„მალე დადგება ის დღე, როცა ჩვენ ჩავალთ სოხუმში,
აფხაზეთში და გვექნება დიდი ზეიმი!“
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქალბატონებო და ბატონებო!
გულითადად მოგესალმებით საქართველოს უძველესი ეკლესიის სახელით. მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისა და მორწმუნე ხალხის სახელით. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ დღეს, როცა დაეცა სოხუმი, როცა, თითქოს, წააგო ომი ქართველმა ხალხმა და მოიგეს აფხაზებმა. მაგრამ მინდა ვუთხრა ჩემს ძმებს, ჩემს სულიერ შვილებს, აფხაზებს, რომ ის ომი არ არის მოგებული არც ჩვენთვის და არც თქვენთვის. იმ ომში ჩვენ ორივემ წავაგეთ, ორივე მხარემ დავკარგეთ ჩვენი საყვარელი შვილები.
მინდა გითხრათ, რომ მე 11 წლის მანძილზე ვიყავი აფხაზეთის მღვდელმთავარი. მახსენდება ის სიყვარული, ის ძმური ურთიერთობა, რომელიც არსებობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის და გარეშე ძალებმა, რომლებიც ბოროტის იარაღად იქცნენ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მტრობა ჩამოეგდოთ ჩვენ შორის. მოგმართავთ ყველას, აფხაზეთში მცხოვრებთ და განსაკუთრებით, ჩემს სულიერ შვილებს, - აფხაზებს: თუ თქვენ გინდათ გადარჩენა აფხაზი ხალხისა, თუ თქვენ გინდათ გადარჩენა აფხაზეთისა, ჩვენ ქართველებიც და აფხაზებიც ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ საქართველოს ერთ სახელმწიფოში უნდა ვიყოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადარჩება აფხაზეთი! იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის ბედნიერი ჟამი, როდესაც ჩვენ გვექნება მთლიანი საქართველო. აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას მინდა ვუსურვო, - არ დაკარგონ იმედი, ხოლო აფხაზეთიდან დევნილებს ვუთხრა, (თქვენ იცით, რომ გარდა ქართველებისა, მრავალი აფხაზი და სხვა ერის წარმომადგენელია აფხაზეთიდან დევნილი), მოგმართავთ ყველას: მალე დადგება ის დღე, როცა ჩვენ ჩავალთ სოხუმში, აფხაზეთში და გვექნება დიდი ზეიმი!
ვფიქრობ იმასაც, რომ სოხუმში ჩვენ ავაშენებთ ერთ ძეგლს, რომელზეც დაიწერება ამ ძმათამკვლელ ომში დაღუპულთა სახელები და გვარები, ყველასი ერთად, - როგორც ქართველების, ისე აფხაზი ახალგაზრდებისა.
ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა ინებოს, მალე გვეხილოს მთლიანი საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
დალოცვილი იყავით!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36(389), 2006 წ.