„მიწიერი ყოფა ურთულესი პროცესია, თავისი ცხოვრებით თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოსახოს ჯვარი“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი, აღიღე ჯვარი თვისი და შემომდეგინ მე“. დღეს არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა. ეს დღე ეკლესიის მიერ იმისათვისაა დაწესებული, რომ სულიერად გაძლიერდეს მორწმუნე ადამიანი მარხვის დროს. თანდათან, ღვთის მადლით, გვიახლოვდება აღდგომა ქრისტესი, სიმბოლო ადამიანის აღდგომისა, გაძლიერებისა. მიწიერი ყოფა ურთულესი პროცესია, თავისი ცხოვრებით თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოსახოს ჯვარი: უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სწრაფვა და სიყვარული ღვთისა, ეს არის ვერტიკალი და ასევე უნდა ჰქონდეს სიყვარული მეორე ადამიანისა, მოყვასისა, ეს კი არის ჰორიზონტალი. თავისი ცხოვრებით ადამიანმა ჯვარი უნდა შექმნას.
ჩვენ მეტად რთულ პერიოდში მოგვიწია ყოფნამ, - ეს არის დრო, როცა გაუფასურდა სულიერი თუ ეროვნული ფასეულობანი, თავად ადამიანის ცხოვრება და მისი ფენომენიც კი გაუფასურებულია. დღეს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეოთ იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, მეობა, ის ტრადიციული და სულიერი ღირებულებანი, რომელიც საუკუნეების მანძილზე დააგროვა ჩვენმა ერმა. დღეს ადამიანმა კიდევ ერთხელ უნდა ჩაიხედოს საკუთარ სულში და განარჩიოს, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი მასში. ჩვენ უფრო ღმრად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი წარსული, ჩვენი დღევანდლი დღე და მომავალი, მუდამ უნდა გვახსოვდეს ეფრემ ასურის ლოცვა: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ეს არის ის გზა, რომელსაც უფალი გვიჩვენებს. იგი ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.
დღეს განსაკუთრებული დღეა - საბერძნეთი სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საბერძნეთი თავისი კულტურით, დიდი სულიერებით, ისტორიით არის დიდი მაგალითი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსათვის. როცა ჩვენმა დიდმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემია დააარსა, ბრძანა, რომ ეს მეცნიერული ცენტრი უნდა ყოფილიყო მეორე იერუსალიმი თავისი დიდი სულიერებითა და რწმენით, და ასევე უნდა ყოფილიყო მეორე ათინა, ე.ი. დღგვანდელი ათენი თავისი დიდი ფილოსოფიით, დიდი მეცნიერებითა და ცოდნით. წმენა და ცოდნა უნდა შეერწყას ერთმანეთს, რაც ახასიათებდა საბერძნეთის ეკლესიას და ახასიათებდა და ახასიათებს საქართველოს ეკლესიას. საქართველოს მუდამ ჰქონდა მჭიდრო კავშირი საბერძნეთთან, ბიზანტიასთან და იმედი გაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს ურთიერთობა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კულტურული, სულიერი და ეკონომიკური ურთიერთობა მჭიდროდ იყოს საქართველოსა და საბერძნეთს შორის.
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო საბერძნეთის ელჩო, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, თქვენს ეროვნულ დღესასწაულს! ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ დღეს და მინდა ვთქვა, რომ საბერძნეთი მუდამ იყო და იქნება დამცველი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, მინდა გადმოგცეთ ხატი წმიდისა გიორგისა, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვებისა.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №13, 2006 წ.