ჩვენო სულიერო შვილებო,
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, ქრისტეს მადლით სულიერ განწმენდას და ოჯახებში მალე დაბრუნებას.
თქვენ კარგად იცით, რმო ცხოვრება განსაცდელითაა სავსე. მისი ერთ-ერთი სახე კი არის ის მდგომარეობა, რომელშიც თქვენ იმყოფებით, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ღვთის შეწევნით ყოველთვის შეიძლება სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლა;
მძიმეა ის მდგომარეობა, რომელშიც თქვენ ხართ. ამჟამად ვითარება კიდევ უფრო გართულდა იმით, რომ მრავალმა თქვენთაგანმა გამოაცხადა შიმშილობა. ეს მეტად საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის და ამას მტკივნეულად განვიცდით.
შიმშილობა არაქრისტიანული ქმედებაა. იგი პრობლემების გადაწყვეტის არასწორი გზაა.
მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ლოცვა, სულიერი ცხოვრება და თქვენი მოთხოვნები, სხვა უფრო მისაღები ფორმით დასვათ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.
ჩვენის მხრივ ვთხოვთ ხელისუფალთ გულისხმიერებით შეისწავლიონ ციხეში არსებული მდგომარეობა და მოძებნონ გზა მისი გაუმჯობესებისათვის.
ამასთან, ვფიქრობთ ჩვენ ყველამ - სახელმწიფომ, საზოგადოებამ, ეკლესიამ და, რა თქმა უნდა, პირადად თქვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რათა საპატიმროები იყოს არა დასჯის, არამედ გამოსწორების ადგილი.
ეკლესია მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.
4 იანვარი, 2006 წელი
P.S. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იღუმენმა დავითმა (ჭინჭარაული) მოინახულა პატიმრები და გააცნო აღნიშნული მიმართვა.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1, 2006 წ.