„საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი,
მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!“
ქალბატონებო და ბატონებო!
უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, გილოცავთ იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვზეიმობთ ჟურნალ „მნათობის“ გამოცემის განახლებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, და ამიტომ ყოვლად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ იგი დაიღუპოს. საქართველო აუცილებლად გადარჩება და მას აუცილებლად ექნება ნათელი მომავალი!
ჟურნალ „მნათობის“ გამოცემა ჩვენი ერის სურვილით განახლდა; ეს ჩვენი ერის სულის მოთხოვნილებაა და ამიტომ არაფერია საკვირველი, რომ მისი გამოცემა მოხერხდა.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჟურნალის რედაქტორს, ბატონ თამაზ ჭილაძეს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მან დახმარებისათვის მე მომმართა. ხომ შეიძლებოდა მას სხვებისთვის მიემართა? რა თქმა უნდა, შეეძლო. მწერლობა, ლიტერატურა არ შეიძლება წაიშალოს, არ შეიძლება დაეცეს ჩვენს ქვეყანაში. პოეზია, პროზა - ჩვენს სულშია, ჩვენს სულიერ სამყაროშია. მახსენდება ერთი შემთხვევა, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის მიერ მიწვეული ვიყავი ეგვიპტეში. ჩავედით, საკმაოდ დიდი დელეგაციით. დავათვალიერეთ ალექსანდრია, ქაირო, მოვილოცეთ სიწმინდეები. თქვენ იცით, ალექსანდრია განთქმული იყო ცნობილი ბიბლიოთეკით და ასევე ალექსანდრიის სკოლით, ახლა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც იქ იმ ძველი დიდების რაღაც საოცარი სული ტრიალებს; იგრძნობა კლიმენტი ალექსანდრიელისა და სხვა ალექსანდრიელი წმინდა მამების კვალი.
შემდეგ ჩვენ წავედით სინას მთაზე. დიდი და ძალიან კომფორტული მანქანა დაგვითმეს. ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თავისი თანმხლები პირებით, იყვნენ ასევე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებიც. მანქანაში სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით. საკმაოდ დიდი გზაა ქაიროდან სინას მთამდე. მანქანას გავაჩერებდიღ და გარეთ გამოვიდოდით, მაგრამ 5 წუთიც ვერ ვჩერდებოდით, ისეთი მცხუნვარე მზე იყო. მაშინ ასეთი იდეა დამებადა; შევთავაზე, მოდით, შევეჯიბროთ, ვინ უკეთ იცის თავისი პოეზია და ვის უფრო მდიდარი პოეზია აქვს - ბერძენ ხალხს, რუსს თუ ქართველებსმეთქი. ჩვენ, ორი პატრიარქი შევთანხმდით, და პირველობა, რა თქმა უნდა, ბერძნებს დავუთმეთ. ერთი მიტროპოლიტი გამოვიდა და ალბათ თხუთმეტიოდე წუთი ილაპარაკა. ცნობილი ავტორების ლექსებს კითხულობდა, შემდეგ რუსებს მოვუსმინეთ. ერთმა რუსმა არაფერი იცოდა თავისი პოეზიიდან; წამოიწყო:, - რამდენიმე სტრიქონი თქვა და დადუმდა, ის ლექსიც არ ახსოვდა ბოლომდე. ჩვენს დელეგაციაში ბრძანდებოდა მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე. მან მთელი „ვეფხისტყაოსანი“ და დავით გურამიშვილის პოეზია ზეპირად იცოდა. მისი რიგი რომ მოვიდა, კითხვა დაიწყო, გავიდა ნახევარი საათი, ის კი მაინც არ ჩერდებოდა. ბოლოს მე ვუთხარი, მეუფეო, დაამთავრეთ, თორემ უხერხულია ამათ წინაშე-მეთქი.
ამით ის მინდა ვთქვა, რომ ქართველ ერში მშობლიური ლიტერატურის სიყვარული არასოდეს ჩაკვდება!
ჩინური ფილოსოფიის მიხედვით ერისა და ადამიანის ცხოვრება ამაღლებისა და დაცემისაგან შედგება.
ერთხელ ჩვენთან სტუმრად უცხოელების დელეგაცია, მათ ერთი ჩინელიც ბრძანდებოდა. მას ვკითხე: როგორ შეეძლო რომელსაც გააჩნია ასეთი ბრწყინვალე ფილოსოფია, გაეზიარებინა კომუნისტური იდეები? მან მიპასუხა: ერის ცხოვრება დაცემისა და ამაღლებისაგან შედგება ჩვენ ახლა სწორედ დაცემის პერიოდში ვიმყოფებითო.
არც ჩვენ უნდა გვიკვირდეს ის, რომ იყო პერიოდი, როდესაც შეჩერდა ლიტერატურული ჟურნალების გამოცემა. ქართველი ადამიანის გულში არასდროს შეჩერდება ის პროცესები, რომელიც ფესვგამდგარია ჩვენს სულში.
მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად ქართული ლიტერატურის შესახებ. მართლაც, ლიტერატურამ ეკლესიის წიაღში დაიწყო აღმავლობა. თქვენ კარგად იცნობთ კორნელი კეკელიძის „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას“. მართლაც, საოცარი შრომა გასწია ამ ადამიანმა. იგი იძულებული გახადეს, გაეხადა ანაფორა და შეეწყვიტა ღვთისმსახურება, გააძევეს სიონის ტაძრიდან, მაგრამ ის შინაგანად ეკლესიის წიაღში დარჩა.
რა იქნებოდა, რომ არ გვქონოდა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა? ვერ აღორძინდებოდა ის საერო ლიტერატურა, რომელსაც ასე ვეთაყვანებით და რომლითაც ასე ვამაყობთ! ვერც დამკვიდრედებოდა იგი ასე ქართველი ადამიანის გულში.
მინდა ვთქვა, რომ ქართული ლიტერატურა იყო, არის და იქნება წინამძღოლი, მაგრამ, ამავე დროს, ის უნდა იყოს წინასწარმეტყველი! საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი, მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!
ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №44(397), 2006 წ.