„ის ძალა, რომელიც საუკუნეთა
მანძილზე ქართველ ერს ანიჭებდა სიმხნევესა და
იმედს უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
თქვენო უნეტარესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო ქრისტეფორე, მიტროპოლიტო ჩეხეთისა და სლოვაკიისა, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო!
დღეს არის ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკელსიისთვის განსაკუთრებული დღესასწაული. ამ დღეს ზეიმობს არა მარტო ეკლესია, არამედ სრულიად საქართველო. წმინდა ძლევაშემოსილი დიდმოწამე გიროგის ხსენების დღე ჩვენი ქვეყნის დიდი ეროვნული ზეიმია. ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ამ დღესასწაულს ესწრება მიტროპოლიტი ჩეხეთისა და სლოვაკეთისა, უნეტარესი ქრისტეფორე.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩეხეთისა და სლოვაკეთის შედარებით ახალგაზრდა ეკლესია უკვე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. მე კარგად ვიცნობდი უნეტარესი ქრისტეფორეს წინამორბედ მიტროპოლიტებს: მათ უნეტარესობებს - იოანეს, დოროთეს, ნიკოლოზს. (უნეტარეს ნიკოლოზთან ერთად კი მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი).
მეტად მოხარულნი ვართ, რომ დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური და საშუალება გვაქვს, მივესალმოთ მას საქართველოს უძველესი ეკლესიის სახელით.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიასა და მათ სულიერ ლიდერებს. სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში სულიერი და ეროვნული ფასეულობანი ხშირად კნინდება და იკარგება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული, კულტურული თუ სულიერი ფასეულობანი.
ჩვენთვის კარგად ცნობილია, თუ რამდენად მდიდარი კულტურა აქვს ჩეხეთსა და სლოვაკეთს. არაერთხელ ვყოფილვარ პრაღაში და მინახავს ის მაღალი კულტურის ნიმუშები, რომლითაც ამაყობს ჩეხი ერი. ეს ფასეულობანი არ უნდა დაიკარგოს.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და მას აქვს უძველესი ეკლესია. ევროპამ და, ზოგადად, მსოფლიომ ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს ჩვენგანაც.
თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ის ძალა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ქართველ ერს ანიჭებდა სიმხნევესა და იმედს, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება. სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია იყო ის ძალა, რომელმაც იხსნა საქართველო, შეინარჩუნა ჩვენი ეროვნულობა, ჩვენი ენა და კულტურა. ქართველი ერი მუდამ იცავდა და დღესაც იცავს თავის ეროვნულ ფასეულობებს და მომავალშიც დაიცავს და შეინარჩუნებს მას.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენო უნეტარესობავ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ, თანმხლებ პირებთან ერთად, ბრძანდებით საქართველოში და დღეს ჩვენთან ერთად აღვავლინეთ ლოცვა ამ დიდებულ დღესასწაულზე. ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, გვსურს, გადმოგცეთ საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი. წმიდნა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა და დაე, მუდამ სულიერად გამარჯვებული იყოთ. მინდა გისახსოვროთ ასევე პანაღია, რომელიც ჩვენს ერთობლივ წირვას გაგახსენებთ.
დღევანდელი დღესასწაული ღირსშესანიშნავია იმითაც, რომ შეიქმნა წმინდა გიორგის უნიკალური ხატი, რომლის კურთხევაც ახლა აღესრულება. ეს არის უნიკალური მინანქარი, რომელიც მოჭედილია მოოქროვილი ვერცხლით.
დღეს ჩვენ ვაკურთხებთ ამ დიდებულ ხატს და ვლოცავთ იმ ადამიანებს, რომელთაც შექმნეს იგი და ასევე მათ, ვინც გაიღეს შეწირულობა ამ ხატის დასამზადებლად.
ეს უნიკალური ხატი წმინდა გიორგისა არის დიდი იშვიათობა და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში არ მოიპოვება მისი მსგავსი. მეტად მოხარულნი ვართ, რომ ეს ხატი შემოწირულია ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრისთვის.
და აი, ასეთ ბედნიერ დღეს მე მინდა დავლოცო და ვაკურთხო ახალი ჩოხოსნები. ჩოხოსნობა - ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩოხოსანი რწმენის, ზნეობის, განათლებისა და ინტელექტუალური სიმაღლის მაგალითი უნდა იყოს. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს ჩოხოსნები, მათი ახალი წევრები და მათი ოჯახები.
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტე აღდგა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №15, 2007 წ.