„სხვისი სიმძიმის ტვირთვა - ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა დედამიწაზე!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ხშირად მომისმენია ურწმუნო ადამიანთაგან, - სასწაული რომ ვნახო, ვიწამებო. ყველაზე დიდი სასწაული არის თვითონ ადამიანი! ადამიანი არის მწვერვალი ღვთის ქმნილებათა.
ისეთ დიდ მეცნიერს, როგორიც იყო რუსი ფიზიოლოგი პავლოვი, ჰკითხეს: „ნუთუ თქვენ, ასეთი სახელოვანი მსოფლიო აღიარების მქონე მეცნიერი, მორწმუნე ხართ?“ იგი მღვდლის შვილი იყო და, ცხადია, მორწმუნე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ის უბრალოდ მორწმუნე კი არა, ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო და უშიშრად აღიარებდა თავის რწმენას ბოლშევიკების წინაშე. ბოლშევიკების შეკითხვას მან ასე უპასუხა: „როდესაც ადამიანის სისხლს სწავლობ, მორწმუნე კი არა, შეიძლება, წმინდანიც გახდე, იმდენად ამტკიცებს იგი ღვთის არსებობასო“.
ლათინური ანდაზაა: „Homo homini lupus est“ - ადამიანი ადამიანისთვის მგელია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ადამიანი ღვთის სახეა, ხატება და მსგავსება მისი. ადამიანი არის უდიდესი სასწაული!
რომაელებმა ასე გამოთქვეს: „Gnoste te ifsum“ - შეიცან თავი შენი. სწორედ ეს გვაკლია ჩვენ. სასწაულს სხვაგან ვეძებთ, იგი კი თვითონ ჩვენშია. როგორი ჰარმონიაა ადამიანში, როგორაა აწყობილი ყველაფერი! ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ყველაფერი ტავის დროზე ხდება ჩვენში. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს ეს და მიხვდება, თუ რა არის ნამდვილი სასწაული.
არის ასეთი მოთხრობა: ორი ასტრონომი მიდის გზად და საუბრობს ღმერთის არსებობის შესახებ. ერთი ეუბნება მეორეს: „მე ტელესკოპში ვაკვირდები ვარსკვლავებს, მრავალი ვარსკვლავი და პლანეტა მინახავს, მაგრამ ღმერთისთვის არასდროს მომიკრავს თვალი“ (სხვათაშორის, ეს სიტყვები, თქვენ გახსოვთ, გაიმეორა იური გაგარინმა: „მე შემოვუფრინე დედამიწას და ღმერთი არსად მინახავს“). მეორე ასტრონომმა ასე მიუგო თავის კოლეგას: „შენ ერთი რამ დაგვიწყებია, - საკუთარ გულში ჩაიხედე და იქ დაინახავ ღმერთს“. აი, ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო, ყველაზე დიდი რამ, - შეიმეცნო საკუთარი თავი!
შესანიშნავი სიტყვები აქვს პავლე მოციქულს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. სხვისი სიმძიმის ტვრითვა - ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა დედამიწაზე! ერთი მოძრვრის მონათხრობს ადრეც გიამობობდით, ეს შემთხვევა რუსეთში რევოლუციამდე მოხდა. მაშინ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, რომ მოძღვარს ემსახურა საპყრობილეში. ერთხელ ერთმა პატიმარმა ითხოვა მოძღვართან აღსარება. ტუსაღმა უამბო მოძღვარს თავისი წარსული, თვისი ცხოვრების თავგადასავალი. მოძღვარი გაოგნებული დარჩა მისი მონათხრობით. ამ ადამიანს ჰყავდა ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა. ისინი ერთად ბედნიერები იყვნენ. მაგრამ ბოროტს არ სძინავს და ეს ქალი მეზობელ კაცს შეუყვარდა. ბევრჯერ სცადა მან ქალის დაყოლიება, მაგრამ ვერაფერი გააწყო და ბოლოს გამწარებულმა იგი საკუთარ სახლში მოკლა. ამ დროს შემოვიდა ქმარი და როდესაც ცოლის გვამი მკვლელთან ერთად ნახა, პირველი აზრი, რომელიც გაუჩნდა - კაცის მოკვლა განიზრახა. როდესაც ამას ფიქრობდა, ის კაცი მუხლებზე დავარდნილა და უთქვამს: მე ძალიან მიყვარდა შენი მეუღლე, მან კი არ მიპასუხა ჩემს სიყვარულზე, ამიტმო მოვკალი იგიო. იმდენად უმოქმედია ქმარზე იმ კაცის სიტყვებს, რომ მკვლელი გაუშვია და დანაშაული საკუთარ თავზე აუღია. პოლიციაში განუცხადებია: ჩემი ცოლი მე მოვკალიო. ცხადია, იგი დაუპატიმრებიათ. შემდეგ ციხეშიც მომხდარა მკვლელობა და ისიც ასევე თავად დაუბრალებია. გაკვირვებულმა მოძღვარმა ჰკითხა: „რატომ აკეთებდა ამას, რატომ იღებდი შენს თავზე სხვის დანაშაულს?“ პატიმარმა მიუგო: „ყოველთვის მახსოვდა პავლე მოციქულის სიტყვები - ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთო. მსურდა, სხვებისთვის შემემსუბუქებინა მძიმე ტვირთი და მითუმეტეს, ჩემი ცოლის მკვლელისთვის, მას ხმო იგი უყვარდა, ჩემმა ცოლმა კი არ მიღალატა, ბოლომდე ჩემი ერთგული დარჩაო. როდესაც პატიმარი მოძღვარს აღსარებას ეუბნებოდა, იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო. აღსარება თქვა თუ არა, ჰქონდა ხილვა; მოძღვარს ესმოდა, როგორ ხედავდა იგი წმინდანებს, შემდეგ დედა ღვთისმშობელი დაინახა, ბოლოს კი მაცხოვარი იხილა და სული განუტევა.
როგორი საოცარი ადამიანია ზოგიერთი! როგორ ღვაწლი, როგორი მძიმე ტვირთი შეუძლია აიღოს თავის თავზე. ეს არის საოცარი მაგალითი ჩვენთვის, თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს ადამიანის სული და მუდამ სიკეთე აკეთოს. ამ ადამიანმა თითქმის მთელი სიცოცხლე ციხეში იმისათვის გაატარა, რომ სხვისი მკვლელობა, სხვისი ცოდვა იტვირთა.
შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიერი ძალა, რმო ვიტვირთოთ სხვისი სიმძიმე, გავუადვილოთ ჩვენს მოძმეს ცხოვრება. ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ კი არ ვტვირთულობთ სხვის სიმძიმეს, ზოგჯერ, პირიქით, სხვას კიდევ უფრო მეტად ვუმძიმებთ ჯვარს.
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად წირვაზე არიან ჩვენი სულიერი შვილები თიანეთიდან. წირვაზე ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობდით თიანეთის მოსახლეობისა და სრულიად საქართველოსათვის.
წირვის შემდეგ თქვენ მოწვეულნი ხართ საპატრიარქოში. იქ თქვენთვის საჩუქრებიც მაქვს გადმოსაცემი.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
მინდა გაუწყოთ, რომ ვინაიდან დღემ იკლო და უკვე მალე ღამდება, დღეიდან ლოცვა დაიწყება საღამოს 16:00 საათზე.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №42, 2006 წ.