უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის
სახელობის ტაძარი, 10 ივნისი, 2007 წელი

„ჩვენი დღევანდელი საზრუნავი და საფიქრალია ის, თუ როგორ
უნდა იცხოვროს და რით უნდა იარსებოს ხალხმა მთიან აჭარაში“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ჩამოვედით ამ კურთხეულ მიწაზე და დავდივართ წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის ნაკვალევზე. ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ადგილზე, სადაც ერთ-ერთი პირველი სანთელი აინთო, სადაც პირველი კანდელი დაინთო და გაჟღერდა სახარება. ეს არის წმინდათა წმინდა ადგილი საქართველოსი და დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენ აქ მოსვლის ღირსი გაგვხადა.

ჩემთვის ეს განსაკუთრებულად სასიხარულოა. თქვენ იცით, რომ სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მე 7 წელი ვიყავი შემოქმედელი ეპისკოპოსი და ბათუმში ვიმყოფებოდი და სულ მოვლილი მაქვს ეს მხარე. ეს მაშინ ძნელი იყო, რადგან წმინდა ადგილების მოლოცვა იკრძალებოდა, თუმცა ჩვენ მაინც ვახერხებდით.

ახლა ჩვენ ვიმყოფებით ამ უძველეს წმინდა ტაძარში, რომელიც დაარსებულია თამარ მეფის დროს. სწორედ აქედან მოეფინა ნათელი ქრისტესი მთელ საქართველოს.

როდესაც ჩვენ საქართველოს გაქრისტიანებაზე, საქართველოს მოქცევაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, იმდროინდელი მდგომარეობა. იმდროინდელი საქართველო იყო წარმარტებული ქვეყანა, და როცა გადაწყდა, რომ ანდრია პირველწოდებული უნდა წამოსულიყო ამ გზით და მას უნდა ექადაგა ჩვენს ქვეყანაში, - ეს იყო დიდი მნიშვნელობის მქონდე მოვლენა. ასევე მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ისტორიაში IV საუკუნეს, როდესაც კონსტანტინე დიდმა საქართველოში გამოგზავნა 2 სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

საქართველო ქრისტიანობის მიღებით ეზიარა რომის იმპერიის კულტურას, შემდეგ ბიზანტიის კულტურას და ამით საქართვეო ეზიარა მსოფლიო კულტურას. ეს თავისთავად იყო უდიდესი მოვლენა. ეს არ იყო მხოლოდ რელიგიური აქტი, ეს იყო დიდი სულიერი, დიდი პოლიტიკური, დიდი ეროვნული აქტი და ჩვენ ამ ფაქტს დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.

გაქრისტიანების შემდეგ მთელმა მსოფლიომ შეიტყო, თუ სად იყო საქართველო და ვინ იყვნენ ქართველები. საქართველომ კი გაითავისა მსოფლიო კულტურა. იმდროინდელი ცივილიზაციის მიღწევები და ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, აქ დაიწყო. ამიტომ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ ამ კუთხეს და აქ მცხოვრებთ.

თუმცა, ისტორიული ავბედითობით დადგა ისეთი დროც, როცა იძულებით უარი ათქმევინეს ქართველ ადამიანს რწმენაზე და მუსულმანობა მიაღებინეს; - მაგრამ ნათქვამია „წყალი მიდგებ-მოდგება, თავის სადგომში ჩადგებაო“. აქაური ადამიანები, აქ მცხოვრებნი, თანდათან უბრუნდებიან თავის პირველ სარწმუნოებას - ქრისტიანობას და ამით ამოწმებენ, რომ ისინი არიან პირველი ქრისტიანები საქართველოში.

თქვენ გახსოვთ, ზოგიერთები ამბობდნენ, ჩვენ უნდა მოვაქციოთ აჭარაო. მაშინ მე მათ ვუთხარი: „ჩვენ კი არ უნდა მოვაქციოთ აჭარა, აჭარამ უნდა მოაქციოს მთელი საქართველო“. და მართლაც, ეს ასეც ხდება და მე ვმადლობ უფალს, რომ ეს პროცესი, ეს ღვთის ლოცვა-კურთხევა სრულდება.

მაგრამ ჩვენ დღეს სხვა საზრუნავი და საფიქრალიც გვაქვს, კერძოდ ის, თუ როგორ იცხოვროს და რით იარსებოს ხალხმა მთიან აჭარაში. ამ მხარეში გაჭირვებაა. აქ არ არის საძოვრები, არ არის სათიბები; სახნავ-სათესი მიწებიც ძალიან მცირეა და ამიტომ ხალხს უჭირს.

რა შეიძლება განვითარდეს საქართველოს ამ კუთხეში? მე ბევრს ვფიქრობ ამის შესახებ. და მივედი იმ დასკვნამდე, რმო აქ შეიძლება ისეთი დარგები განვითარდეს, რომელიც დააკავებს ამ ხალხს თავის მშობლიურ მთაში და თან კარგად აცხოვრებს.

ჩემი აზრით, უპიველეს ყოვლისა, აქ შეიძლება თევზსაშენი გაშენდეს, რომელიც ზღვის პროდუქტებით მთელ საქართველოს მოამარაგებს და ეს იქნება ძალიან დიდი შემოსავალი ამ კუთხის მცხორებთათვის. ამის გარდა ეს შესანიშნავი სათხე ადგილია, კარგია თხების მოსაშენებლად. თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ, ეს იქნება ძალიან შემოსავლიანი დარგი ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის. და მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აქ უკვე ხალხს მოუშენებია თხა და მათ შორის არის კარგი მეწველი თხებიც, არის სხვა ჯიშებიც. და თუ ამ ადამიანების მაგალითს სხვა ოჯახებიც მიბაძავენ, ამ საქმიანობით მათ დიდი შემოსავალი ექნებათ.

მაგრამ ახლა მინდა სხვა რამ შემოგთავაზოთ, ახალ დარგზე გესაუბროთ (აქ ბრძანდებოდა ბატონი ლევანი და მე მინდოდა, რომ მასაც მოესმინა ეს).

თქვენ იცით, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არის ერთი სოფელი, ეწოდება კუქაჩი (ეს ლეკების სოფელია), სადაც რამდენიმე საუკუნეა ვერცხლის უნიკალურ ნაწარმს აკეთებენ, მაგალითად, ხანჯლებს და სხვ. და ეს ხელობა იმითაც არის კარგი, რომ მუშაობა ოჯახებში შეიძლება. იქ სწორედ ოჯახებში ამუშავებენ მასალას. ახლა ჩვენ ხანჯლები არ გვჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება გაკეთდეს ვერცხლის ნაკეთობანი, მაგალითად, ჭიქები ქართული ორნამენტით, ქართული წარწერითა და ლოცვით, რაც გავა მსოფლიოს ბაზარზეც. შეიძლება ასევე გაკეთდეს ვერცხლის ან ოქროს მშვენიერი სამაჯურები. ჩვენ უკვე ვცადეთ სამაჯურების გაკეთება, დალოცვის წარწერით და გასაყიდად დავდეთ თბილისის სამების საკათედრო ტაძარში. მინდა გითხრათ, რომ მათდამი დიდი ინტერესი გაჩნდა. ამ სამაჯურებს აწერია: „ღმერთმა დაგლოცოთ“.

ამ იდეის ხორცშესასხმელად შეიძლება ერთი დიდი შენობა გამოყოს ხელისუფლებამ და ჩვენ იქ დავაარსოთ სასწავლებელი, სადაც ახალგაზრდები ვერცხლზე მუშაობას დაეუფლებიან. და ეს სასწავლებელი ისეთი უნდა იყოს, რომ სხვა სოფლებიდანაც მიიღოს ახალგაზრდები. ამიტომ, სასწავლებელს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი კორპუსიც. აქ ისწავლიან როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. და აქვე იცხოვრებენ სწავლის პერიოდში. რა თქმა უნდა, ცალკე შენობებში იქნებიან ვაჟები და ცალკე გოგონები. მე მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ საოცარ შედეგს. ნებისმიერი ადამიანი დაინტერესდება, რომ თავისი პირადი ვერცხლის ჭიქა იქონიოს ან მოხდენილი სამაჯური, რომელზეც ეწერება - „ღმერთმა დაგლოცოთ“, ან სხვა რაიმე ლოცვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ისაა, რომ ეს ისეთი საქმიანობა იქნება, რომლის გაკეთება სახლებშიც შეიძლება. ეს საქმე ოჯახებში შევა, ოჯახის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობასა და აღარ დაიცლება მთიანი აჭარა ხალხისაგან. ჩვენ ამ ხალხს აქ შევინარჩუნებთ და ისინი ბედნიერად იქნებიან.

ქართველი ადამიანი მაღალი გემოვნებისაა, ამიტომ, ვფიქრობ, ნაკეთობებიც დახვეწილი იქნება. და ჩვენ საოცარ შედეგებს მივიღებთ. ვფიქრობ, რომ საწყის ეტაპზე არ არის საჭირო მრავალსახეობა. თავიდან ლამაზი ვერცხლის ჭიქებითა და სამაჯურებით დავიწყოთ, მერე, თანდათან, ამას სხვა ნაკეთობებიც დაემატება და მე ვფიქრობ, რომ მეუფე სპირიდონი დიდი ყურადღებას მიაქცეს ამ საქმეს. მაგრამ თქვენ, აქ მცხოვრებლებმაც, უნდა მოინდომოთ.

ამ საქმის კარგი დაწყებისათვის და განვითარებისთვის საქართველოს საპატრიარქო სხალთის ეპარქიას 30 ათას დოლარს სწირავს. ასე რომ, ცარიელი სიტყვებით არ მოგმართავთ. და ეს თანხა, მე ვფიქრობ, საკმარისი იქნება პირველი ეტაპისთვის. იმედი მაქვს, ბატონი ლევანიც დიდ ყურადღებას გამოიჩენს და შენობასაც გადმოსცემს ამ საქმისთვის. ეს ყველაფერი ეკლესიას კი არა, ხალხს სჭირდება.

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მეუფესთან და მე მას ვუთხარი, რომ, რა თქმა უნდა, ეკლესიაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად, ხალხზე, რადგან, კარგად მოგეხსენებათ, ხალხს უჭირს. ეს საქმე კი მათ მისცემს ძალიან კარგ შემოსავალს. ამასთან, შეიძლება ეს ნაკეთობები გავიტანოთ - ევროპაში, ამერიკაში. მაგრამ ამისათვის ძალიან მაღალი დონის უნდა იყოს. ამ საქმიანობაზე მხატვრებიც იმუშავებენ. აი, როგორც ტიხრული მინანქარი განვითარდა დღეს და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მოგეხსენებათ, რომ ტიხრული მინანქრის ნაკეთობებს დღეს ძალიან დიდი ფასი აქვს. ასე იქნება თქვენი საქმიანობაც, თუ მოინდომებთ. ეს იქნება ვერცხლი შავი სევადით და შეიქმნება უნიკალური ნაკეთობები.

ჩვენ აქ იმისათვის ჩამოვედით, რომ დაგლოცოთ და დაგმოძღვროთ. მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი მომავალს უიმედოდ უყურებს. უნდა გვახსოვდეს, რომ იმედის დაკარგვა ყველაზე ცუდია. უნდა ითქვას, რომ ჩიხი არ არსებობს, რომ ყველა მდგომარეობიდანაა გამოსავალი და იგი უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ. ერთი საქმე თუ არ გამოვა, მეორეს შეუდექით, თუ არც ეს გამოვა, - მესამეს... დაბოლოს, აუცილებლად გამოვა. ჩვენ სამშვიდობოს გავალთ და გამთლიანებული და განვითარებული ქვეყანა იქნება საქართველო.

ვფიქრობ, შევთანხმდით და თბილისში მეუფე სპირიდონი მიიღებს 30 ათას დოლარს. ჩვენ, ცხადია, გავაკონტროლებთ, რას მოხმარდება ეს თანხა. და მჯერა, რომ ეს მოგცემს ჩვენ რაღაც საოცარ შედეგებს.

ღმერთმა დაგლოცოთ.

მინდა გითხრათ, რომ აქ იმყოფება პირველი წინამძღვარი ამ მონასტრისა - მეუფე იობი, რომელიც, ამავე დროს, იყო მღვდელმთავარიც და მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ მონასტრისათვის. ღმერთმა დალოცოს იგი და ღმერთმა დალოცოს სხალთის მონასტერი. მართალია, ისინი ცოტა გარიყულად ცხოვრობენ, მაგრამ კარგი სულიერი ატმოსფერო სუფევს და ეტყობა, რომ იქ არის ლოცვა და დიდი მადლი.

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ თქვენ და სრულიად საქართველომ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 2007 წ.