„თქვენ მოსული ხართ აქ არა მარტი ცოდნის მისაღებად, არამედ უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ მიიღოთ მადლი“
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ახალ წელს. დღეს იწყება საეკლესიო ახალი წელი თავისი ახალი იდეებით, ახალი აზრებით, ახალი გზებით, ახალი წამოწყებებით. ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
როგორც ყოველთვის, კეთილი გააკეთებს სიკეთეს, ბოროტი კი - ბოროტებას, ეს ყველაფერი ბუნებრივია.
ამასთან ერთად, დღეს იწყება სასწავლო წელიც. ის, რაც დღეს საქართველოს ეკლესიაში ხდება, ღვთს დიდი წყალობა და დიდი სასწაულია; ამ ურთულეს დროს, როცა მსოფლიოში ასეთი წინაააღმდეგობაა კეთილსა და ბოროტს შორის, ღმერთმა ინება, რომ ეკლესიის წიაღში გაიხსნას ახალი სასწავლებლები; იხსნება მოწყალების დებისა და სოციალური მედიცინის სასწავლებელი, ეკოლოგიის, დეკორატიული გამწვანებისა და მებაღეობის სასწავლებელი, უკვე ერთი წელია მოქმედებს ხატწერისა და რესტავრაციის სასწავლებელი, მე საგანგებოდ დამაინტერესა აბიტურიენტების ნახატებმა და თავად ვნახე ისინი. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე ჩამოყალიბებული მხატვარია. ეს გვაძლევს დიდ იმედს. რა თქმა უნდა, მათ შორის სუსტებიც არიან, მაგრამ შეიძლება ამ სუსტებმა ისეთი უნარი გამოიჩინონ, რომ ძლიერებს გაუსწრონ. ასევე იხსნება ლოტბართა, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი სასწავლებელი. ასე რომ, ამ ურთულეს დროს ღმერთი გვაძლევს სიხარულს, ღმერთ გვაძლევს იმედს და ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ აღასრულოს ნება ღვთისა. აუცილებლად უნდა დავინახოთ ის, რომ უფალი მოდის ჩვენსკენ და ჩვენ არ უნდა დავშორდეთ მას, ჩვენც უნდა წავიდეთ უფლისკენ. და აი, ეს შეერთება - სინერგია ღვთაებრივი და ადამიანური ძალისა, საოცარ შედეგებს მოგვცემს.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აკადემიაში, სემინარიასა და ინსტიტეტებში ჩაგვერიცხა ყველა, ვინც აბარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა უარყოფთი ნიშანი მიიღო. ეს გავაკეთეთ თქვენდამი იმედითა და სიყვარულით იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა ყოველი ადამიანის სულზე უნდა ვიფიქროთ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მომავალზე; ჩვენ იმ იმედით ჩავრიცხეთ ისინი სასულიერო სასწავლებლებში, რომ მომავალში აუცილებლად გაამართლონ ჩვენი ნდობა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ მოსული ხართ აქ არა მარტი ცოდნის მისაღებად, არამედ უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ მიიღოთ მადლი. ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა, რომ შეიძლება დაკარგო ფული და სიმდიდრე, და ამით არაფერს კარგავ; თუ დაკარგავ ჯანმრთელობას, შენ შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ დაკარგავ ღვთის ძალასა და მადლს, მაშინ ყველაფერი დაგიკარგავს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ მადლი დავკარგოთ.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყოს თქვენთან, საქართველოსთან და მთელ მსოფლიოსთან.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35, 2006 წ.