„დღეს ყველაზე მეტად ჩვენ
გვჭირდება მთლიანობა, ერთსულოვნება და იმედი გვაქვს,
რომ ყოველთა წმინდანთა ლოცვით, ღმერთი მოიღებს საქართველოზე ამ დიდ წყალობას!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ფსალმუნში ვკითხულობთ: „დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. ხშირად ვფიქრობთ, თუ რა არის საკვირველება, რა არის სასწაული. საკვირველება არის ის მოვლენა, რომელსაც ადამიანი ვერ ხსნის, თუ რატომ ხდება და რა ხდება. საქართველოს წარსულს ან დღევანდელ დღეს რომ გადავხედოთ, - ვისაც სულიერი თვალი აქვს, დაინახავს, რომ უფალმა უხვად დააბერტყა მრავალი საკვირველება და მადლი ქართველ ხალხს. რით იმსახურებს ქართველი ხალხი ამას, ჩვენ ვერ ვხვდებით და, ალბათ, ვერც მივხვდებით. ადამიანის გონება ნამდვილად ვერ მისწვდება იმას, თუ რატომ იყო ჩამოტანილი საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა? რატომ ჩამოვიდნენ ებრაელები საქართველოში? რა თქმა უნდა, ჩამოვიდნენ გადასარჩენად და თან ჩამოიტანეს უდიდესი განძი და სიწმინდე - ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა, რომელიც მან თავის მოწაფეს, ელისე წინასწარმეტყველს დაუტოვა. მაგრამ ყველაზე ძვირფასი ებრაელებმა ერთი ღმერთის ჭეშმარიტი სარწმუნოება ჩამოიტანეს და ამ რწმენას ქართველი ხალხი აზიარეს.
შეგვიძლია ავხსნათ, როგორ მოხდა, რომ კვართი უფლისა ჩამოიტანეს საქართველოში? ან რატომ მოხდა ასე? როგორ შეიძლება ავხსნათ ის მოვლენა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა? ან როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებული მოდის და ქადაგებს სახარებას და თან მოაქვს ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა? და კიდევ მრავალი სხვა... ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რმო უფალმა უხვად მოანიჭა საქართველოს მადლი სულისა წმიდისა! და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მადლობა შევსწიროთ უფალს, მაგრამ ვერც ერთი ჩვენგანი ახსნის, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ზოგი ამბობს, შემთხვევითობააო, მაგრამ შემთხვევითობას, როგორც ამბობს ერთი პოეტი, აქვს მეორე სახელი, - ეს არის ბედი! ასეთი ბედი ჰქონია საქართველოს და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!
წმინდა ანდრია პირველწოდებული, პირველი მოციქული უფლისა, იყო მოწამე წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და როცა წმინდა იოანე ნათლისმცემელმა გზად მიმავალი უფალი დაინახა, თავის მოწაფეებს უჩვენა და ხალხს უთხრა: „აჰა, კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა!“ და წმინდა ანდრია პირველწოდებული მიდის უფალთან და განუშორებლად მის გვერდით რჩება.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის ცხოვრებაში წერია, რომ იგი ქართლში, საქართველოში, ლაზეთის მხრიდან, შავი ზღვის სანაპიროდან შემოვიდა. იგი არის დამაარსებელი საქართველოს წმინდა ეკლესიისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.
საოცარია დღევანდელი დღე! ოთხი დიდი პიროვნებაა ჩვენ წინაშე: ანდრია პირველწოდებული, ვახტანგ დიდი გორგასალი, პირველი კათოლიკოსი დამოუკიდებელი და ავტოკეფალური ეკლესიისა - პეტრე I და მისი მომდევნო კათალიკოსი - სამუელი.
როგორც იცით, წმინდა მეფე ვახტანგ დიდი გორგასალი V საუკუნის მოღვაწეა. ეს იყო დიდებული მეფე, რომელსაც ჰქონდა მრავალი განსაცდელი, მაგრამ უდიდესი რწმენა უფლისა. ამის შესახებ მეტყველებს მისი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა ქართველ ერს: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს!“ ამგვარი სიტყვები არ უთქვამს და ვერც იტყვის ვერც ერთი ადამიანი! იმდენად ძლიერი იყო სულიერად და ფიზიკურად წმინდა მეფე ვახტანგ დიდი გორგასალი, რომ შესძლო ეს ისტორიული სიტყვები წარმოეთქვა. მისი თანამოღვაწენი ბრძანდებოდნენ კათოლიკოსი პატრე I და მისი მომდევნო, მეორე კათოლიკოსი საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისა - სამუელი.
დღეს ჩვენ შევთხოვთ ამ ოთხ ჩვენს დიდ მფარველსა და მოღვაწეს: წმინდა ანდრია პირველწოდებულს, წმინდა ვახტანგ გორგასალს, კათოლიკოსებს - პეტრესა და სამუელს და ასევე ინდოეთის მთავარეპისკოპოსს პრუმენტის, რომლის ხსენებასაც აღნიშნავს დღეს წმინდა ეკლესია, რომ მათი ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ჩვენი ეკლესია!
დღეს ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება მთლიანობა, ერთსულოვნება და იმედი გვაქვს, რომ ყოველთა წმინდანთა ლოცვით, ღმერთი მოიღებს საქართველოზე ამ დიდ წყალობას!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამ წმინდა დღეს და შევთხოვ უფალს, ამ წმინდანთა ლოცვით ღმერთმა გაგაძლიეროთ, დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა გაამთლიანოს და გაახაროს სრულიად საქართველო, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №47, 2006 წ.