ქალბატონებო და ბატონებო,
ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რაც მოხდა აფხაზეთში, ეს მხარე თერთმეტი წლის მანძილზე იყო ჩემი სამწყსო, თერთმეტი წლის განმავლობაში მე ვიყავი ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი აფხაზეთისა. საოცარი დამთხვევებია, ახლა მეუფე დანიელმა გამახსენა, რომ ყაზბეგში მე ვაკურთხე მამა ანდრია მოძღვრად და სწორედ დღეს მას 40 წელი შეუსრულდა.
მამა ანდრია ეს არის შეწირული ზვარაკი, შეწირული მსხვერპლი, მაგრამ ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ იგი აფხაზების მსხვერპლია, აფხაზების მოკლულია, ასე არ არის; იმ დღეს ორი ადამიანი შეეწირა უფალს, ერთი ქართველი - მამა ანდრია და ერთი აფხაზი - იური ანუა, რომელმაც დიდი მზრუნველობა გამოიჩინა კამანის მონასტრისათვის, ფაქტიურად, ნახევრად დანგრეული მონასტერი აღადგინა. ჯერ კიდევ ჩემს დროს იური ანუა ერთ-ერთი წარმოების გენერალური დირექტორი იყო. ამავე პერიოდში, მთავრობამ ორი ღრმა ორმო ამოიღო და წმინდა ვასილისკოს წყაროსკენ მიმვალი გზა გადაკეტა, ხალხი რომ არ მისულიყო კამანში და ამ წმინდა წყაროში არ ებანავა. მაგრამ მალე საოცრება მოხდა, წყალმა იქ მცხოვრებთა სახლებში ამოხეთქა. იური ანუა იყო ის ადამიანი, რომელმაც უკან მიიტანა მიწა, უზარმაზარი ორმოები ამოავსო და მლოცველებს ისევ გაუხსნა გზა წყაროსაკენ.
თერთმეტი წლის მანძილზე, თვეში რამდენჯერმე, მიუხედავად ყინვისა, თოვლისა და სხვა დაბრკოლებებისა, მივდიოდით იქ, ვგრძნობდით უდიდეს მადლს და ვხედავდით განსაკუთრებულ ადამიანებს. გაუსაძლის ყინვაში მრავალჯერ განვბანილვართ ამ წყაროში და განვკურნებულვართ.
ძალიან კარგია ის, რაც დაიწერა და მინდა გირჩიოთ, იქნებ მომავალში ვიფიქროთ ახალ წიგნზე - „მამა ანდრია და იური ანუა“, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ჩვენ ქართველები და აფხაზები ძმები ვართ.
მახსენდება, ომის იმ საშინელი დღეების შემდეგ, მე ვინახულე სიკვდილმისჯილები, მათ შორის ერთი აფხაზი იყო. თანმხლებ პირებს ვუთხარი, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მოქცეოდნენ მას, შემდეგ მოვეხვიე და ვკითხე, დარჩა თუ არა ვინმე შინ. დედა დამრჩაო - მიპასუხა. მაშინვე ვუთხარი, დაეწერა წერილი და ჩვენ გადავცემდით მის ოჯახს, მანაც სასწრაფოდ დაუწერა დედას წერილი.
ასე რომ, სიყვარული ისევ ჩვენს გულშია, მე დარწმუნებული ვარ, ის ძველი სიყვარული, რომელიც იყო ქართველების მიმართ, ისევ აფხაზების გულშია. ძალიან ხშირად აფხაზები თავად ჩამოდიან ჩემთან, განსაკუთრებით ჩემი ნათლულები და გვიამბოენ იქაურ მდგომარეობაზე. ჩვენ ვეხმარებით მათ, როგორც შეგვიძლია.
მინდა შევთხოვო უფალს, რომ დალოცოს ის ადამიანები, რომელნიც შეეწირნენ ამ საშინელ, უაზრო ომს, ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი და მთელი საქართველო, ამინ!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №13, 2006 წ.