„...სიწმინდეები აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, გვიცავს ჩვენ და გვმოსავს უდიდესი ძალით!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი. ქართველი ადამიანი მუდამ სულიერ საუნჯეს აგროვებდა, რადგან კარგად იცოდა, რომ მიწიერი სიკეთენი წარმავალია, ამაოებაა ამაოებათა, ამიტომ, როდესაც ჩვენი მეფეები და პატრიაქები უცხოეთში მიემგზავრებოდნენ, უპირველეს ყოვლისა, წმინდა ნაწილები ჩამოჰქონდათ, და ამის წყალობით, ჩვენს ქვეყანაში დაგროვდა მრავალი სიწმინდე: წმინდა ნაწილები, წმინდა ხატები, სასწაულთმოქმედი ხატების ასლები და სხვა. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ეს სიწმინდეები აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, გვიცავს და გვმოსავს უდიდესი ძალით. ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, მაგალითად, შემინულ კიდობანში დაბრძანებულია წმინდა ნაწილები, მათ შორის წმინდა გიორგის ნაწილი. ჩვენ კვლავაც ვაგროვებთ სიწმინდეებს და აი, დღეს, მოგეხსენებათ საქართველოში გვეწვია ათონელი ბერების ჯგუფი, რათა ჩამოებრძანებინათ წმინდა ხატები და ჩვენთან ერთად გაეზიარებინათ ქართველი ხალხის სიხარული უდიდეს ეროვნულ დღესასწაულებთან - სვეტიცხოვლობასთან და წმინდა დავით და კონსტანტინეს ხსენებასთან დაკავშირებული.
მინდა გაგაცნოთ ჩვენი ათონელი სტუმრები: იღუმენი ამბროსი - წინამძღვარი ზოგრაფის ბულგარული მონასტრისა და იგივე მონასტრის მღვდელმონაზონი ბესარიონი, ჰილანდარის სერბეთის მონასტრის მღვდელმონაზონი კირილე და ბერი ნიკანორი, გრიგორიუსის ბერძნული მონასტრის მღვდელმონაზონი თეოლოღოსი. სწორედ ამ ბერებმა ჩამოგვიტანეს სასწაულთმოქმედი ხატების ზუსტი ასლები, რომლებიც ახლა შუა ტაძარშია დაბრძანებული, ანალოღიებზე. ღვთისმშობლის ხატი, „სამხელად“ წოდებული, წმინდა გიორგის ხატი და ჩვენი დიდი წინაპრების, ივერიის მონასტრის ქტიტორების (აღმაშენებელთა) - იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების. ეს არის უდიდესი საუნჯე ჩვენთვის და ჩვენი მორწმუნეებისთვის. წმინდა სინოდის და ჩვენი სამღვდელოების სახელით მადლობას ვწირავ მათ ამ დიდი საჩუქრისთვის.
საქართველოს ჰქონდა და დღესაც აქვს მჭიდრო კავშირი ათონის მთასთან. იმდენად დიდი იყო ყოველთვის ათონისადმი ჩვენი პატივისცემა და სიყვარული, რომ საუკუნეების მანძილზე ათეულობით და ასეულობით ქართველი ბერი მოღვაწეობდა ამ წმინდა ადგილზე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ათონის მთაზე ქართველი ბერები დღესაც მოღვაწეობენ. გულითადად მივესალმები მათ, მადლობას ვწირავ, რომ დაარღვიეს ბერული რეჟიმი, თავისი ტიპიკონი და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი სიხარული.
მინდა, საქართველოს ეკლესიის სახელით გადავცე საუკეთესო სურვილები ბერებს და ვთხოვო მათ, ილოცონ საქართველოს მთლიანობისა და მშვიდობისათვის, ილოცონ საქართველოს სულიერი გაბრწყინვებისათვის და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, მინდა, მათ საჩუქრად მივართვა ხატები.
ღემრთმა დალოცოს ჩვენი სტუმრები.
ღმერთმა დალოცოს ათონის წმინდა მთა, სადაც განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება მთელი მსოფლიოსათვის.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №38, 2006 წ.