„გარეშე მტრებო, როგორ გინდათ,
დაამარცხოთ ეს ბავშვები?!
დაუმარცხებელია ქართველი ერი და იგი მუდამ გამარჯვებული იქნება!“
ქალბატონებო და ბატონებო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში, მოგესალმებით - ჩვენს სტუმრებს, მოგესალმებით - ჩვენებურებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს! თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს საპატრიარქო თქვენი სახლია და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ აქ.
ის ღონისძიება, რომელიც ამ დღეებში ტარდება, ამთლიანებს ჩვენს ერს; ჩვენი ეკლესიაც, რომელიც 2000 წლისაა, მუდამ ამთლიანებდა და ადუღაბებდა ჩვენს ერს. ერთსულოვნება აუცილებელია.
უნდა გვახსოვდეს ჩვენი წინაპრების სიტყვები: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!“ და აი, დღეს თქვენ სამშობლოში ბრძანდებით.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო უცხოელებს, რომელნიც იმდენად დაინტერესებულნი არიან ქართული კულტურით, რომ ჩვენზე უკეთესადაც კი შეისწავლეს ქართული სიმღერები. ქართული სიმღერა და ცეკვა საოცრად გამოავლენს ჩვენს ხასიათს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ბავშვები ასრულებენ. ჩვენ მოსიყვარულე, გულღია, სტუმართმოყვარე, მგრძნობიარე ხალხი ვართ და ვფიქრობ, რომ ამან იმოქმედა უცხოელებზე. ამიტომ ისწავლეს ეს შესანიშნავი საგალობლები და სიმღერები. მინდა, მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ამ დიდი საქმის ორგანიზებას ჩაუდგა სათავეში.
დიდი სურვილი მაქვს, ეს ჩვენი ურთიერთობა იმ მხრივაც განვითარდეს, რომ ოჯახები დამეგობრნენ. ჩვენ ვეცდებით, ეს შევასრულოთ, მაგალითად, დამეგობრდნენ აქაური და ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ფერეიდნელი ქართველები ახლა უფრო ხშირად ჩამოდიან. ჩვენ გვაქვს სახლი, სადაც ისინი ჩერდებიან და მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ მათ ისე, როგორც ჩვენს შვილებს, როგორც ჩვენს ღვიძლ ძმებს. ასევე კულტურული ცენტრები შეიძლება გაიხსნას თურქეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველებისთვისაც. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეხვედრები, მხოლოდ დასაწყისია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს და განმტკიცდეს.
... საოცარი გრძნობა დამეუფლა - არ მინდა, დღევანდელი საღამო დასრულდეს, მინდა, დიდხანს გაგრძელდეს, ეს არის სულთა კავშირი და ჩვენ ვმადლობთ ღმერთს, რომ ეს სულთა კავშირი გვიბოძა. დალოცვილი და გახარებული იყავით, დალოცვილი იყოს საქართველო, რომელიც იბრძვის, იბრძოდა და კვლავ გააგრძელებს ბრძოლას თავისი კულტურისათვის, თავისი დიდი მიწა-წყლისათვის. მე ვესწრებოდი ფესტივალის გახნას „ვაკის პარკში“ და ვუყურებდი ბავშვების ცეკვას. ასეთმა აზრმა გამიელვა: გარეშე მტრებო, როგორ გინდათ, დაამარცხოთ ეს ბავშვები, დაუმარცხებელია ქართველი ერი და იგი მუდამ გამარჯვებული იქნება!
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა მოვახსენო უცხოელებს, რომელთაც ასეთი სიყვარულით შეისწავლეს ქართული სიმღერები; უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მინდა გითხრათ, რომ თქვენ სტუმრები არ ხართ, საქართველოში თქვენ მასპინძლები ბრძანდებით!
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას; ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა, ამინ!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36, 2006 წ.