„შევავედროთ უფალს ჩვენი სამშობლო!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - პეტრე-პავლობას! წმიდათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ პეტრესა და პავლე მოციქულებს.
დღეს ჩვენ ვიხსენებთ, თუ რით გამოირჩეოდნენ ეს წმიდა მოციქულები. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ, რომ ორივე ჭეშმარიტების მაძიებელი იყო, მაგრამ სხვადასხვა გზით მივიდნენ უფალთან. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ადამიანი ჭეშმარიტების მაძიებელია, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის, თუ რა არის ჭეშმარიტება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება მარტოოდენ მატერიალურით შემოიფარგლება. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ჭეშმარიტება უფრო სულიერი კატეგორიაა. ჩვენ უნდა გავიხსენოთ სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. აი, სად არის ჭეშმარიტება! ჭეშმარიტება თვით ღმერთია და ადამიანი ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ მიუახლოვდეს უფალს. რა არის ამისათვის საჭირო? ამისათვის საჭიროა: გული წმინდა და სული წრფელი ანუ განწმენდილი სულიერი ფიზიკური ბუნება. ადამიანმა უნდა მოამზადოს თავისი სული, სხეული და გონება იმისათვის, რომ გახდეს ტაძარი სულისა წმიდისა. აი, ეს არის ჭეშმარიტებასთან მიახლოება, ეს არის გადარჩენა და ცხონება.
მოდით, ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ წმინდა პეტრესა და პავლეს ცხოვრება. ორივე ეძებს ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე! პეტრე მოციქული - უბრალო მეთევზე, მესათხევლე, ელოდება მესიის მოსვლას. ძმა მისი, ანდრია პირველწოდებული აუწყებს მას, რომ იხილა მესია და მიჰყავს უფალთან. ანდრიას პირველს მოუწოდა ღმერთმა, ამიტომ ეწოდა მას პირველწოდებული. იგია ჩვენი ერის განმანათლებელი და პეტრე მოციქულის ძმა. ანდრიას მოუწოდა უფალმა, ხოლო ანდრია მოუწოდებს პეტრეს, რომ მივიდეს მაცხოვართან. მანამდე პეტრე მოციქული იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა. და არ მივიდა პეტრე უფალთან და იწყება მისი მოციქულებრივი მოღვაწეობა. პეტრე მოციქული უფლისთვის გულითა და გონებით არის ანთებული. იგი ეუბნება უფალს, ყველამ რომ დაგტოვოს, მე არასდროს დაგტოვებო. მაგრამ მას ავიწყდება, რომ ის სუსტი, ადამიანური ბუნების მატარებელია. მაცხოვარი პასუხობს: „ვიდრე მამალი იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე“. მართლაც, ასე მოხდა, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეიპყრეს. სახარებაში წერია, რომ სამჯერ უარყო პეტრე მოციქულმა იესო ქრისტე და სწორედ მაშინ იყივლა მამალმაც. იგი გამოვიდა ეზოდან და ტიროდა მწარედ. ამის შემდეგ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, როდესაც დილით მამლის ყივილს გაიგონებდა, მუდამ მწარედ ტიროდა, რადგან ახსენდებოდა თავისი მძიმე ცოდვა. მაგრამ უფალი ხომ გულთამხილველია, - უფალი ხედავს გულსა კაცისასა. ადამიანი კი ხედავს სახეს კაცისასა. უფალმა განჭვრიტა, რომ მოციქული პეტრე, რომელმაც სამჯერ უარყო იგი, მომავალში იმდენად გაძლიერდება, რომ შეპყრობისას იგი ეტყვის თავის ჯალათებს: მე არ ვარ ღირსი, ისე გამაკრათ ჯვარზე, როგორც უფალი, ამიტომ თავდაღმა გამაკარითო და ასეც მოხდება. ასე შეეწირა პეტრე მოციქული უზენაეს ჭეშმარიტებას - ღმერთს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს.
თითქოს პეტრესგან სრულიად განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანი არის პავლე მოციქული! პავლეს სავლე ერქვა. იგი მოსეს სჯულის დამცველი და ქრისტიანების სასტიკი მდევნელი იყო. მართლია, სავლე ქრისტიანებს დევნიდა, მაგრამ უფალი მის გულსაც ხედავდა. ღმერთმა იცოდა, რომ მისთვის მთავარი ჭეშმარიტება იყო. ერთხელ, როდესაც სავლე ქრისტიანთა მორიგი დევნისთვის ემზადებოდა და დამასკოში მიდიოდა, გზაში უფალი გამოეცხადა. ამ დროს მაცხოვარი უკვე ზეცას იყო ამაღლებული. მან სავლეს უთხრა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი მე?“ - ეს იყო ხმა ჭეშმარიტებისა, ხმა ღვთისა, ხმა მესიისა და პავლემ შეიცნო იგი. რადგან მთელი არსებით ელოდა მესიას. აი, ასე მოხდა მისი მოქცევა. სამოციქულოში წერია, რომ ყველაზე მეტად მოციქულთა შორის პავლემ იღვაწა.
პავლე მოციქული იყო რომის მოქალაქე, ეს კი ძალიან მაღალი წოდება იყო. როცა იგი შეიპყრეს და მსჯელობდნენ, როგორ დაესაჯათ, მან თქვა, რომ მისი ჯვარცმა [*] არ შეიძლებოდა, რადგან იგი იყო რომის მოქალაქე. ამიტომ მას თავი მოჰკვეთეს.
ორივე მოციქული - პეტრეც და პავლეც რომში ეწამა, იქ არის მათი საფლავები. მე მქონდა ბედნიერება, თაყვანი მეცა მათი საფლავებისთვის.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ სად არის და რაშია ჭეშმარიტება, რა გზით უნდა ვიაროთ. არის ერთადერთი გზა - გზა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა! მართლამდიდებელი სარწმუნოება მიგვიყვანს იქ, სადაც ბრძანდებიან ჩვენი დიდი წინაპრები, სადაც ბრძანდებიან ჩვენი წმინდა მეფენი და დედოფალნი, ჩვენი მღვდელმთავარნი და კათოლიკოს-პატრიარქნი, ჩვენი მოწამეები, ღირსი მამები - აი, ეს არის ის გზა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს!
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! შევთხოვ უფალს, რომ წმიდა მოციქულთა - პეტრესა და პავლეს მეოხებითა და ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ.
ხვალ არის თორმეტი მოციქულის დღესასწაული, სვეტიცხოვლობა და ბედნიერნი ვართ, რომ დღეს წმიდა სამების ტაძრიდან მცხეთამდე ფეხით ჩავაბრძანეთ და შემდეგ მთელ საქართველოს მოვატარებთ ივერიის ღვთისმშობლის ხატს - სრულიად საქართველოს დასალოცად! შევავედროთ უფალს ჩვენი სამშობლო! გახსოვდეთ, მთელი გზა ლოცვით უნდა განვლოთ, რათა უფალმა შეისმინოს ჩვენი ვედრება! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28, 2006 წ.
[*] - ჯვარცმით სიკვდილით დასჯა იმ ეპოქაში დამამცირებელი განაჩენი იყო, რომლითაც რომის მოქალაქეებს ვერ დასჯიდნენ.