„საქართველოს კეთილდღეობა და მთლიანობა აუცილებლად აღდგება!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღსდგა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ფსალმუნებში ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. აი, ამაზე ოცნებობს ყოველი ადამიანი და ყოველი ერი. ამისთვის ლოცულობდა და ლოცულობს სრულიად საქართველო, ოღონდ ეს რომ აღსრულდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ღვთის ერი, ჩვენ უნდა ვიყოთ უფლის მცნებების დამცველნი, ჩვენ უნდა ვიყოთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები.
დღეს არის ჩვენი დიდი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაული - ხსენება წმიდისა მოციქულისა სვიმონ კანანელისა. სვიმონ კანანელი არის თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი და როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, იგი იყო ძე მართლისა იოსებ დამწინდველისა.
ხომ გახსოვთ სახარებიდან, რომ პირველი სასწაული უფლისა აღესრულა სწორედ სვიმონ კანანელის სახლში, კანას გალილეაში. როდესაც მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედის თხოვნით, წყალი ღვინოდ გარდააქცა, სვიმონ კანანელმა იხილა ეს უდიდესი სასწაული, მან დატოვა თავისი სახლი, შეუდგა მაცხოვარს და გახდა სახარების მქადაგებელი. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა წმიდა სვიმონ კანანელი საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში სადაც მას მოწამეობრივი აღსასრული ელოდა.
წმიდა მოციქული სვიმონ კანანელი დაკრძალულია აფხაზეთის მიწაზე. ამიტომ მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან სვიმონ კანანელი და აფხაზეთი, სრულიად საქართველო. აფხაზეთი ხომ უძველესი ქართული კუთხეა, ჩვენი სიამაყეა, ერთ-ერთი უძველესი ეპარქიაა საქართველოს ეკლესიისა.
დღეს უჭირს აფხაზეთს. ხშირი შემთხვევაა, როცა ამბობენ, თითქოს ჩვენ დავკარგეთ ეს კუთხე. არავითარ შემთხვევაში! ეს აზრადაც არ უნდა გაივლოთ! ჩვენ აფხაზეთი არ დაგვიკარგავს, უბრალოდ, დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას, მაგრამ დადგება დრო, როცა ჩვენ ყველანი კვლავ ერთად ვიქნებით. ჩვენ იქ მყოფ მოსახლეობასთან კონტაქტი არ გაგვიწყვეტია.
ხშირად აფხაზეთიდან ჩამოდიან მორწმუნე ადამიანები, მათ შორის, აფხაზები, ქართველები, სხვა ერის წარმომადგენლები და გვიამბობენ თავიანთ პრობლემებზე, თავიანთ იმედებსა და სურვილებზე.
დღესაც აქ შეკრებილნი არიან აფხაზებიც, ქართველებიც და სხვა ერის წარმომადგენლებიც. აქ მობრძანდა აფხაზეთის ხელისუფლებაც. მინდა შევთხოვო უფალს, რომ მალე დადგეს ის დალოცვილი და კურთხეული დღე, როცა ჩვენ მშვიდობიანად დავბრუნდებით აფხაზეთში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას. საქართველოს კეთილდღეობა და მთლიანობა აუცილებლად აღდგება!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ხსენებას წმიდისა მოციქულისა სვიმონ კანანელისა. მისი ლოცვით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოველთა წმიდანთა ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
შევთხოვთ უფალს, რომ საქართველოს მთლიანობა მალე ვიზეიმოთ აფხაზეთში, ამინ!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტე აღსდგა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №21, 2006 წ.