„თამარ მეფე - რჩეული რჩეულთა შორის!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღსდგა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ და საეკლესიო დღესასწაულს - ხსენებას წმიდისა მეფისა თამარისა. თამარ მეფე ბრძანდებოდა რჩეული რჩეულთა შორის! ფსალმუნებში ვკითხულობთ, უფალი ბრძანებს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. სწორედ ასეთი ამაღლებული ერისაგან ჩვენისა ბრძანდებოდა და ბრძანდება წმიდა თამარ მეფე.
უნდა ითქვას, რომ ბედი ჩვენი ქვეყნისა და საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნისა ბევრად დამოკიდებულია პიროვნებაზე, დამოკიდებულია ისეთ ადამიანზე, რომელიც დგას ქვეყნის სათავეში. ყოველი სიკეთით შემკობილი ბრძანდებოდა თამარ მეფე.
ივანე ჯავახიშვილი ამბობს: „სამი რამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე: მაღალი თანამდებობა, სიმდიდრე და სილამაზე“. ეს სამივე გააჩნდა თამარ მეფეს და ის მაინც წმიდანი დარჩა. მართლაც, რჩეული იყო ერთადერთი შვილი თავისი მშობლებისა. როცა თამარი 12 წლისა გახდა, მისმა მამამ, მეფე გიორგიმ გადაწყვიტა იგი მეფედ ეკურთხებინა. 12 წლის ქალწულს თავზე სამეფო გვირგვინი დაადგეს და ერთგულების ფიცი მას პირველმა მისცა მამამ, მეფე გიორგიმ შეჰფიცა და მერე უვკე დიდებულებმაც. 5 წლის მანძილზე მეფე გიორგი და თამარი ერთობლივად მართავდნენ საქართველოს.
საოცარია მისი ცხოვრება, მისი შინაგანი განცდები, მისი სარწმუნოება. თქვენ გახსოვთ მისი ცხოვრებიდან ერთი შემთხვევა, როცა თამარ მეფე ემზადებოდა მონასტერში სალოცავად წასასვლელად. მას სამეფო სამოსში მოსავდნენ და ძვირფასი ლალის თვლებით ამკობდნენ. ამ დროს შემოვიდა მსახური და უთხრა, რომ ერთი გაჭირვებული ადამიანი მეფისგან დახმარებას თხოულობსო. თამარმა უბრძანა, მოიცადოს, შევიმოსები და მერე გავუგზავნიო. მაგრამ როცა შეწირულობა გაუგზავნა, გლახაკი უკვე იქ აღარ იყო. ძლიერ შეწუხდა თამარი და როცა მონასტერში მივიდა, მოიხსნა თავისი უძვირფასესი ლალები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს დაჰკიდა: „მე ღირსი არ ვარ ეს ვატარო, რადგან ამის გამო მე უარით გავისტუმრე გაჭირვებული ადამიანიო“.
როცა მტერი საქართველოს მოადგებოდა, თამარ მეფეს ჯარი რომელიმე მონასტერში ან რომელიმე ტაძარში სალოცავად მიჰყავდა. სამღვდელოება ლოცავდა ჯარს, აზიარებდა ყველას. ამის შემდეგ თამარი ჯვარს აიღებდა და ფეხშიშველი, მთელი დღის განმავლობაში ჯარს წინ მიუძღოდა. შემდეგ დალოცავდა, უკან დაბრუნდებოდა და ჯარის შინ დაბრუნებას ელოდებოდა. მაგრამ მეფე თამარი ბრუნდებოდა არა სასახლეში, არამედ ისევ მონასტერში და კვლავ დღესა და ღამეს ასწორებდა ლოცვაში, ლოცულობდა მშვიდობისა და გამარჯვებისათვის. და გამარჯვებული ჯარი ბრუნდებოდა მეფესთან.
ერთხელ თამარ მეფემ ნახა ჩვენება: იყო ორი ტახტი - ერთი ბრწყინვალე, და მეორე მომცრო, უფრო უბრალო. თამარ მეფე გაემართა ბრწყინვალე ტახტიასკენ, მაგრამ ხმამ შეაჩერა - ეს ტახტი შენ არ გეკუთვნისო. და ვის ეკუთვნისო? - გაიკვირვა მეფემ. ხმამ მიუგო: ეს ტახტი შენს მსახურს ეკუთვნისო. და რით დაიმსახურაო? დაიმსახურა იმით, რომ თავისი ხელით შეკერა 12 სამღვდელო შესამოსელი, სამღვდელოებას დაურიგა და 12 ეკლესიაში აღესრულება წირვა მისი შესამოსლით. მეორე დღეს თამარ მეფემ დაუძახა თავის მსახურს, მოატანინა ქსოვილი და თავისი ხელით შეკერა 12 შემოსასელი სამღვდელოებისათვის. აი, ასეთი იყო მისი რწმენა, საოცარი სასოება ჰქონდა ღვთისა. ეს იმედი მუდამ ამართლებდა, მუდამ გამარჯვებული იყო თამარი. რა თქმა უნდა, დიდი წინააღმდეგობაც ჰქონდა მას, მაგრამ ისევ ღვთის ძალით და ღვთის დახმარებით სძლევდა ხოლმე მას.
მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების როლს ერის წინაშე, რამდენად საჭიროა ქვეყნისთვის მაღალი ავტორიტეტი, რამდენად საჭიროა, რომ ხალხს ჰყავდეს მისაბაძი ადამიანები. დღეს არის ისეთი დრო, როცა მიდის ბრძოლა ავტორიტეტების წინააღმდეგ. თითქოს უკვე აღარ არის საჭირო, თითქოს წავიდა ის დრო, როცა ავტორიტეტებს ჰქონდა თავისი ძალა. სანამ იარსებებს დედამიწა, სანამ იარსებებს კაცობრიობა, მაღალი ზნეობის, მაღალი რწმენის ადამიანები მუდამ საჭირო იქნება და მრვალი ადამიანი იქნება მათი მიმბაძველი.
კიდევ ერთხელ დაგლოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - თამარობას. მინდა, შეგახსენოთ ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც ეწოდება „ჩვენება“. თუ არ გახსოვთ, აუცილებლად ნახეთ დღესვე. ის ამბობს „კვალად ვიხილე“. კვალად, ე.ი. მას ეს ჩვენება არაერთხელ ჰქონდა. იხილა წმიდათა დასი და შუაში, როგორც დილის ცისკარი, როგორც დილის ნათება - ბრძანდებოდა მეფე თამარი. ვაჟა-ფშაველა ამბობს, რომ წმიდათა შორის მრავალი ვიცანიო. და სინი ყველანი ერთხმად ამბობდნენ: აღდგება საქართველოო! და ხელში ეჭირათ ოქროს ფიცრები და იმ ფიცარზეც ეწერა: აღდგება საქართველოო!
ღმერთმა ინებოს, რომ აღდგეს საქართველო, გაძლიერდეს და გამთლიანდეს!
წმიდა მეფის თამარის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
დღეს არის ბედნიერი დღე კიდევ იმით, რომ ჯერ საპატრიარქოში, დღეს კი სამების ტაძარში მოვაბრძანეთ ანჩის სახარება. ეს თამარ მეფის დროინდელი სახარებაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სახარება ეჭირა თამარ მეფეს და დღეს ჩვენ სშუალება გვქონდა, ვმთხვეოდით ამ წმიდა წერილს. მისი ძალა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტე აღსდგა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2006 წ.