3-5 ივლისს მოსკოვში ჩატარდა მსოფლიო სამიტი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა. სამიტი არარელიგიური ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებისა და მშვიდობის დამყარებისათვის ურთიერთთანამშრომლობის გზების მოძიებას. სამიტზე სიტყვით გამოვიდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„სეპარატიზმს ხშირ შემთხვევაში
არაობიექეტური ინფორმაცია უდევს საფუძვლად
და იგი ინფორმაციული ომის შედეგია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის
ირგვლივ შექმნილი სიტუაციაც ამის ნათელი მაგალითია“
თქვენო უწმიდესობავ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქო ალექსი II, სხვადასხვა რელიგიებისა და კოფესიების ღრმად პატივცემულო წინამძღოლებო და წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ყველას გულითადად მოგესალმებით.
უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი II-ს ამ ფორუმის მოწვევისათვის. ის აქტუალური პრობლემები, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს დღეს აწუხებს, მეტად მტკივნეულია და გადაწყვეტას საჭიროებს. მე ვგულისხმობ ტერორიზმს, კონფლიქტების კერებს, სახელმწიფოთა დარღვეულ საზღვრებს, სეპარატიზმს, ლტოლვილებს, ნარკომანიას, ციხესა და კრიმინალურ სიტუაციას, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, შიმშილს, სიღატაკესა და სხვა.
სამწუხაროდ, ხშირად ადგილი აქვს ძალისმიერი მეთოდებით მათი გადაჭრის მცდელობას, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. ეკლესიას და საერთოდ, რელიგიურ ლიდერებს აღნიშნული საკითხების დარეგულირებაში სერიოზული როლის შესრულება შეუძლიათ. ზოგ ქვეყანაში ამ მხრივ მათ გარკვეული ფუნქცია კარგა ხანია აკისრიათ, თუმცა სასურველია, პოლიტიკურმა ლიდერებმა რელიგიური ფაქტორი ამ მიმართულებით უფრო აქტიურად გამოიყენონ.
ჩვენ გლობალიზაციის მეტად რთულ დროს ვცხოვრობთ. გლობალიზაციის პროცესთან მიმართებაში ხშირად საუბრობენ სუბიექტსა და ობიექტზე. სუბიექტებად მოიაზრებიან დიდი სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი იდეები და მიზნები თავს მოახვიონ მცირე სახელმწიფოებს, არ ითვალისწინებენ რა მათ მრავალსაუკუნოვან კულტურულ ტრადიციებსა და ღირებულებებს.
სინამდვილეში კი მრავალი მცირე სახემლწიფო არის უნიკალური კულტურის საგანძურის მფლობელი. ამიტომაც დიდმა ქვეყნებმა მათი იგნორირება კი არ უნდა მოახდინონ, არამედ პატივი უნდა სცენ მათ და ხელი შეუწყონ მათი თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
ასეთ შემთხვევაში მცირე სახელმწიფოებიც სუბიექტებად იქცევიან და აღარ შეილახება მათი ღირსება; დამყარდება თანაბარუფლებიანი დამოკიდებულება და ხელი შეეწყობა კულტურული ურთიერთგამიდიდრების ბუნებრივ პროცესს.
გლობალიზაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთ მომენტს უნდა გაესვას ხაზი: თანდათან, ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები უწინდელი მნიშვნელობას კარგავს და ეთნიკური იდენტიფიკაციის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად კულტურული არეალიღა რჩება. ამიტომაც მცირე ერებისა და ეთნიკური ჯგუფების დაცვაზე ზრუნვა პირველ რიგში უნდა გამოიხატოს მათი კულტურის თვითმყოფადობსი დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვაში და არა მათგან ახალი პოლიტიკური სუბიექტების შექმნაში, რისი ტენდენციებიც, სამწუხაროდ, დღეს იკვეთება. არადა, ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ თუ ყოველი ეთნიკური უმცირესობა გამოვა ავტონომიის და პოლიტირკუი დამოუკიდებლობის მოთხოვნით, კაცობრიობა დაპირისპირებათა ახალი ტალღის წინაშე მალე აღმოჩნდება.
ჩემი ქვეყანა, საქართველო, მცირე სახელმწიფოთა რიგს მიეკუთვნება. იგი სხვადასხვა კულტურებისა და ცივილიზაციების გზაშესაყარზე მდებარეობს. სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს უნიკალური მდებარეობაა, ამიტომაც ისტორიულად მისდამი ინტერესი მრავალ ქვეყანას ჰქონდა და აქვს.
ამის შედეგია ისიც, რომ დღეს ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს გაყინული კონფლიქტები, რომელიც არასტაბილურობასა და მუდმივად ფეთქებადსაშიშ სიტუაციებს ქმნის და შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს როგორც მთელი რეგიონისთვის, ისე უფრო ფართო მასშტაბითაც. არადა, რეალურად არის შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო და საერთოდ, მთელი კავკასია იქცევს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის მაგალითად. ოღონდ აუცილებელია, რომ პოლიტიკურ ურთიერთობებში დომინირებდეს სამართლიანობის პრინციპი; მაგრამ თუ ამ საფუძველზე არ მოხდა კავკასიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მდგომარეობა არ გამოსწორდება და იგი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში იქნება ისეთი, რომელსაც არც ომი ჰქვია და არც მშვიდობა. ეს კი, ვფიქრობ, არავის არ უნდა აწყობდეს.
ის, რომ სეპარატიზმი მეტად საშიში და გადამდები სენია, ყველასთვის ცნობილია. სეპარატიზმს ხშირ შემთხვევაში არაობიექტური ინფორმაცია უდევს საფუძვლად და იგი ინფორმაციული ომის შედეგია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ირგვლივ შექმნილი სიტუაციაც ამის ნათელი მაგალითია (და ეს მარტო საქართველოს არ ეხება).
ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აუცილებლად გაითვალისწინოს ეს ფაქტორი და ეთნიკური უმცირესობის დაცვის მოტივით თავის სამართლებრივ სივრცეში არ უნდა შექმნას საფუძველი სეპარატიზმის წახალისებისთვის.
რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს - ეს საქართველოს და საქართველოს ეკლესიის ღია ჭრილობებია, რომელიც მოშუშებას საჭიროებს. აქ მოხდა ეთნიკური წმენდა. სამას ათასზე მეტი ადამიანი იძულებული იყო, მშობლიური კერა დაეტოვებინა და სხვადასხვა ადგილებში გადასახლებულიყო (მათ შორის ბევრი რუსეთში ცხოვრობს), ისინი დღემდე ელოდებიან უკან დაბრუნებას.
მე იმედით ვუყურებ მომავალს. თუნდაც იმიტომ, რომ მიუხედავად ამჟამად შექმნილი რთული ვითარებისა, დღესაც მრავლადაა აფხაზურ-ქართული, ოსურ-ქართული შერეული ოჯახები, უბრალო ადამიანების დონეზეც არაერთი სასიკეთო ნაბიჯები იდგმება. სეპარატისტული ტენდენციები კი ხელოვნური პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული და მათი აღმოფხვრის შემთხვევაში საუკუნოებრივი ძმური და ნათესაური ურთიერთობები ჩვენს შორის მალევე აღდგება.
და საერთოდაც ამგვარი საკითხების გადაწყვეტაში მჯერა, სახალხო დიპლომატიას და რელიგიურ მოღვაწეთა ძალისხმევას მეტად დიდი შედეგის მოტანა შეუძლია.
ყველას კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2006 წ.