„ჩვენ შევთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს,
გამხდარიყო მფარველი საქართველოს ეკლესიისა და
ჩვენი ქვეყნისა და ვუწოდეთ მას ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზის ხსენება, რომელსაც ჩვენ შევთხოვეთ, გამხდარიყო მფარველი საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნისა და ვუწოდეთ მას ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი!
წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება სულ სასწაულებით არის აღსავსე. უნდა ითქვას, რომ უფალი ირჩევს ყოველ ადამიანს, უფალი აღამაღლებს და უფალი დაამდაბლებს. ძველ აღთქმაში უფალი ეუბნება ერთ-ერთ წინასწარმეტყველს: შენ ჯერ ჩასახულიც არ იყავი დედის მუცელში, როდესაც მე შენ გიხილეო. ეს ასევე ეხება ყოველ ჩვენგანს, - ჯერ ჩასახულნიც არ ვიყავით დედის მუცელში, როდესაც უფალი უკვე გვიცნობდა.
ყოველ ადამიანს აქვს თავისი ბედი დაწერილი. ხშირად გვეკითხებიან: თუკი ბედი წინასწარ დაწერილია, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს ჩვენს მოღვაწეობასა და საქმიანობასო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და კარგად დავიხსომოთ, რომ უფლისათვის არ არსებობს წარსული, აწმყო და მომავალი, უფლისათვის ყველა დრო აწმყოა და უფალი ხედავს ჩვენს მომავალს ისევე, როგორც აწმყოს. ამიტომ ბერი იწერება იმის მიხედვით, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ და ასევე, რა თქმა უნდა, ღვთის ლოცვა-კურთხევით. ეს ორი ძალა უახლოვდება ერთმანეთს: ადამიანის თავისუფალი ნება და ღვთის მადლი და ეს ორი ძალა ქმნის ადამიანის ბედს.
ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ ფაქტებს ხშირად შემთხვევითობას მივაწერთ. ერთი რუსი მწერაი ამბობს, რომ შემთხვევას აქვს კიდევ ერთი სახელი - ბედი. შემთხვევითობა არ არსებობს, ეს არის ბედი, ეს უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ეს იყო ნება ღვთისა და ეს იყო დამსახურება ადამიანისა.
ამაღლებული და რჩეული პიროვნება ბრძანდება მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი და ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი - წმინდა ნიკოლოზი.
ცნობილია, რომ წმინდა ნიკოლოზი ცხოვრობდა IV საუკუნეში. მის მშობლებს არ ჰყავდათ შვილი და მათ აღუთქვეს უფალს, რომ თუკი უფალი შვილს უბოძებდა, ისინი მას უფალსვე შესწირავდნენ. მართლაც, მათ მალე ეყოლათ ვაჟი, რომელსაც სახელად ნიკოლოზი დაარქვეს. ბავშვობაშივე წმინდა ნიკოლოზი უკვე სასწაულებს ახდენდა. მაგალითად, იგი ოთხშაბათსა და პარასკევს ძუძუს არ სწოვდა.
წმინდა ნიკოლოზს ჰყავდა ბიძა - ეპისკოპოსი ნიკოლოზი. სწორედ ბიძამისმა აკურთხა იგი მღვდლად და ხელდასხმისას საოცარი სიტყვები წარმოთქვა: „ბედნიერი და ნეტარია ის სამწყსო, სადაც შენ იქნები მოძღვარი“. მართლაც, ბედნიერი იყო მისი სამწყსო და ბედნიერია ჩვენი სამწყსო, რადგან ჩვენ ვთხოვეთ მას, გამხდარიყო ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი. ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით ახლოსაა ჩვენთან; ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით იფარავს საქართველოს!
სასწაულებრივი იყო ასევე მისი არჩევა მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად. გარდაიცვალა მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი. სამთავარეპისკოპოსოში რამდენიმე ეპარქია შედიოდა, თავისი მმართველი მღვდელმთავრებით. ხალხი ღელავდა, ყველას სურდა, რომ სამთავარეპისკოპოსოს მეთაურად თავისი მღვდელმთავარი ეხილა. ამიტომ დიდი მღელვარება იყო მრევლში და ვერაფრით აერჩიათ მთავარეპისკოპოსი. შემდეგ ერთ-ერთ ეპისკოპოსს უფლისგან ხილვა ჰქონდა; მას ესმა ხმა ზეციდან: „დადექი ტაძრის კარიბჭეში და გარიჟრაჟზე მოვა მღვდელი, სახელად ნიკოლოზი, სწორედ ის იქნება მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი“. და მართლაც, სრულიად შემთხვევით, ტაძარში პირველი მოვიდა წმინდა ნიკოლოზი. ამ ხილვის შესახებ მან, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. კარიბჭესტან წმინდა ნიკოლოზი გააჩერეს და სახელი ჰკითხეს და როდესაც მან თავისი სახელი წარმოთქვა, უთხრეს: „შენ ყოფილხარ ღვთისაგან რჩეული და შენ ხარ არჩეული უფლის მიერ მთავარეპისკოპოსად მირონ-ლუკიის!“ ასე სასწაულებრივად მოხდა არჩევა წმინდა ნიკოლოზისა მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად.
შემდეგ აღესრულა წმინდა ნიკოლოზის მრავალი სასწაული. რა თქმა უნდა, მას განსაცდელიც ძალიან ბევრი ჰქონდა. იგი პირველი საეკლესიო მსოფლიო კრების მონაწილე იყო. როდესაც ნიკეაში იგი მწვალებელი არიოზის სიტყვას უსმენდა, ვერ მოითმინა და მას სილა გააწნა. ამის გამო მღვდელმთავართა კრებამ წმინდა ნიკოლოზი დასაჯა და მას მღვდელმთავრობა შეუჩერა. მაგრამ მალევე მღვდელმთავრებს ჰქონდათ ხილვა: იხილეს წმინდა ნიკოლოზი და მასთან ერთად მაცხოვარი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი; მაცხოვარი წმინდა ნიკოლოზს სახარებას აწვდიდა, ხოლო დედა ღვთისმშობელი - ომოფორს. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ უფალი უბრუნებდა მას მღვდელმთავრობის პატივს.
მთელი ცხოვრება წმინდა ნიკოლოზმა ქველმოქმედებაში გაატარა. იგი ფარულად შეეწეოდა გაჭირვებულ ადამიანებს.
არა ერთხელ მითქვამს თქვენთვის და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ წმინდა ნიკოლოზის კიდევ ერთი სასწაული, რომელიც 200 წლის წინათ მოხდა უკრაინაში.
ოჯახი, ჩვილი ბავშვით, წმინდა ნიკოლოზობის დღესასწაულზე ტაძარში მიდიოდა. მათ მდინარე ნავით უნდა გადაეკვეთათ. უცაბედად, დედას ჩვილი ხელიდან გაუსხლტა და ბავშვი წყალში ჩაუვარდა. სიბნელეში ჩვილი სწრაფად გაუჩინარდა. ბევრი ეძებეს იგი, მაგრამ ვერ იპოვეს. მთელი ღამე იტრიალეს, მკვდარი რომ მაინც ენახათ, მაგრამ ამაოდ და ტირილითა და გოდებით ფიქრობდნენ, სახლში დაბრუნებულიყვნენ თუ ტაძარში მაინც წასულიყვნენ. ბოლოს, სალოცავში მისვლა გადაწყვიტეს.
ტაძარში გარიჟრაჟზე მივიდნენ. ეკლესია დაკეტილი დახვდათ და დარაჯის გაღვიძება მოუწიათ. დარაჯს ძალიან გაუკვირდა, ასე ადრე მისულები რომ იხილა. მათ უამბეს თავისი უბედურება, რაც შეემთხვათ - რომ მათ დაკარგეს შვილი და დარაჯმა ტაძრის კარი გაუღოთ და სიბნელიდან მათ ჩვილის ტირილი შემოესმათ. საყდარში შესულებმა წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ საკუთარი შვილი იხილეს, სველი ტანსაცმლით! აი, ასეთი სასწაულთმოქმედია წმინდა ნიკოლოზი. ყოველ ადამიანს, რომელიც მას მიმართავს ლოცვით, სიყვარულითა და სასოებით, იგი აუცილებლად უსრულებს თხოვნას. და თან იმდენად მოწყალეა წმინდა ნიკოლოზი,რომ იგი არაქრისტიანებსაც შეეწევა. როდესაც მას არაქრისტიანები ლოცვით მიმართავენ, იგი მათაც უსრულებს თხოვნას.
დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს - საქართველოსა და ყოველთა ქართველთა დიდსა კათოლიკოს-პატრიარქს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ხილული და უხილავი მტრებისაგან. მისი ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №47, 2006 წ.