„მამა ტარიელი დღე და ღამე მუშაობდა აქ, მან ყველაფერი გააკეთა... ფაქტიურად, შეუძლებელი შეძლო...“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი!“ ნამდვილად დიდია წყალობა ღვთისა და მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის ის, რაც ხდება ქვეყანაზე. დღევანდელი დღე - ეს არის უდიდესი სასწაული: სამოცდაათ წელზე მეტია ამ ტაძარში წირვა-ლოცვა არ ჩატარებულა. ადრე აქ მოღვაწეობდა მღვდელი გიორგი მალანია, რომელიც შემდეგ აქედან კომუნისტებმა გააძევეს და მან ყაზბეგში განაგრძო მსახურება. ის იყო ამ წმინდა ტაძრის ბოლო მოძღვარი (ჩემს დედ-მამას სწორედ მან დასწერა ჯვარი).
ამ ეკლესიას ლომისის წმინდა გიორგი ეწოდება; წმინდა გიორგის ტაძრები ბევრი იყო და დღესაც ბევრია საქართველოში, წარსულში ხომ მთელი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღეს, რომელიმე სოფელში ან ქალაქში აღინიშნებოდა წმინდა გიორგის დღესასწაული. მაგრამ არის გამორჩეული ძალისა და მადლის მქონე ადგილები და ერთ-ერთი ასეთი ადგილი და სალოცავი არის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.
დღეს ჩვენ კვლავ ვდღესასწაულობთ წმინდა გიორგის ხსენების დღეს, ათასობით ქართველია მოსული აქ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ძლიერია ქართველი ადამიანის სული, ძლიერია ჩვენი ერი. ჩვენ ვართ სისხლი და ხორცი ჩვენი დიდი წინაპრებისა: დავით აღმაშენებლისა, თამარ მეფისა, არჩილისა და ლუარსაბისა, ერეკლესი და სხვა დიდი ადამიანებისა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი ხალხი არ გადაშენდება და გაუძლებს იმ დაბრკოლებებს, რომლებიც გვხვდება ცხოვრების გზაზე.
თქვენ იცით, რომ წელს, გაზაფხულზე, დიდი განსაცდელი დაატყდა ამ ტაძარს, იგი თითქმის გუმბათამდე იყო ჩაფლული ტალახსა და ნიაღვარში და ერთი შეხედვით, გარდაუვალი იყო მისი დანგრევა. ყველანი ვლოცულობდით, რომ გადაგვერჩინა იგი. შეიძლება ჩვენი ცოდვების გამოც მოხდა, რომ ასეთი განსაცდელი დაატყდა მას, - თქვენ იცით, აქ წირვა-ლოცვა არ სრულდებოდა, სოფელი მაინცდამაინც არ იყო ამით დაინტერესებული, რადგან ხალხს აქ შესაწირი მოჰქონდა. მინდა ვთქვა, რომ შესაწირი, რომელიც მოდის ცხვრის თუ სხვა სახით, როგორც იყო, ისევ ისე იქნება სოფლისათვის, ჩვენ არავითარ წინააღმდეგობას არ შევუქმნით მათ; მთავარია, წირვა-ლოცვა შესრულდეს, რადგან ეს დიდი მადლია ამ სოფლისა და მთელი საქართველოსათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მადლი რომელიც აქ ტრიალებს ძალიან ძლიერია და ის მიეფინება მთელ საქართველოს.
ჩვენ სულ ვფიქრობდით, თუ როგორ გვეშველა ამ ტაძრისათვის და სწორედ ამ დროს წერილი მივიღეთ სოფლიდან, მოსახლეობა თხოულობდა მოძღვარს; მათ სურათ, რომ ტაძარი უშუალოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამგებლობაში გადასულიყო, მისი უშულო მფარველობის და ყურადღების ქვეშ ყოფილიყო: ჩვენ გავითვალისწინეთ ეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან ეს წმინდა ადგილი და ტაძარი იყოს სტავროპიგიალური, ანუ უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავიდეს.
პირველი ადამიანი, რომელიც ზრუნავდა ამ საქმისათვის, იყო ბატონი ირაკლი ბურდული, ამ სოფლის გამგებელი. იგი არაერთხელ იყო ჩემთან და სხვადასხვა წინადადებებს გვთავაზობდა. მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო ამ სოფლის მთელ მოსახლეობას, მათ დიდი საქმე გააკეთეს, ისინი ეხმარებოდნენ ჩვენს მოძღვრებს. მინდა ასევე თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს მოძღვრებზე. მამა ტარიელი დღე და ღამე მუშაობდა აქ, მან ყველაერი გააკეთა, რომ ტექნიკა მოეყვანა, ფაქტიურად, შეუძლებელი შეძლო, რადგან როგორც გითხარით, ტაძრის გუმბათი თითქმის ყელამდე ტალახსა და ნიაღვარში იყო ჩაფლული, თვითონ ტაძარშიც მეტრნახევარზე ტალახი და წყალი იყო. მან ეს ყველაფერი სხვებთან ერთად დაასუფთავა. დიდი მამულიშვილები, კარგი ვაჟკაცები ეხმარებოდნენ. დაუღალავად შრომობდა ბატონი მალხაზ ჯაფნიაშვილიც, თავის ვაჟკაცთან ერთად. მინდა, დავლოცო ისინი და მადლობა ვუთხრა.
ჩვენ ვითვალისწინებთ მამა ტარიელის დიდ შრომას და დღეს იგი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით და დანიშნულია ამ წმინდა ტაძრის წინამძღვრად.
მინდა ასევე დიდი მადლობა მოვახსენო და დავლოცო მამა გაბრიელი, რომელიც ასევე დღე და ღამე შრომობდა ამ წმინდა ტაძარში; დღეს იგი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით, აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დანიშნულია წინამძღვრის მოადგილედ. ასე რომ, თქვენთან ორი მოძღვარი იქნება - მამა ტარიელი და მამა გაბრიელი.
ის, რაც გაკეთებულია, მხოლოდ დასაწყისია. მინდა, მოგმართოთ ყველას, რომ გააძლიეროთ ეს დიდი საქმე; აქ უნდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო სავანე მთელ საქართველოში. ისტორიიდან ცნობილია, რომ აქ მოღვაწეობდნენ დიდი მონაზვნები და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი კვლავ აღდგება. მთელი საქართველო უნდა იცნობდეს, მიდიოდეს და ლოცულობდეს აქ.
წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ვაჟკაცობისა და ძლევისა. ლომისის წმინდა გიორგის ლოცვითა და მფარველობით ღმერთმა დიდი ძალა მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მისი მეოხებით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
იმედი გვაქვს ღვთისა, რომ აუცილებლად მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2006 წ.