„თუ ქართველი მეფეების - ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის
გადმოსვენება მოხდა, ჩვენ მათ ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო
ტაძარში დავასვენებთ, იქ დაიკრძალებიან. ჩვენ მათ ისე უნდა შევხვდეთ,
როგორც მეფეებს შეეფერებათ და ეს იქნება დიდი ზეიმი საქართველოსი“
ქალბატონებო და ბატონებო!
გულითადად მოგესალმებით ყველას. პირადად ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან ერთად ყოფნა და მუშაობა. მადლობას მოგახსენებთ თქვენი გადაწყვეტილებისათვის.
მინდა აღვნიშნო, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად იზრდება რელიგიის მნიშვნელობა. ჯერ კიდევ XX საუკუნეში ფუტუროლოგები ამბობდნენ, რომ XXI საუკუნე იქნება რელიგიების აქტიურობის საუკუნე. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო დროს მიმდინარეობს ცივილიზაციათა დიალოგი, რომელშიც ხშირად მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები.
ცოდნისა და რწმენის საკითხი - უძველესი პრობლემაა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში იდგა ეს საკითხი და ამას ძალიან აქტიურად შეეხო ისეთი ცნობილი მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი თავისი ცნობილი დიდი შრომით: „სტრომატები“. იგი ამბობს, რომ აუცილებელია ცოდნაც და რწმენაც, მაგრამ პირველადი მაინც არის რწმენა ანუ რწმენაზე უნდა იყოს აშენებული ცოდნა და საერთოდ მეცნიერება. საოცარი დასკვნა გამოაქვს კლიმენტი ალექსანდრიელს. იგი ამბობს, რომ თუ ადამიანი მხოლოდ მორწმუნეა, იგია - მონა ღვთისა, მაგრამ თუკი ის მორწმუნეცაა და განათლებულიც, იგია - მეგობარი ღვთისა. ეს ტერმინი „მეგობარი ღვთისა“ სახარებიდანაა აღებული, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ეუბნება მოციქულებს: „მეგობარნო ჩემნო“ და განმარტავს, რომ მონამ არ იცის, რას ფიქრობს და რას აკეთებს ბატონი, ხოლო მეგობარმა - იცის.
2001 წელი ირანის პრეზიდენტის, მუჰამედ ჰათამის, წინადადებით იუნესკომ გამოაცხადა ცივილიზაციათა დიალოგის წლად. მაგრამ ეს დიალოგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი შემდეგაც გაგრძელდა და დღესაც აქტუალურია.
მე მქონდა საშუალება მემოგზაურა ირანში, მათი ხელისუფლების მიწვევით. მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ჰათამთან, აიათოლა ჰამეინთან, ასევე მეცნიერებთან. და ეს, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, შესაძლოა, ცოტა დაგვიანებულიც იყოს. მაგრამ პროცესის გაგრძელება უეჭველად არის საჭირო და აუცილებელი.
მიმაჩნია, რომ ჩვენს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში უნდა იყოს ასეთი კომისია, რომელიც შეისწავლის ქრისტიანულ თეოლოგიას და რელიგიათა ისტორიას. დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხების იგნორირება, მით უმეტეს, რომ საქართველო არის სხვადასხვა რელიგიების და ცივილიზაციების გზაჯვარედინზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რელიგიებს ჩვენ უნდა შევხედოთ არა მარტო ჩვენი ქრისტიანული თვალსაზრისით და თვალთახედვით, არამედ თვითონ იმ რელიგიების ხედვითაც, - რას ამბობენ, როგორია მათი აზროვნების წესი.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. და ჩვენი საქმიანობა გამოიღებს ძალიან კარგ შედეგს.
მოხარული ვარ, რომ კომისიაში არიან როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები, ჩვენი დიდი მეცნიერები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს დაახლოებას.
მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, გვეყოლება ექსპერტები, როგორც ქართველები, ასევე ალბათ უცხოეთიდანაც მოწვეულნი, რაც ძალიან შეგვიწყობს ხელს.
ერთ-ერთი უპირველესი საკითხი, რომელიც მე მინდა კომისიის მუშაობის დღის წესრიგში დავაყენოთ (ეს საკითხი ეკლესიის წინაშე უკვე დგას, მაგრამ მინდა, რომ იგი განახლდეს ამჯერად უკვე აკადემიის ეგიდით), ეს არის ქართველი მეფეების - ვახტანგ VI და თეიმურაზ II გადმოსვენების საკითხი.
თავის დროზე ამ საკითხთან დაკავშირებით მე მივწერე რუსეთის პატრიარქს და მივიღე დასტურიც. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მიწერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ პუტინს, მაგრამ მას პასუხი, რამდენადაც ვიცი, არ მიუღია.
ამ ერთი წლის წინ მოსკოვში შედგა რელიგიათა მეთაურების - რუსეთის პატრიარქის, ჩემი, სომხეთის კათოლიკოსისა და აზერბაიჯანის შეიხის შეხვედრა. შემდეგ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და იქ მე კიდევ ერთხელ დავაყენე ქართველი მეფეების სამშობლოში ჩამოსვენების საკითხი. ვფიქრობ, რომ შეიძლება ამის მიღწევა, მითუმეტეს, რომ არსებობს მათი ანდერძი, რომ ისინი უნდა იყვნენ გადმოსვენებულნი საქართველოში. მე თქვენგან შევიტყვე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტ პუტინს თურმე შეკითხვით მიუმართავს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისათვის.
თუ ეს მოხერხდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ გადმოსვენება მოხდა, ჩვენ მათ ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დავასვენებთ, იქ დაიკრძალებიან. ჩვენ მათ ისე უნდა შევხვდეთ, როგორც მეფეებს შეეფერებათ და ეს იქნება დიდი ზეიმი საქართველოსი.
ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ ქართველი მეფეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხი - ერთ-ერთი უპირველესი საკითხი იქნება ჩვენი კომისიის საქმიანობაში.
კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ თქვენი გადაწყვეტილებისათვის და ვფიქრობ, რომ შედეგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №6(359), 2006 წ.