„იოთამ ზედგენიძის სული უკვდავია,
მისი დიდი ღვაწლ დაუვიწყარია
საქართველოს ისტორიაში, ქართველი ერის მეხსიერებაში!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყოველი ადამიანი არის საოცარი ქმნილება ღვთისა და ყოველი ადამიანი არის დიდი სასწაული ღვთისა. ძალიან ხშირად ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ სასწაულს და ვერ ვაცნობიერებთ მას.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მამულისათვის, თავდადებულნი არიან ერისათვის. ასეთ ადამიანებს ადიდებს მთელი ქვეყანა, მთელი მსოფლიო და მათით ამაყობს ერი. მაგალითად, ასეთი პიროვნებაა ჩვენი ერის თვალსაჩინო წარმომადგენელი იოთამ ზედგენიძე. მე განგებ ვამბობ - არის და არა - იყო, რადგან მისი სული უკვდავია, მისი დიდი ღვაწლი დაუვიწყარია საქართველოს ისტორიაში და ჩვენს მეხსიერებაში!
დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს დიდსა და სახელოვან წინაპარს, XV საუკუნის მოღვაწეს - იოთამ ზედგენიძეს. მოგეხსენებათ, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო ის დრო, როდესაც მიდიოდა დაუღალავი ბრძოლა საქართველოს გამთლიანებისათვის. თითქოს ჰგავს კიდეც ჩვენი აწმყო იმ პერიოდს, ჩვენი მეფე და თანამემამულენი თავდაუზოგავად იღვწოდნენ სამშობლოსათვის. მაგრა, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, როლებიც არა თუ არ ედგნენ მეფე გიორგი VIII-ს მხარში, არამედ აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მას.
გიორგი VIII იყო ძე მეფე ალექსანდრე დიდისა. ერთხელ, როდესაც გიორგი VIII თავისი ამალით ფარავნის ტბის ნაპირზე იმყოფებოდა, მასთან იოთამ ზედგენიძე მივიდა და გააფრთხილა: „შენ წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენო“. მეფემ არ დაიჯერა. ეგონა, იოთამ ზედგენიძის ერთგულება და სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ შეთქმულების შიში აქედან მომდინარეობსო, სინამდვილეში კი ასე არ იყო. როდესაც იოთამ ზედგენიძე მიხვდა, რომ ვერაფრით დაარწმუნებდა მეფეს, სთხოვა: „ერთი სურვილი შემისრულე, ამაღამ შენს კარავში, შენს ლოგინში მე დავწვები და თუ რაიმე საშიშროება გელის, მე ვიტვირთავ, - ოღონდ, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს ნუ დაივიწყებო“. მეფე გიორგი VIII დათანხმდა. იმ ღამეს იოთამ ზედგენიძემ მეფის კარავში დაიძინა. ეს იყო მისი უკანასკნელი ღამე. ღამე კარავში მეფის მტრები შეიპარნენ და მეფის ნაცვლად იოთამ ზედგენიძე მოკლეს. დილით მეფე კარავში შევიდა და თავისი ერთგული მეგობარი სისხლის გუბეში იხილა.
ეს ამბავი 1465 წელს მოხდა. მას შემდეგ საქართველოს ეკლესიამ იგი წმინდათა დასში შერაცხა.
დღეს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვაზე ბრძანდებიან იოთამ ზედგენიძის მოგვარენი და ჩვენ ვლოცავთ მათ, ვლოცავთ მათ გვარს.
თქვენ გყავთ ისეთი მფარველი ზეციურ საქართველოში, რომელიც აღავლენს ლოცვებს არა მარტო თქვენთვის, არამედ მთელი საქართველოსათვის. თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი გვარით და იოთამ ზედგენიძის განსაკუთრებული ღვაწლით!
მოხარულნი ვართ, რომ დღეს ჩვენთან ჩამობრძანდნენ ჩვენი სულიერი შვილები დუშეთიდან და ჟინვალიდან და ჩვენ საშუალება გვაქვს, დავლოცოთ ისინიც. უნდა ითქვას, რომ მთამ შეუნარჩუნა საქართველოს რწმენა და დიდი პატივისცემა სიწმინდეებისადმი. დღეს თქვენ გიწვევთ საპატრიარქოში; რათა ვისაუბროთ და კიდევ ერთხელ დაგლოცოთ.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. იოთამ ზედგენიძის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო და მოგვცეს მრავალი ასეთი თავდადებული ადამინი.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №42, 2006 წ.