„როდესაც ადამიანს უკვე აღარ
შეგწევს ძალა, რომ მიხვიდე უფალთან,
უნდა შესთხოვო: „მოდი ჩემთან, უფალო!“ და იგი აუცილებლად მოვა“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ტაძრად მიყვანებას. ეს დღე ჩვენ კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, თუ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მორწმუნეს ტაძართან.
სახარებიდან ვიცით, რომ იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ და ცრემლითა და გულმხურვალე ლოცვით ევედრებოდნენ უფალს მათთვის შვილის ჩუქებას. მათ აღუთქვეს უფალს, რომ ბავშვს ტაძარს შესწირავდნენ. ღმერთმა ისმინა მათი ვედრება და იშვა ქალწული მარიამი, რომელიც მშობლებმა დაპირებისამებრ, სამი წლის ასაკში ტაძრის მსახურად განაწესეს. და სწორედ ტაძარმა ჰყო ის სასწაული, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმმობელი გახდა უზესთაესი, უპატიოსნესი და აღმატებული ყოველ ზეციურთ ძალთა, თვით ქერუბიმთა და სერაბიმთაზეც, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმმობელი დედა ღვთის მადლითა და ღვთის ძალით შეიქმნა დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ამ დღესასწაულზე განსაკუთრებით გვმართებს ფიქრი იმის შესახებ, თუ რა არის ჩვენთვის ტაძარი და როგორ უნდა შევდიოდეთ სალოცავში? ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის ჩვეულებრივი შენობა. როცა ადამიანი სალოცავში შედის, აუცილებლად უნდა თქვას ლოცვა: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანის ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსა შიშითა შენითა... ამასთან, მორწმუნეს აუცილებლად მართებს მოკრძალება და შიში ღვთისა, რადგან ტაძარი, როგორც წმინდა მამები ამბობენ, არის სახლი უფლისა, კარიბჭე სასუფეველისა!
ჩვენი შვილები ტაძარში უნდა იზრდებოდნენ და ისინი ლოცვასთან ერთად აქ უნდა ღებულობდნენ არა მარტო ცოდნას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, აღზრდას. სამწუხაროდ, არსებული სასწავლებლები ბავშვებს და ახალგაზრდებს, ძირითადად, ცოდნას აძლევენ, მაგრამ აღზრდაზე ყურადღება არ მახვილდება. სადღა უნდა მიიღოს ბავშვმა? ჩვენი რეალობა დღეს ისეთია, რომ ბავშვები „აღზრდას“ ქუჩაში იღებენ. ქუჩაში კი ბავშვი კარგს ვერაფერს ისწავლის (ძალიან გვაწუხებს, რომ 500-ზე მეტი უპატრონო ბავშვი დღეს ქუჩაში აღამებს და ათენებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი ჩვენთან ტაძარში მოვიყვანოთ და გზაზე დავაყენოთ). არაერთხელ გვითქვამს, რომ მომავალი თაობის აღზრდას ერთობლივად უნდა აღასრულებდეს სამი რგოლი: ოჯახი, სკოლა და ეკლესია. უნდა შევადგინოთ ისეთი გეგმა, რომ შევძლოთ ბავშვების სწორი მიმართულებით განვითარება. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მათშია მომავალი ჩვენი ერისა, ჩვენი ქვეყნისა.
დღეს ყოველი ადამიანი რაღაც განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე დგას. ჩვენ მძიმე გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. საით მიდის თითოეული ჩვენგანის გზა? საით მიდის გზა ჩვენი ერისა, ჩვენი ქვეყნისა? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს გზა იყოს ჭეშმარიტი, ეს გზა იყოს წმინდა? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავინახოთ გზა, რომელსაც უნდა დავადგეთ? უპირველეს ყოვლისა, ყური უნდა დავუგდოთ უფლის სიტყვებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“, მერე შევიგრძნოთ და გავიაზროთ ეს სიტყვები.
სამწუხაროდ, უფრო ხშირად უფლის გზით არ მივდივართ, არამედ ვირჩევთ ფართო გზას, სადაც არის მრავალი ცოდვა და მრავალი განსაცდელი. ამიტომაა, რომ ადამიანი ხშირად ეცემა, სულიერად ვერ ცხოვრობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცემული უნდა დარჩეს, - მან უნდა მოიკრიბოს ძალა და აუცილებლად უნდა წამოდგეს. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ღვთის შეწევნით შესაძლებელი. როდესაც ადამიანს უკვე აღარ შეგწევს ძალა, რომ მიხვიდე უფალთან, უნდა შესთხოვო: „მოდი ჩემთან, უფალო!“ და იგი აუცილებლად მოვა.
ღმერთმა ინებოს, რომ ეს განსაცდელი ღვთის წყალობით დაიძლიოს. ეს გამოცდა ჩვენმა ერმა ღირსეულად უნდა ჩააბაროს. ჩვენ უნდა დავრჩეთ ქრისტეს სავანედ! ეს განსაცდელი არის კარიბჭე სასუფეველისა“ ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.
მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი სასულიერო პირები, ჩვენი მონაზვნები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მონასტრები საუკუნეების მანძილზე იყო არა მარტო სულიერების და მოღვაწეობის სავანე, არამედ ყოველი მონასტერი იყო ასევე მეცნიერების კერა. ბერები მუშაობდნენ წიგნებზე, ხელნაწერებზე.
მინდა, რომ ის ძველი ჩვენი მამების ტრადიციები კვლავ აღვადგინოთ. ამიტომ, დღეს, ამ განსაკუთრებულ დღეს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებანი:
ბეთანიის ყოვლადნმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი იაკობი (ბაძელაძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დადგენილია მონასტრის წინამძღვრად;
მამკოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი სვიმონი (სოხაძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დადგენილია მონასტრის წინამძღვრად;
წმინდა იოანე ზედაზნელის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი გაბრიელი (ოტიაშვილი) აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დადგენილია მონასტრის წინამძღვრად;
ბეთანიის ყოვლადნმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით.
ვულოცავ მამებს დაჯილდოებას და იმედი მაქვს, რომ ისინი ღირსეულად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, რაც ხელს შეუწყობს მონასტრებში სამეცნიერო კერების აღორძინებას.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს! ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №38, 2007 წ.