„როცა ადამიანი ეზიარება სისხლსა
და ხორცსა უფლისა ჩვენისა
იესო ქრისტესი, უერთდება უფალს, ხდება თანაზიარი ღვთისა!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის საოცარი და საკვირველი დღე - როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შეასრულა პირველი და უკანასკნელი საიდუმლო სერობა; ამ სერობაზე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ასე მიმართა თავის მოწაფეებს: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა. სვით ამისგან ყოველთა. ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“. ეს საიდუმლოებით მოცული სიტყვები უფალმა უთხრა თავის თორმეტ მოციქულს.
მრავალი მეფე ყოფილა დედამიწაზე, მრავალი სიტყვა წარმოუთქვას, მრავალი ბრძანება და დადგენილება ყოფილა მათ მიერ დაწერილი და დღეს აღარავის ახსოვს. მაცხოვრის ამ სიტყვებმა კი, რომლებიც იესო ქრისტემ უბრძანა 12 მოწაფეს, მთელი მსოფლიო მოიარა, იმიტომ რომ ეს სიტყვები დიდი მადლითა და საიდუმლოებითაა მოცული. ამ სიტყვების შესრულებით, სრულდება საიდუმლო წმიდა ზიარებისა და როცა ადამიანი ეზიარება სისხლსა და ხორცსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, უერთდება უფალს, ხდება თანაზიარი ღვთისა.
პირველად ეს აღსრულდა მაშინ, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ელოდებოდა ჯვარცმას, აღდგომასა და ამაღლებას. საოცარი ის არის, რომ მოციქულთა შორის ეზიარა იუდა ისკარიოტელიც. ისმის კითხვა: თუ წმიდა ზიარება საცხოვნებელია სულისა და ხორცისა, რატომ გახდა იუდა ისკარიოტელი უფლის გამცემი? იგი, რომელიც ხედავდა ყოველ დღე მის უდიდეს სასწაულებს და არა მარტო ხედავდა მათ, არამედ სხვა მოციქულებთან ერთად თვითონაც მიიღო დიდი მადლი სასწაულების აღსრულებისა.
რატომ შევიდა მასში ბოროტი და გახდა იგი გამცემი ღვთისა? წმიდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელმა მადლობა არ შესწირა უფალს წმიდა ზიარების მიღებისათვის და ისე გავიდა იგი სერობიდან. წმიდა მამების აზრით, მას რომ მადლობა შეეწირა, - ვეღარ შესძლებდა უფლის გაცემას.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევასრულეთ ფეხთბანვის წესი. როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აჩვენა მაგალითი უდიდესი სიმდაბლისა. ეს არის მარადიული მაგალითი! სანამ იარსებებს დედამიწა და ადამიანი იქნება წუთსოფელში - ეს იქნება უდიდესი მაგალითი და სასწავლებელი ჩვენთვის!
ჩვენ ვიცით ბიბლიიდან, რამდენად დიდი ძალა და დიდი მადლი აქვს თავმდაბლობას. ბიბლიაში წერია, რომ ამპარტავანსა ღმერთი შემუსრავს, ხოლო თავმდაბალსა მიანიჭებს მადლს.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ უფალს, მოგვანიჭოს თავმდაბლობა, მოგვანიჭოს „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა!“
ამ წმიდა დღეს, თითქმის ყველა ჩვენგანმა მიიღო წმიდა ზიარება ღვთის ხელიდან და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის! ვმადლობთ მას მთელი ერის სახელით; ვმადლობთ ყველაფრისათვის!
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2006 წ.