ერი რომ არ იყოს მართმადიდებელი, - ქართველი ერი ვერ გადარჩებოდა! თქვენ იცით, რომ მრავალი ერი ყოფილა ჩვენზე ძლიერი, მაგრამ დღეს მათი ხსენებაც არ არის: არ არის მათი ისტორია, არ არის მათი კულტურა, არ არის მათი ენა - ყველაფერი დაკარგულია. საქართველომ გაუძლო, იმიტომ რომ ეს ძალა ჰქონდა!
და რა არის მართლმადიდებლობა? ეს არის ის რწმენა, ეს არის ის ეკლესია, რომელიც დააარსა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. და სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია ის მემკვიდრეობა, რაც ჰქონდა განუყოფელ ეკლესიას, როცა არ არსებობდა არც კათოლიკური და არც პროტანტული ეკლესია და არც სხვა მრავალი განშტოება. იყო ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია.
ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა უფალმა, ვიყოთ მართლმადიდებლები. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მარტო სახელით კი არ უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ცხოვრების წესით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვწამდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის მართლმადიდებლობა. არის სამწუხარო შემთხვევები, როცა ქართველი ადამიანი ხდება ან ბაპტისტი, ან ორმოცდაათიანელი, ან რასელისტი (ე.წ. იეღოველი), ან კიდევ რომელიმე სხვა სექტის მიმდევარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ ყოფილა მართლმადიდებელი ქრისტიანი, მას არ სცოდნია და არ იცის, რა არის მართლმადიდებლობა. ამიტომ გაყიდა ასე აღვილად სჯული და შეიცვალა თავისი სარწმუნოება. ეს ნიშნავს ადამიანის დაღუპვას, ჭეშმარიტ გზიდან აცდენას. ერთადერთი გზა, რომელსაც გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე - უფალი ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. აი, ამ გზით უვლია ჩვენს წინაპრებს და ამ გზით უნდა ვიაროთ ჩვენ. ვერავითარი ძალა, ვერავითარი უცხო სენი თუ უცხო ტრადიციები ვერ იმოქმედებენ ჩვენზე, იმიტომ რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება ღრმა ფესვებით არის გამჯდარი ჩვენს გონებაში, ჩვენს გულმი და ჩვენს სულიერ სამყაროში. როცა ვამბობთ, რომ არსებობს მოზეიმე ეკლესია, - უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ჩვენს წინაპრებზე, რომლებიც, შეიძლება, წამებით, შეიძლება დიდი შრომით, დიდი ღვაწლით გავიდნენ ამქვეყნიდან და მკვიდრნი არიან სასუფეველისა. ისინი გვეხმარებიან ჩვენ. მოზეიმე ეკლესია ეხმარება მებრძოლ ეკლესიას. ეს არის ერთი ეკლესია, ერთი სხეული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დღევანდელ დღეს - მართლმადიდებლობის ზეიმს. დაე, ეს ზეიმი მუდამ ყოფილიყოს საქართველოში!
უპირველეს ყოვლისა ეს დღესასწაული უნდა იყოს ადამიანის გულში, ადამიანის გონებაში.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ და ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №11, 2006 წ.