აჭარა წმინდათა წმინდაა საქართველოსი
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყოვლადსამღვდელოო მღვდელმთავარნო, ყოვლადუსამღვდელოესო სხალთის ეპისკოპოსო სპირიდონ, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!
ფსალმუნებში ვკითხულობთ: „წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. წყალობა უფლისა მუდამ არის ჩვენთან და ეს ჩვენ ვიხილეთ დღესაც, როცა, ღვთის განგებითა და ღვთის წყალობით, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში მოხდა სხალთის ეპისკოპოსის, სპირიდონის კურთხევა.
ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო სპირიდონ, თქვენ მიემგზავრებით საქართველოს ერთ-ერთ იმ კუთხეში, სადაც პირველად გაისმა სახარების ქადაგება ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის მიერ. ეს კუთხე არის წმინდათა წმინდა საქართველოსი. ეს არის სისხლით მორწყული მიწა, მიწა წამებული, როგორც ამბობდნენ ჩვენი წინაპრები, საქართველოში ადამიანმა ერთი მუჭა მიწა რომ აიღოს და ხელი მოუჭიროს, მას ქართველთა სისხლი დასდინდება! განსაკუთრებით - აჭარაში, ამ მრავალტანჯულ კუთხეში თქვენ უნდა იქადაგოთ, მეუფე სპირიდონ და აღაშენოთ ეკლესია უფლისა, რომელსაც ვერ მოერევიან ბჭენი ჯიჯოხეთისანი.
მე კარგად ვიცნობ აჭარას, იმიტომ რომ, ღვთის განგებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ აჭარაში გამამწესა. მაშინ 27 წლის ახალგაზრდა მოძღვარი ვიყავი. კარგად გავეცანი მათ წარსულსა და აწმყოს და ვიხილე, რამდენად დიდია მოსახლეობის სიყვარული მამულისადმი. ამ ხალხს მრავალი ტანჯვა და უბედურება აქვს გამოვღოლი, მტერი ცდილობდა, მოეწყვიტა ეს კუთხე საქართველოსთვის, - მაგრამ აჭარლებმა შეინარჩუნეს ქართული სული, ქართული ენა და დღეს ისინი უბრუნდებიან თავის მამა-პაპათა სარწმუნოებას - მართლმადიდებლობას!
მახსენდება ერთი შემთხვევა: ცნობილ ადამიანს, რომელიც აჭარაში მოინათლა, ჰკითხეს: თქვენ რა, ახალ სარწმუნოებაზე გადახვედითო? და მან ასე უპასუხა: ახალ სარწმუნოებაზე კი არ გადავედი, მე ძველ სარწმუნოებას დავუბრუნდიო! ეს არის დიდი პოეტი და ჩემი ნათლული, ბატონი ფრიდონ ხალვაში.
საჭიროა დიდი რწმენა და დიდი სიყვარული, რითაც ღმერთმა დაგაჯილდოვოთ თქვენ, მეუფეო! და აი, ეს სიყვარული უნდა გადასცეთ მათ და თქვენც საპასუხოდ სიყვარულს შემოგაგებებენ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათ გამოიარეს დიდი ტანჯვა-წამება და მოთმინებით უნდა შევუდგეთ სულიერ მოღვაწეობას. უნდა გვახსოვდეს, რომ იქ მცხოვრები ხალხი - ჩვენი სისხლი და ხორცია და უფალი ელოდება მათ მოქცევას!
ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, ღმერთმა მოგანიჭოთ ის სულიერი ძალა, რომელიც შეეწევა თქვენს მოღვაწეობას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ განსაცდელი არ გექნებათ. განსაცდელი იქნება, მაგრამ ძალითა ღვთისათა და მადლითა უფლისათა თქვენ ყველაფერს დასძლევთ და ღმერთი იქნება თქვენი შემწე და მფარველი! ჩვენ კი მუდამ გაგიწევთ დახმარებას და მფარველობას ჩვენი ძალისა და შესაძლებლობისამებრ.
მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს ეს დიდი მოვლენა. მინდა, მოგილოცოთ თქვენ, მეუფეო დიმიტრი, რომელმაც დიდი ღვაწლი გასწიეთ აჭარაში. მინდა, მივულოცო აჭარელ ხალხს და განსაკუთრებით თქვენს ეპარქიაში მცხოვრებ ადამიანებს, ეს არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელრვანი და ისტორიული მოვლენა. ახლა კი მიიღეთ კვერთხი და დამწყსეთ ეპარქია სხალთისა, რომელიც ღმერთმა მოგანდოთ თქვენ. ღვთის მადლითა და ღვთის ძალით ეპარქიის სამწყსო თქვენ უნდა მიიყვანოთ უფალთან! დალოცეთ ეს ხალხი და სრულიად საქართველო, რათა უფალმან გააძლიეროს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, ამინ!
დალოცვილი და გახარებულა იყავით თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1, 2007 წ.