თქვენო უწმინდესობავ, ალექსი II, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, ძმანო და დანო!
„აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაჲ ძმათაჲ ერთად?“ (ფს. 132,1).
დღეს ორი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურებსია და ჩვენი თანამწირველების ერთობლივი საღმრთო ლიტურგიის დროს, კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ურთიერთძმური დამოკიდებულების შესახებ.
ჩვენ გვწამს სულთა შორის კავშირის და ვიმედოვნებთ, რომ აქ, ქრისტე მაცხოვრის სახელობის დიდებულ ტაძარში აღვლენილი ერთობლივი წირვისას, ჩვენს გვერდით იდგნენ და თავისი ლოცვებით გვეწეოდნენ საქართველოსა და რუსეთის დიდებული წინაპრები.
ჩვენს ერებს ერთიანი მართლმადიდებლური რწმენა აკავშირებთ. ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით რა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს, ღვთაებრივი სიყვარულით აღვსილნი პასუხისმგებელნი ვართ ერთმანეთის წინაშე, რათა აღვასრულოთ პავლე მოციქულის სიტყვები - „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6,2).
გვწამს, რომ ის პრობლემები, რომლებიც შეიქმნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, ღვთის შეწევნით, გადაილახება. მიუხედავად მრავალი სიძნელისა, სასულიერო პირთა ნაწილსა და მორწმუნეებს ამ რეგიონებიდან, ჩვენთან მჭიდრო კავშირი აქვთ და, შეძლებისდაგვარად, ჩამოდიან კიდეც ჩვენთან.
კმაყოფილებით უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთდაპირისპირებებისა წარსულში, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა შეინარუჩენს ნათესური და მეგობრული კავშირები, შეინარჩუნეს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, რაც ურთიერთგაგებასა და ურთიერთთანადგომაში გამოიხატება.
ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სწრაფად აღდგენა დადებითად იმოქმედებს მთელი კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე, რაც ასევე მკვეთრად აისახება რუსეთთან არა მარტო პოლიტიკურ, არამედ კულტურულ-ეკონომიკურ და სხვა ურთიერთობებშიც. საქართველოს სჭირდება მეგობრული რუსეთი, ასევე რუსეთს - ერთიანი საქართველო და სტაბილური, მშვიდობიანი კავკასია.
თქვენო უწმინდესობავ, ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მაღალი ავტორიტეტი ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანობის აღდგენას და ჩვენს ერებსა და სახელმწიფოებს შორის ნდობის განმტკიცებას, რაც, უეჭველად, დადებითად იმოქმედებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.
გამოვთქვამთ იმედს, რომ წელს, ღვთის შეწევნით და ჩვენი შეთანხმების თანახმად, განხორციელდება თქვენი ვიზიტი საქართველოში. საქართველო სიყვარულით ელის თქვენს ჩამობრძანებას.
ჩვენი თქვენდამი ღრმა პატივისცემისა და ძმური სიყვარულის ნიშნად, თქვენო უწმინდესობავ, მოგართმევთ წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხატს, რომელიც დაწერილია ბოდბის მონასტრის დედების მიერ, მონასტრისა, სადაც არის წმინდა ნინოს განსასვენებელი. ეს ხატი 6 წელი წმინდა ნინოს საფლავზე იმყოფებოდა. დაე, წმინდა ნინოს ლოცვებმა დაგიცვათ თქვენ მრავალი წელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის სასიკეთოდ, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8, 2007 წ.