სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. აი, დღევანდელი დღე ეს არის საოცრება, საკვირველება ღვთისა. ამ დღეს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აზიარა წმინდა მოციქულები და მიუხედავად იმისა, რომ უფალმა იცოდა, ვინ იყო მისი გამცემელი, ისიც - იუდა ისკარიოტელიც აზიარა.
დღეს ჩვენ წინაშე ასეთი კითხვა დგას: შეიძლება ადამიანი, რომელმაც წმინდა ზიარება მიიღო, მოღალატე გახდეს? თურმე შეიძლება. შეიძლება იმიტომ, რომ როცა ადამიანი ვერ გძრნობს იმას, რასაც აკეთებს, როცა ადამიანი არ აფასებს წმინდა ზიარების მიღებას, როცა იგი შორს დგას ღვთისგან, შეიძლება ის მოღალატე გახდეს. სწორედ ეს საშინელი ცოდვა დაეუფლა იუდა ისკარიოტელს. წმინდა მამები ამბობენ, - იუდას რომ მადლობა ეთქვა უფლისათვის წმინდა ზიარების მიღების შემდეგ, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში. აი, ასეთი დიდია მადლობის გრძნობა. ჩვენ დღეს ვმადლობთ უფალს, ვადიდებთ, თაყვანსვცემთ მას და შევთხოვთ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე წმინდა ზიარების მიღების ღირსნი ვიყოთ.
დღევანდელი დღე არის ასევე საოცარი მაგალითი, - როცა უფალმა იესო ქრისტემ დაბანა ფეხები თავის მოწაფეებს. პეტრე მოციქული შეეწინააღმდეგა მას, მაგრამ უფალმა მასაც დაბანა ფეხები. ამით მან აჩვენა, თუ რა არის თავმდაბლობა, რატომ არის საჭირო თავმდაბლობა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თავმდაბლობა საკუთარი თავის „მეს“ უარყოფაა და არა თავის დამცირება. მახსენდება ჩემი სტუდენტობის პირველი წლები: სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი და ჩამოვედი თბილისში. მამა პახუმმა (ობოლაძე), (რომელიც მაშინ დიაკონი იყო, შემდეგ კი პროტოპრესვიტერი გახდა), მიმიყვანა უწმინდეს და უნეტარეს მელქისედეკ მესამესთან (ფხალაძე). მან დამლოცა, ძალიან გაუხარდა, რადგან ერთადერთი ქართველი სტუდენტი ვიყავი სემინარიაში, მაგრამ ეტყობა შენიშნა ჩემში რაღაც ამპარტავნული და რუსულად მითხრა: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს“. ეს სიტყვები ისე ჩამრჩა გულში, რომ დღესაც სულ მახსოვს და შიში მეუფლება იმის გამო, რომ ამპარტავნება არ იყოს ჩემში. სახარებაში ასევე ნათქვამია: „რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს, და რომელმაც აიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“. აი, ეს ფეხთაბანა სწორედ მაგალითია სიმდაბლისა; უფალმა გვაჩვენა ჩვენ ეს საოცარი თვისება, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის.
უკვე აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, გადაწყვეტილი მქონდა, გავმხდარიყავი ბერი და სასულიერო პირი. მინდოდა სადმე სულ პატარა სოფელში ვყოფილიყავი მოძღვარი. და აი, ლოცვა-კურთხევა მომცა აკადემიის რექტორმა, მან სთხოვა ლოცვა-კურთხევა რუსეთის პატრაიარქ ალექსი I-ს, მანაც ასევე თანხმობა განაცხადა და ჩამოვედი თბილისში, რათა ლოცვა-კურთხევა ამეღო უწმინდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ისგან. უწმინდესმა გამოცდა მომიწყო და მითხრა, გირჩევნია ოჯახი იყოლიოო. მე ვუთხარი: „უწმინდესო და უნეტარესო, მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ბერობა-მეთქი“. მაშინ გაჩერდა, დაურეკა მეუფე ზინობს და უთხრა: თქვენთან მოვა აკადემიის სტუდენტი და ბერად აღკვეცეთო. ეს იყო 1957 წლის ვნების შვიდეულის სამშაბათი. სამწუხაროდ, იმდენად გაციებული იყო ქართველი ადამიანის გული და გონება, რომ არც ერთი ქართველი არ ესწრებოდა ჩემს აღკვეცას. აღკვეცის დროს რაღაც საოცარი ბრძოლა დამეუფლა; თითქოს ვშორდებოდი ამ ქვეყანას, ყველაფერს მიწიერს, საოცარი ტანჯვა იყო ჩემს სულიერ სამყაროში, მაგრამ, ღვთის მადლით, როგორღაც ავიტანე ეს ბრძოლა და დადგა ხუთშაბათი, დღევანდელი დღე. უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი წირავდა სიონის საპატრიარქო ტაძარში და იქ მოხდა ჩემი დიაკვნად კურთხევა. სწორედ დღეს შესრულდა 50 წელი ჩემი კურთხევიდან. საოცარი მადლი გადმოვიდა ჩემზე, მე თითქმის ვერ ვხედავდი და თითქოს დავფრინავდი, თითქოს ფრთები შემესხა და მიწაზე არ ვიყავი. ისეთი სიხარული და ბედნიერება დამეუფლა, რომ სიონის ტაძრიდან ყველა გავიდა, მე კი არ მინდოდა ტაძრიდან გასვლა. როცა მარტო დავრჩი, დაახლოებით საღამოს 5 საათზე, მივედ წმინდა ნინოს ჯვართან, ამ დროს მოვიხარე კუნკულ-ბარტყული, წამოედო კანდელს და მთელი ზეთი თავსა და შესამოსელზე დამესხა. ერთი მხრივ - გამიხარდა, რადგან ხალხი ამბობდა, მასზე ღვთის მადლი გადმოვიდაო, მაგრამ სხვა რამესაც ვფიქრობდი: აკადემიის მეორე სტუდენტი ვიყავი, ეს ერთი შესამოსელი მქონდა და როგორ უნდა წავსულიყავი ამ ზეთიანი ტანსაცმლით, მაგრამ სახლში რომ მივედი და იგი მშრალი ტიოთი გავწმინდე, იმდენად კარგად გაიწმინდა, რომ ზეთის არავითარი კვალი აღარ ეტყობოდა და სასულიერო აკადემიაც ამ შესამოსლით დავამთავრე. ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში და ვმადლობ უფალმს მისი დიდი წყალობისათვის.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, - წმინდა ზიარების მიღებას. უფალმა ძალა და მადლი მოგცეთ! მადლი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, ის მადლი, რომელიც მიანიჭნებს ადამიანს რწმენას და განამტკიცებს მას; ის მადლი, რომელიც ანიჭებს კაცს სიყვარულსა და სიხარულს; ის მადლი, რომელიც ანიჭებს სასოებას და იმედს, ღმერთმა არ მოგიშალოთ რწმენა, სიყვარული და სასოება, ამინ!
კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ზიარების მიღებას; ინებოს უფალმა, რომ საკურნებელი იყოს სულისა და ხორცისა.
დღეს აგრეთვე მეტად მნიშვნელოვანი დღეა: ახლა ეკურთხევა 510 ოდიკი. ოდიკი ტრაპეზზე დევს, მის გარეშე ვერ შესრულდება წირვა. წირვა სრულდება მხოლოდ ოდიკზე. ოდიკზე გამოსახულია ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა და მოციქულები დასტირიან უფალს. პირველ საუკუნეებში იყო ასეთი წესი: როცა აწამებდნენ ადამიანს, მის სხეულზე სრულდებოდა წმინდა ლიტურგია და აი, ამ ოდიკში კურთხევის დროს იდება წმინდა მოწამის ნაწილი. დღეს ჩვენ 510 ოდიკს ვაკურთხებთ. ეს იმას ნიშნავს, რმო 510 ახალი ტაძარი უნდა გაიხსნას საქართველოში. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის ლოცვა-კურთხევა და ამიტომ ყოველი თქვენგანი უნდა მონაწილეობდეს ამ ლოცვებში.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №12, 2007 წ.