„ხშირად ვისმენთ ან ვკითხულობთ
პრესაში, თუ რამდენად განსხვავებულია ჩვენი ხალხის აზროვნება,
მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენს უკან ჩვენი
მამა-პაპათა
ძვლები და საფლავებია; გვავიწყდება, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს,
ღვთისგან ბოძებულ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას!“
სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ფსალმუნში ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. ეს არის ის სანატრელი მდგომარეობა, რომელზეც ფიქრობდა და ფიქრობს ქართველი ადამიანი. როდესაც ჩვენ ძალის შესახებ ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ძალას ვგულისხმობთ, - მადლს სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მადლი სულისა წმინდისა გვაახლოებს უფალთან და უფალს აახლოებს ჩვენთან. ეს მადლი ადამიანს აქცევს ტაძრად სულისა წმინდისა. გარდა ამისა, დავით მეფსალმუნის ამ სიტყვებში ასევე იგულისხმება: ფიზიკური ძალაც და მასთან ერთად მშვიდობაც - შინაგანი სიმშვიდე, მშვიდობა ადამიანის გულსა და გონებაში, და ასევე იგულისხმება მშვიდობა ადამიანის გარშემო, მშვიდობა ქვეყანასა ზედა.
როდესაც ძალასა და მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთიც და მეორეც, რა თქმა უნდა, ღვთისგანაა ბოძებული; მაგრამ უფალი ამ მადლს ერს იმ შემთხვევაში უბოძებს, თუკი იგი ამას იმსახურებს. დაუკვირდით, რას ამბობს დავით მეფსალმუნე: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს“, - ე.ი. ერი ღვთისა უნდა იყოს, ღვთის გზით უნდა დადიოდეს, ღვთის მცნებებს უნდა ასრულებდეს და მხოლოდ მაშინ მისცემს უფალი მას ძალასა და მშვიდობას.
მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ საკითხს, რომლის შესახებ ყოველი ჩვენგანი ბევრს ფიქრობს. ეს თემაა - ადამიანი და საზოგადოება, ადამიანი და სამშობლო, ადამიანის როლი სამშობლოში, რა უნდა აკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს სამშობლოს კეთილდღეობის საქმეში. ხშირად ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანის როლს საზოგადოების ცხოვრებაში. ადამიანს ბევრის გაკეთება შეუძლია. თქვენ გახსოვთ, ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ასეთი სიტყვებით მიმართა ამერიკელ ხალხს: „ნუ ფიქრობთ იმაზე, თუ რა უნდა გაგიკეთოთ თქვენ ამერიკამ, - იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეგიძლიათ თქვენ, გაუკეთოთ ამერიკას“. აი, ეს უნდა გვახსოვდეს და სწორედ ამაზე უნდა ფიქრობდეს ყოველი ჩვენგანი; უნდა ვიფიქროთ: რა უნდა ვაკეთოთ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, რა უნდა ვაკეთოთ სულიერი და მატერიალური წინსვლისათვის.
ყოველ ადამიანს გააჩნია განსხვავებული აზროვნება, განსხვავებული ფიქრები, განსხვავებული სურვილები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვაკეთოთ სიკეთე სამშობლოსათვის. ხშირად ვისმენთ ან ვკითხულობთ პრესაში, თუ რამდენად განსხვავებულია ჩვენი ხალხის აზროვნება, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენს უკან ჩვენი მამა-პაპათა ძვლები და საფლავებია; გვავიწყდება, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს, ღვთისგან ბოძებულ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას! დღეს მსჯელობა მიდის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, ვისი მეგობარი უნდა გახდეს ან ვისთან უნდა იყოს დაახლოებული. ამასთან, ძალიან ხშირად სხვა ქვეყნები გვკარნახობენ, თუ რა უნდა ვაკეთოთ. ზოგი გვეუბნება, რომ საქართველო უნდა იყოს საპრეზიდენტო ქვეყანა, ზოგი ამბობს - არა, სჯობს საქართველო საპარლამენტო ქვეყანა გახდესო და ა.შ. ეს სხვების გადასაწყვეტი არ არის, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ეს არის ქართველი ერის და საქართვეოში მცხოვრები ხალხის გადასაწყვეტი.
თქვენ გახსოვთ, 1801 წელს შეწყდა ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საქართველოში და აქედან მოყოლებული ქართველი ხალხის ოცნება იყო, აღედგინა ეს უძველესი ღვთივკურთხეული დინასტია. დღეს ჩვენ ქვეყანაში ზოგიერთი გამოთქვამს ასეთ აზრს, რომ საქართველოში უნდა დამყარდეს კონსტიტუციური მონარქია. განგიმარტავთ, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა; და შეიძლება მომავალში ქართველმა ხალხმა ამის შესახებაც იფიქროს.
როდესაც კონსტიტუციურ მონარქიაზე ვსაუბრობთ, - მსგავსი ქვეყნების მაგალითებზე ვხედავთ, რომ მათ სტაბილური სახელმწიფოები აქვთ. მაგალითისთვის, გავიხსენოთ, თუნდაც, დიდი ბრიტანეთი ან ესპანეთი. კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, თუკი ქვეყანაში კრიტიკული ვითარება შეიქმნა, მეფე ძალაუფლებას თავის ხელში იღებს და ქვეყანაში მშვიდობას ამყარებს. როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ესპანეთში, როცა პარლამენტში შეთქმულება მოხდა, - მეფემ ისარგებლა თავისი ძალაუფლებით და ქვეყანა დაამშვიდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ წყობაზე საუბარი არ არის მარტივი საქმე. ქართველი ხალხი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს წყობა მიიღოს; შესაბამისად, ბაგრატიონთაგან უნდა იყოს გამორჩეული სამეფო კანდიდატი. შეიძლება, იგი საგანგებოდაც აღვზარდოთ. ასე იყო უწინ, ბავშვობიდან იზრდებოდა და ტახტისთვის საგანგებოდ მზადდებოდა ის ადამიანი, რომელიც შემდეგ მეფედ უნდა კურთხეულიყო. ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ისეთი პიროებები შეიქმნა, როცა ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდეს. შევთხოვთ უფალს, ყველაფერში იყოს ნება ღვთისა! ინებოს უფალმა, რომ საქართველო გაძლიერდეს, საქართველო დამშვიდდეს, საქართველო გამთლიანდეს და თუკი ეს ასეთი გზით მოხდება, ჩვენ მადლობას შევწირავთ უფალს.
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ საქართველო დიდი მადლითაა მოცული. ქართველი ადამიანი და ის ხალხი, ვინც საქართველოში ცხოვრობს ნაზიარებია ამ მადლს, - იქნება ის ქართველი, აფხაზი, ოსი, ბერძენი, რუსი, თუ რომელიმე სხვა ეროვნების წარმომადგენელი, იმიტომ რომ წყალობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა დიდია საქართველოსა ზედა.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, - ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ სამშობლოსათვის. ყოველი ადამიანი ამქვეყნად მოსულია თავისი მისიით, ყოველ ადამიანს ღვთისაგან აქვს ბოძებული თავისი ჯვარი და ეს ჯვარი ადამიანმა ბოლომდე უნდა მიიტანოს.
შევთხოვ უფალს, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, ერთსულოვნება და ღმერთმა ინებოს, თუ ეს იქნება ნება ღვთისა, აღდგეს საქართველოში კონსტიტუციური მონარქია. იყოს ნება ღვთისა! ბევრია დამოკიდებული თვითონ ჩვენზეც, ბევრია დამოკიდებუელი ხალხზე. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთს უნდა გავუგოთ, ერთმანეთისა უნდა გვწამდეს, ერთმანეთისთვის სიკეთე უნდა ვაკეთოთ და ეს სიკეთე ჩვენვე დაგვიბრუნდება. უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. ამიტომ ღვთის ნება იყოს საქართველოზე!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო!
შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას არის სვეტიცხოვლობის დღესასწაული. საქართველოში სტუმრად ჩამობრძანდებიან მსოფლიო პატრიარქი და ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია. შაბათს საღამოს საზეიმო ლოცვა შესრულდება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ხოლო კვირას სადღესასწაულო წირვა აღევლინება სვეტიცხოველში.
დღეს აქ წირვაზე ბრძანდება ქართველი მოძღვარი, მამა ალექსანდრე თანდილაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში მოღვაწეობს. ჩვენ ვიცით, რომ იგი ძალიან ბევრს აკეთებს ამერიკაში მცხოვრები ქართველებისათვის. ვითვალისწინებ მის მოღვაწეობას და დღეს დეკანოზი ალექსანდრე თანდილაშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №31, 2007 წ.